1897 წლის „ერთ მშვენიერ დღეს“, ქალაქის ერთ-ერთი საპოლიციო უბნის ბოქაულს ჯიბგირების 12-კაციანი ჯგუფი შეუპყრია, რომელთა შორის 12-13 წლის ბავშვები ყოფილან. როგორც გამოძიებას დაუდგენია, „სხვისის ჯიბეების ოსტატები მცირე-წლოვან ბავშვებს იზიდავენ თავიანთ წრეში და ნელ-ნელა აჩვევენ ამ ხელობას. ახალგაზრდა ჯიბგირებს სწვრთნიან ქალაქის სხვა-და-სხვა ნაწილში. პატარა ჯიბგირებს მათი უფროსი ამხანაგები ასწავლიან, თუ როგორ უნდა გაიქურდოს გულ-უბრყვილო ხალხი“.
ბავშვთა ექსპლუატაცია ძველ თბილისში ჩვეულებრივი ამბავი იყო და მცირეწლოვან, იაფ მუშა-ხელს არა მხოლოდ „სხვისი ჯიბეების ოსტატები“, არამედ საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ჩართული მოქალაქეებიც აქტიურად იყენებდნენ.
ამიტომაც ამბობდნენ, თუ სადმე ბავშვთა შრომას მფარველობა ესაჭიროება, ჩვენს ქალაქში შეიძლება ყველაზე მეტად ესაჭიროებოდესო – „ვისაც აქაურ ქარხნებში, დუქნებში, სტამბებში და სხვ. ბავშვების შრომისთვის თვალ-ყური უდევნებია, ის გაზვიადებულად არ მიიჩნევს ამ აზრს“.
გაზეთ „ივერიას“ არგუმენტად ერთ-ერთ ტფილისურ სარძევეში არსებული მძიმე ვითარებაც მოჰყავდა, რაც არც სხვა დაწესებულებებისთვის უნდა ყოფილიყო უცხო:
„სარძეოში, რომელიც სამ ოთახს შეიცავს და ხშირად გავსებულია ხალხით, მხოლოდ ორი, ხშირად-კი მარტო ერთი, 12-13-ოდე წლის ბავშვი ემსახურება ყველას დილის 6 საათიდგან მოკიდებული ნაშუაღამევის 1-2 საათამდე, ასე რომ მთელი დღე-და ღამის განმავლობაში 4-5 საათს გარდა, ეს ბავშვები თითქმის განუწყვეტლივ ციბრუტივით ტრიალებენ და მოქანცულ სახეზედ ჭირის ოფლი გასდით. მათი მდგომარეობა მით უფრო აუტანელია, რომ გამუდმებულ უაზრო ტრიალ-ბზრიალით გონება-დაფანტულნი მუშტრებს ხეირიანად ვეღარ ემსახურებიან და ამის გამო ეს უკანასკნელნი მრისხანე წყრომა-მუქარით საცოდავ ბალღებს ძალიან ხშირად გულს უხეთქავენ. სულ მთელ დღე-ღამეში ბავშვებს დასაძინებლად (რასაკვირველია მხოლოდ დასაძინებლად და არა სათამაშოდ!) მიცემული აქვთ 4-5 საათი და ასე ცოტა სძინავთ 12-13-ოდე წლის ბავშვებს, რომელთათვისაც სულ მცირე 9 საათის ძილია აუცილებლად საჭირო. ამასთან, მათთვის არ არსებობს დასვენება არც კვირა-უქმე დღეებში, პირ-იქით, ასეთ დღეებში მეტსაც მუშაობენ და ასე იტანჯებიან ყოველ დღე და ღამ არა მარტო ხსენებული ბავშვები, არამედ მრავალი სხვა მათსავით „უდანაშაულოდ დასჯილი“ პაწია არსებანი მრავალგან ჩვენს ქალაქში“.
