ტაილანდის მთავრობის შეფასებით, კრიპტოაქტივები საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემებს, რის გამოც ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) ტაილანდის მასშტაბით კრიპტოვალუტის საგადახდო საშუალებად გამოყენების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
მარეგულირებლის განმარტებით, პირველი აპრილიდან კომპანიებს, ბიზნესებს და სავაჭრო ბირჟებს აეკრძალებათ კრიპტოვალუტის საშუალებით საგადახდო სერვისების მიწოდება და მიღება, კანონის დარღვევის შემთხვევაში კი მათ ჯარიმა დაეკისრებათ.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება კრიპტოაქტივების ფლობაზე – ინვესტორებსა და ტრეიდერებს ისევ ექნებათ ბირჟებზე ციფრული აქტივებით ვაჭრობის უფლება. თუმცა საგულისხმოა, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი ინვესტორთათვის გარკვეული ლიმიტის დაწესების ინიციატივასაც განიხილავს.
ტაილანდელების ინტერესი ციფრული აქტივების მიმართ ყოველწლიურად იზრდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, გასულ წელს ტაილანდელების საკუთრებაში არსებული კრიპტოაქტივების საერთო მოცულობამ 3.4 მილიარდ აშშ დოლარს, საინვესტიციო და სავაჭრო ანგარიშების რაოდენობამ კი თითქმის 2 მილიონს მიაღწია.
კრიპტოვალუტის შეზღუდვის ფონზე, ტაილანდის მთავრობა საკუთარი ციფრული ვალუტის (CBDC) შექმნას ცდილობს, რომლის საცდელ ვერსიაზე მუშაობა ცენტრალურმა ბანკმა უკვე დაიწყო, თუმცა როდის იქნება ის მზად ფართო მოხმარებაში ჩაშვებისთვის ჯერჯერობით უცნობია.