ფოტო: Andrew Harnik/Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატებს შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ შედეგებს აღიარებს. ამის შესახებ მან ოთხშაბათს დილით Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა. ამასთან, ტრამპმა რესპუბლიკელების მარცხზე პასუხისმგებლობა პარტიის კანდიდატებს დააკისრა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებს საკუთარ პოლიტიკურ მარცხად არ მიიჩნევს.
„კარგად იმუშავეს და იბრძოლეს“, – განაცხადა ტრამპმა დემოკრატებზე საუბრისას. მისი თქმით, რესპუბლიკელების კანდიდატებმა გამარჯვებისთვის საკმარისი ვერ გააკეთეს. „ამას ჩემს წინააღმდეგ დარტყმად არ აღვიქვამ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და იქვე დაამატა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ორი წელი „ისტორიაში საუკეთესო“ იყო.
ტრამპის განცხადება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ რესპუბლიკელები არჩევნებში გამანადგურებელი უპირატესობით გაიმარჯვებდნენ, თავადაც რომ ყოფილიყო ბიულეტენში. „მე ბიულეტენში არ ვყოფილვარ და რომ ვყოფილიყავი, გამანადგურებელი უპირატესობით გავიმარჯვებდით“, – დაწერა მან Truth Social-ზე.
პოსტი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც დემოკრატებმა მნიშვნელოვანი საარჩევნო გამარჯვებები მოიპოვეს, მათ შორის ჯორჯიის, ტეხასის, სამხრეთ კაროლინისა და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში.
არჩევნების მიმდინარეობისას ტრამპი Fox News-საც აკრიტიკებდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში მან ტელეკომპანიის ერთ-ერთ წამყვანს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა და განაცხადა, რომ არხი შუალედური არჩევნების წინ დემოკრატებს „ზედმეტ“ საეთერო დროს უთმობდა.
მას შემდეგ, რაც Associated Press-მა სენატში დემოკრატების გამარჯვება გამოაცხადა, ტრამპმა დაწერა, რომ პოლიტიკურ კომენტატორად აპირებდა მუშაობის დაწყებას და ისაუბრებდა როგორც იმ კანდიდატებზე, რომლებმაც გაიმარჯვეს, ისე მათზე, ვინც დამარცხდა. ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის მარცხი კი მან თავად გუბერნატორს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ებოტი „RINO“ გახდა. ეს აბრევიატურა (Republican in Name Only/ „მხოლოდ სახელით რესპუბლიკელი“) რესპუბლიკელებს აღნიშნავს, რომლებსაც პარტიის ზოგიერთი მხარდამჭერი არასაკმარისად ლოიალურად მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ ტრამპი წარსულში არაერთხელ აყენებდა ეჭვქვეშ აშშ-ის არჩევნების სამართლიანობას. ოქტომბერში მან განაცხადა, რომ შუალედური არჩევნების შედეგებს იმ შემთხვევაში აღიარებდა, თუ არჩევნები „პატიოსნად“ ჩატარდებოდა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