ნუთუ საჭირო არ არის ყურადღება მიექცეს, ვისგანაც ჯერ არს, ასეთ საზიზღარ ექსპლუატაციასო, კითხულობდნენ თბილისელები, თუმცა ქალაქში აბა რა დალევდა სიღარიბით შეღონებულ და ლუკმაპურის ნატრულ ბავშვებს, ძირითადად მცირეწლოვან ბიჭებს, ზოგს რომ ოჯახისა და ხშირად პატარა და-ძმის რჩენაც აწვა კისერზე და რამდენიმე გროშის სანაცვლოდ ყველაფერზე წავიდოდნენ?! მით უმეტეს, მათ რიცხვს ლიხს იქითა საქართველოდან ჩამოსული ის მოზარდებიც ემატებოდნენ, ტფილისში არც ნათესავი და არც ნაცნობი რომ არ ეგულებოდათ, თუმცა უკეთესი ცხოვრების იმედით, შესაფერისი სამსახურის ძებნაში, ქალაქის ქუჩებში დაეხეტებოდნენ, ბოლოს კი, როცა უკიდურესად გაუჭირდებოდათ, პირველივე „აღა-ბატონს“ დაუდგებოდნენ მსახურად.
ასე და ამგვარად, ეს ბავშვები, ძირითადად, დამქირავებლის შევიწროებისა და ჩაგვრის მსხვერპლი ხდებოდნენ. ქალაქში ამბობდნენ, დღე ისე არ გაივლის, რომელიმე „ბატონმა“ სრულიად უმიზეზოდ არ გაისტუმროს მსახური, თანაც ისე, რომ ჯამაგირი არ დაუკავოსო. დამქირავებლები ხშირად სრულიად წარმოუდგენელი, ტყუილი მიზეზით აუტეხდნენ ჩხუბს, ათას რამეს დააბრალებდნენ და სახლიდან აგდებდნენ მსახურებს. ბავშვები კი, რომელთაც არც მფარველი ჰყავდათ და ვერც სასამართლოში იჩივლებდნენ, მძიმე შრომითა და დამცირებით მოპოვებულ ფულს კარგავდნენ.
აქვე ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობოდნენ მსახურად აყვანილ ბავშვებს ქალაქის ვაჭრები:
„სადგურ მცხეთაზედ გაჩერებულიყო ტანისამოს დაგლეჯილ-დაფლეთილი პატარა ბიჭი და კავკავებდა საცოდავად. ვკითხე, აქ რას აკეთებ, რატომ სახლში არ წახვალ მეთქი და აი რა მიამბო: მე ქალაქში ვიყავი მოსამსახურედ აკ-თან, რომელიც დაჰპირდა მამაჩემს, რომ შენს შვილს კარგად ჩავაცმევ და დავხურავ, წერა-კითხვას ვასწავლი და მერე ჯამაგირს დავუნიშნავო. ის კი არა, დღე ერთი იყო და ცემა-ტყეპა აუარებელი. გუშინ ჭურჭელი დამემტვრა რაღაც საუბედუროდ და ამან უფრო ძლიერ გააცეცხლა ჩემი ბატონიო. მომდგა, ჯერ კარგადა მცემა და მერე გამამაგდო, დაიკარგე და თვალით აღარ დამენახოვო. მეც მოვაგენ როგორც იყო რკინის გზას, ლიანდაგს გამოვყევ, ამოველ აქ მცხეთაში და ახლა არ ვიცი, რომლის გზით წავიდე დუშეთისკენაო“.
მეტიც, მცირეწლოვანი ბავშვები არა მხოლოდ საკუთარი ნებით ჩამოდიოდნენ ტფილისში ლუკმაპურის მოსაპოვებლად და „ქვეყნის სანახავად“, არამედ ხშირად ქალაქელი ვაჭრებისა და „აღების“ სიცრუისა და ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ.
