პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენება | რა იყო მიმართვაში მნიშვნელოვანი?

პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენება | რა იყო მიმართვაში მნიშვნელოვანი?

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 მარტს საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენება წარადგინა.

Forbes Georgia გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს პრეზიდენტის მიმართვიდან:

საქართველო იდგა და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით!

„რუსულ აგრესიასთან უკრაინელი ხალხის ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს. საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით!

ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ, იმას თუ რას განიცდის უკრაინელი ერი. უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ: რუსული იმპერიისგან გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობა, თავისი აჯანყებებით, რეპრესიებითა და ჰოლოდომორით, დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატისტული კონფლიქტები, კიდევ ომი და კიდევ ოკუპაცია.

მიუხედავად ამისა, ხელი ვერავინ და ვერაფერმა აგვაღებინა თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე. ზურგი ვერავინ და ვერაფერმა შეგვაქცევინა ჩვენ მიერ არჩეული ისტორიული ევროპული გზისთვის.“

კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ. საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს

„დღეს ყველასათვის გარდამტეხი მომენტია და, მათ შორის, საქართველოსთვის, რამეთუ დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც, შესაძლოა, ხვალ კიდევ უფრო მწვავე გახდეს. ამავდროულად, როგორც ეს სჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ. ახალი გზები იხსნება. ამ ახალ გზაზე საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს.

უნდა გვესმოდეს რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე. დრო აღარ ითმენს, თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობლებს მზადყოფნაში არ დავხვდებით – ეს დრო აღარ დაბრუნდება!“

საზოგადოება ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და ერთიანი

„საზოგადოება თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და, რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე?!

დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს ქვეყნის წინაშე. უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს.

ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით, ასევე გარეთ, დამაზიანებელია და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი. ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას.“

ხელისუფლება სცოდავს

„ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს – ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს.

ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა.

ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით?! სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები.“

ოპოზიცია სცოდავს

„ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას. თითქოს, ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც NATO-სთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომდა მთავრობამ და, მაშასადამე, ქვეყანამ შეცვალა პროდასავლური კურსი. ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას და მტრის საქმეს აკეთებს.

ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია.

ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამით ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა.“

საქართველოსა და უკრაინას შორის გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია

„ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში, ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი.“

პრეზიდენტი არცერთი პოლიტიკური ძალის კუთვნილება არაა

„დროა ყველამ გაიგოს, რომ პრეზიდენტი არც ერთი პოლიტიკური ძალის კუთვნილება არაა და არც მეორეს კუთვნილება გახდება. ის ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ინაუგურაციაზე დადებულ პირობას: „კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი“.

პრეზიდენტის ინსტიტუტს მხოლოდ პატივისცემა არ ჰყოფნის, მასთან თანამშრომლობა აუცილებელია, მითუმეტეს ამ ურთულეს პერიოდში.

სწორედ ამიტომ ორი კვირის წინ ხელი მოვაწერე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელსაც უკრაინის საკითხი უნდა განეხილა. ამიტომ მოვითხოვე უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში ჩატარება. ამიტომ მივმართე პარლამენტს, რათა ჩემი ევროპიდან დაბრუნებისთანავე, 5 მარტს დაენიშნა ჩემი გამოსვლა.

არცერთი ჩემი მოწოდება არ იქნა გაზიარებული, არ ჩანიშნულა არც რიგგარეშე სხდომა, არც გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო. და ბოლოს, წლიური გამოსვლისათვის მოთხოვნილი თარიღიც არ იქნა დაკმაყოფილებული.“

პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობა ხელისუფლების მიერ შეზღუდულია

„ამ დროს გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით, გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა.

მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ასეთ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს.

მე კი მგონია, რომ ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიისა და სტრატეგიულ საკითხებში და ამ პერიოდში შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი.“

არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური და ნამდვილი შანსი

„ჩემმა ევროპაში ვიზიტმა დამარწმუნა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური და ნამდვილი შანსი, რეალური მზადყოფნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

ამ მოცემულობაში კი აუცილებელი იყო და მაქსიმალურად ვეცადე პირადი შეხვედრებით თუ საერთაშორისო მედიაში გამოსვლებით გამემყარებინა საქართველოს კუთვნილი ადგილი ამ პროცესებში, რათა არ გაჩენილიყო იმის ცდუნება, რომ საქართველო ან დაევიწყებინათ, ან სხვა ჭრილში განეხილათ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა.“

გთავაზობთ ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო აპარატის და მინისტრის თანამდებობის შექმნის იდეას

„გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება.

მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი. და აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე.“

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! გაუმარჯოს საქართველოს!