ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდული $3,251,651,900 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 29.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2019 წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით კი 25.9%-იანი.
რაც შეეხება კონკრეტულად III კვარტალს, ამ პერიოდში ქვეყნის მიერ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.447 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ შემთხვევაში, 2022 წლის III კვარტალთან შედარებით ზრდამ 5.3%, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 28.4% შეადგინა.
აქვე, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 21%-ით გაიზარდა და 2.3 მილიონი მოგზაური შეადგინა. როგორც ირკვევა, აღნიშნული მატება ძირითადად ტურისტული ვიზიტების 15.4%-იანმა ზრდამ განაპირობა. ცნობისთვის, III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან (24.9% წილი ჯამურ ვიზიტებში), თურქეთიდან (21.7% წილი) და სომხეთიდან (14.7% წილი).
იანვარ-სექტემბერში საქართველომ სულ 4.8 მილიონ მოგზაურს უმასპინძლა, საიდანაც ტურისტულმა ვიზიტებმა 3.7 მილიონი, ერთდღიანმა ვიზიტებმა კი 1.2 მილიონი შეადგინა.