ქალაქის ქუჩებში თურმე არცთუ იშვიათად შეხვდებოდით გამწარებულ მშობლებს, რომლებიც ტფილისში სამუშაოდ ჩამოსული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვებს დაეძებდნენ.
სავარაუდოა, რომ ამგვარ შემთხვევათა უმეტესობა მოზარდებისთვის ტრაგიკულად სრულდებოდა, რადგან მათი დიდი ნაწილი ძალადობის მსხვერპლი ხდებოდა, მაგალითად:
„1885 წელს იპოვნეს 12 წლის საჩხერელი ბიჭი, ილარიონ მაჭავარიანი, რომელიც მთელი ოთხი წელი დაკარგული იყო. თურმე ვიღაც ვაჭარმა წამოიყვანა რვა წლის ბავშვი ტფილისში მოჯამაგირედ. პატრონებს არა სცოდნიათ-რა.
ჯერ ძალიან ბევრი ეძებეს და, რაკი ვერა გაიგეს-რა ბავშვისა, ეგონათ მოგვიკვდაო. ბევრი იცეს თავში, გამოიტირეს და გამოიგლოვეს თავიანთ ილარიონი. ოთხი წლის შემდეგ ნუხში გადაკარგულმა და უპატრონო ილარიონმა თვალი მოჰკრა ერთს იმერელ კაცს, გაქანდა იმისკენ, ჩამოეკანჭურა ყელზედ და ცრემლიანი ევედრებოდა იმერელს – დამიხსენ ამ ჯოჯოხეთიდამ, სახლში წამიყვანეო. თურმე საძაგლად ეპყრობოდნენ საცოდავს ბავშვსა, აწვალებდენენ და აწამებდნენ იმ სიმხეცით, რისთვისაც ღმერთმა დაღუპა სოდომი და გომორი. იმერელი მაშინვე მიუვარდა იმ ვაჭარს სახლში. ვაჭარი არ ანებებდა – ჩემთვინ გამოვზარდე უპატრონო ბიჭი, რა გინდათ ჩემგანაო. მაგრამ იმერელს გაეძრო ხანჯალი და მხოლოდ ამ ღონის-ძიებით დაეხსნა საცოდავი მსხვერპლი გარყვნილებისა.
შარშან კიდევ ზურიაშვილის ბავშვი, ისიც შორაპნელი, ისიც დაკარგული, იპოვნეს განჯაში. მცირეწლოვანი გაეტყუილებინათ ტფილისიდამ. მშობელთ ისიც გამოეგლოვნათ. შემთხვევით მისდგომოდნენ მის კვალს. ისიც ილარიონივით ნაწვალები იყო თურმე, მშიერი, მწყურვალი, ტიტველი და გაჭირვებული“.
ცალკე ამბავი ყოფილა ჩვეულება, რაც, როგორც იმდროინდელი ქართული გაზეთები წერდნენ, რაჭველებისთვის ყოფილა დამახასიათებელი. „ივერია“ იუწყებოდა, რომ XIX საუკუნის 80-იან წლებში ტფილისის რაჭველი ხაბაზების დუქნებში ხშირად ნახავდით 7-8 წლის ყმაწვილებს, რომლებიც მშობლებსა თუ გულშემატკივრებს ქალაქში „მოსამსახურედ დასაყენებლად“ ჰყავდათ ჩამოყვანილი.
