პირველად მსოფლიოში, EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, თიბისიმ და Armswissbank-მა, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით, საერთაშორისო ტრანზაქციები განახორციელეს. აღნიშნული ტრანზაქციები, საკონდიტრო ნაწარმის ადგილობრივი წარმოების მიზნით, საქართველოდან სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტს უზრუნველყოფს.
ორივე ბანკი FCI-ის – ფაქტორინგის ინდუსტრიის გლობალური წარმომადგენლობითი ორგანოს წევრია.
„ფაქტორინგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნების ეკონომიკის წინსვლისთვის და ის რეგიონში სულ უფრო აქტუალური ხდება EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის დახმარებით. შედეგად, ბევრ ადგილობრივ ბანკს შევუწყეთ ხელი მცირე ბიზნესის განვითარებაში. მოხარული ვართ FCI-ის წევრებთან – თიბისისთან და Armswissbank-თან პარტნიორობით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო ფაქტორინგულ ტრანზაქციებს ვუჭერთ მხარს, რომლებიც FCI-ის საერთაშორისო ფაქტორინგის პლატფორმის საშუალებით განხორციელდა”, – ალექსანდრე საველიევი, EBRD-ის დირექტორი, სპეციალიზებული ფინანსური სერვისებისა და ვაჭრობის დაფინანსებისათვის.
„განხორციელებული ტრანზაქცია EBRD-ისთან და FCI-ისთან ჩვენი მრავალწლიანი და ნაყოფიერი პარტნიორობის კიდევ ერთი შედეგია. აღნიშნული პროექტი ჩვენთვის 2 მნიშვნელოვან მიმართულებას – ექსპორტის ხელშეწყობასა და რეგიონის მასშტაბით, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას აერთიანებს. გვსურს მადლიერება გამოვხატოთ სომეხი პარტნიორების მიმართ ნდობისა და თანამშრომლობისთვის. ფაქტორინგის მიმართულებით, როგორც ქვეყნის ბაზრის ლიდერი და ყველაზე მსხვილი კაპიტალის მქონე ბანკი, განვაგრძობთ ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას“, – თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის უფროსი.
„სომხეთში FCI-ის ერთადერთი წევრი – Armswissbank, ლიდერია ფაქტორინგის ადგილობრივ ბაზარზე. FCI-ისთან თანამშრომლობით საერთაშორისო ფაქტორინგის განვითარება, ჩვენი ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისი ბანკთან და EBRD-ისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ გავხდით პირველი ბანკი სომხეთში, რომელმაც შემოიტანა ახალი ფაქტორინგული გადაწყვეტა. მადლობას ვუხდით თიბისი ბანკს პარტნიორობისათვის. დარწმუნებული ვარ, ასეთი ინოვაციური მიდგომა სომხეთში საერთაშორისო ფაქტორინგის განვითარებას წაახალისებს“, – ანჟელა ბარსეგიანი, Armswissbank-ის კორპორაციული სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„ჩვენთვის პატივია ვიხილოთ FCI-ის ორი წევრის – Armswissbank-ის (წევრი 2008 წლიდან) და თიბისი ბანკის (წევრი 2016 წლიდან) წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ფაქტორინგის ეფექტური სტრუქტურის შემუშავების მიმართულებით. EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამისა და FCI-ის ორფაქტორიანი პლატფორმის – edifactoring.com დახმარებით რისკის შემცირებით, თიბისი ბანკს უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობა აქვს. ამ ინოვაციური სტრუქტურის გამოყენება FCI-ის სხვა წევრებსაც შეუძლიათ რეგიონში, რომელსაც EBRD ფარავს. ვულოცავთ ყველა მხარეს ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას“, – პიტერ მალროი, FCI-ის გენერალური მდივანი.