ფოტო: Reuters
Nvidia-მ მსოფლიოს ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიის სტატუსი Apple-ს კვლავ ჩამოართვა. ჩიპების მწარმოებლის საბაზრო ღირებულებამ სამშაბათს $5.02 ტრილიონს მიაღწია, მაშინ როდესაც Apple-ის კაპიტალიზაცია $4.83 ტრილიონამდე შემცირდა. Apple-მა ლიდერობა პარასკევს მოიპოვა, თუმცა პოზიციის შენარჩუნება ვერ შეძლო.
სამშაბათს, აშშ-ის აღმოსავლეთის დროით 11:55 საათისთვის, Nvidia-ს აქციები დაახლოებით 3%-ით იყო გაძვირებული. ზრდა ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიების აქციების საერთო აღმავლობას დაემთხვა, რაც რამდენიმე სესიის განმავლობაში მიმდინარე ვარდნას მოჰყვა. ამავე პერიოდში Apple-ის აქციები დაახლოებით 2%-ით იყო გაუფასურებული.
4 ნოემბრის მდგომარეობით, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $4.99 ტრილიონს უტოლდება, Apple-ის კი – $4.84 ტრილიონს ოდნავ აჭარბებს.
Apple-ის აქციებზე ზეწოლა კომპანიის ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაძლიერდა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა მეოთხე კვარტალში შემოსავლების, ერთ აქციაზე მოგებისა და iPhone-ების გაყიდვების მიმართულებით ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა, ინვესტორების მოლოდინები მიმდინარე კვარტლისთვის წარმოდგენილმა შედარებით სუსტმა მთლიანი მოგების მარჟის პროგნოზმა გააუარესა.
Apple-ის პროგნოზით, მიმდინარე კვარტალში მთლიანი მოგების მარჟა 45%-46% იქნება, მაშინ როდესაც გასული კვარტალის მაჩვენებელი 47.9%-ს შეადგენდა. ამასთან ერთად, კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ტერნუსმა ინვესტორები მეხსიერების ჩიპების ფასების „უპრეცედენტო“ ზრდის შესახებ გააფრთხილა და აღნიშნა, რომ გაძვირების ტენდენცია, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება.
მეოთხე კვარტალში Apple-ის შემოსავალმა $114.5 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $113.4 მილიარდს აღემატება. ერთ აქციაზე მოგებამ $2.10 შეადგინა, პროგნოზირებული $1.99-ის ნაცვლად, ხოლო iPhone-ების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა $57.6 მილიარდს მიაღწია, რაც ასევე აღემატება უოლ-სტრიტის მოლოდინს, $56.6 მილიარდს.
Nvidia მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია 2025 წლის ივნისში გახდა, როდესაც ამ პოზიციაზე Microsoft-ი ჩაანაცვლა. გასული წლის ოქტომბერში ის პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ $5 ტრილიონს გადააჭარბა. მიმდინარე წლის დასაწყისში ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ კომპანია უახლოეს კვირებში $6-ტრილიონიან ნიშნულსაც მიაღწევდა, თუმცა ოქტომბერი ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების სექტორისთვის არასტაბილური აღმოჩნდა. მხოლოდ ამ თვეში Nvidia-მ საბაზრო ღირებულებიდან დაახლოებით $835 მილიარდი დაკარგა.
Nvidia-ს ზრდა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. 1993 წელს დაარსებული კომპანიის გრაფიკული პროცესორები თავდაპირველად ვიდეოთამაშებისთვის შეიქმნა, თუმცა დღეს ისინი ხელოვნური ინტელექტის მოდელების მუშაობისთვის აუცილებელ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. ტექნოლოგიური კომპანიების მიერ AI-ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ზრდამ Nvidia-ს შემოსავლების მკვეთრი მატება განაპირობა. 2023 ფისკალურ წელს კომპანიის შემოსავალი $27 მილიარდი იყო, 2026 ფისკალურ წელს კი $215.9 მილიარდს მიაღწია.
კომპანიის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი მონაცემთა ცენტრების ბიზნესს მიუძღვის. მეორე კვარტალში ამ მიმართულებიდან Nvidia-ს შემოსავალმა $89 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურად 117%-იანი ზრდაა და კომპანიის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 92%-ს შეადგენს.
მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის ბაზრის სწრაფ ზრდას Nvidia-სთვის რისკიც ახლავს. ინვესტორებს სულ უფრო მეტად აეჭვებთ, რომ ტექნოლოგიური კომპანიების მიერ AI-ინფრასტრუქტურაში დახარჯული ასობით მილიარდი დოლარი შესაბამის ფინანსურ უკუგებას უზრუნველყოფს. ინვესტიციების ეფექტიანობასთან დაკავშირებულმა კითხვებმა ტექნოლოგიური კომპანიების აქციების გაყიდვა გამოიწვია, რაც Nvidia-ს საბაზრო ღირებულებაზეც აისახა.
კომპანია, თავის მხრივ, აქციების გამოსყიდვის მასშტაბურ პროგრამასაც აფართოებს. სექტემბერში Nvidia-მ საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამას დამატებით $150 მილიარდი დაამატა. ამ მაჩვენებლით მან Apple-ის რეკორდსაც გადააჭარბა – 2024 წელს Apple-მა აქციების გამოსყიდვისთვის $110 მილიარდი გამოყო.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