როგორც კორესპონდენტი აღნიშნავდა, ასეთი რამ ხშირად ხდებოდა ოქტომბრის თვეში, თუმცა „ამ ძველს ამბავში“ განსაკუთრებული და ყურადსაღები ის იყო, რომ საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, საიდანაც გარკვეულ ასაკამდე ბავშვების ტფილისში გამოგზავნას ერიდებოდნენ, რათა მოზარდს შესძლებოდა, რომ „ქალაქის უწმინდურს ჰაერსა და მოსამსახურეთა გარყვნილობას შემაგრებოდა“, გაჭირვებული რაჭველი ფიქრობდნენ:
„პირველს წლებში ორიოდ თუმანს მიშოვის ბიჭუნიაო, და არ დასდევს საბოლოოდ რა გამოვა იმ ჩვილის ყმაწვილისაგან ან თავისთვის და ან ოჯახობისათვის. რასაკვირველია, რაჭველებს სიღარიბე ძალას ატანს, მაგრამ ეს უფრო ჩვეულების შედეგი უნდა იყოს. ამიტომ სასურველია რაჭაში შვილებზე ასე ადრე ხელს არ იღებდნენ მშობლები და ქალაქის ათასს გვარს განსაცდელში არ აგდებდნენ უსუსურს ბალღებს“.
ამ მცირეწლოვანი ბავშვების მომავალი და სიცოცხლე ხშირად ბეწვზე ეკიდა, რადგან იშვიათად, რომ კარგი დამსაქმებელი შეხვედროდათ.
მაგალითად, ჩუღურეთში, ერთ-ერთ ქუჩაზე მცხოვრებ ვაჟბატონს მოსამსახურედ 9-10 წლის რაჭველი ბიჭი ჰყოლია, რომლის სახეც „გულ-შემზარავ სურათს“ წარმოადგენდა, ისე ჰქონია დაჟეჟილი ცემისგან:
„თვით მე რამდენჯერმე მინახავს, მეუღლე ზემოდ მოხსენებულ ვაჟბატონისა როგორ უმოწყალოდა სცემს ხოლმე ყოველ დღე საწყალ ბავშვს, ამასთან საცემ იარაღად ყველაფერსა ჰხმარობს, რაც-კი ხელში მოჰხვდება, მაშასა, ჯოხსა და სხვას. 19-ს ამ თვეს ისე ძლიერ უცემიათ ბავშვისთვის, რომ საექიმოდ გამხდარა (მგონი, სულაც გამოესალმოს წუთი სოფელს). რამდენჯერმე ვთხოვე არ ეცემათ ესე უწყალოდ ბავშვისთვის, მაგრამ ჩემი თხოვნა არავინ შეიწყნარა, ეხლა გაზეთში ვაქვეყნებ, ეგებ ყურადღება მიაქციონ და უშველონ რამე უმწეო ბავშვს“, – აღნიშნავდა ბავშვის ინკოგნიტო გულშემატკივარი, რომელიც იმასაც დასძენდა, ტფილისში პირუტყვთა მფარველი საზოგადოება არსებობს და ნუთუ პატარა ბავშვს არ გამოუჩნდება მფარველი და მანუგეშებელიო.
ასეთ დროს, ძალადობის მსხვერპლთ, პირველ რიგში, ალბათ სამართალდამცავები უნდა მოვლენოდნენ მფარველად, თუმცა ტფილისში შორს გაისმოდა ხმა პოლიციელთა არაპროფესიონალიზმისა და უპასუხისმგებლობის შესახებ, ყველა მხრიდან იმას ჩიოდნენ, სამართალდამცავები დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ/არ ასრულებენო.
მათი არაპროფესიონალიზმის კიდევ ერთი დადასტურებაა ისტორია ლამის სასიკვდილოდ განწირული მსახურისა, რომელიც საკუთარი „აღას“ არაადამიანობისა და პოლიციის მოხელეთა გულგრილობის მსხვერპლი შეიქნა.
ერთი სარძევე დუქნის პატრონს მოჯამაგირედ ჰყოლია სოფელ კრიხის მცხოვრები ვანო კუბლაშვილი. ერთხელაც, პატარა ვანოს საზამთრო უყიდია და საკუთარი „ბატონის“ ოჯახის წევრი, ისიც ბავშვი, დაუპატიჟია. „ყარფუზს“ ორივე ერთად შეექცეოდა აივანზე, თუმცა ვანოს „თანამეინახეს“ ეზოში ჩასვლა დაზარებია და საზამთროს ქერქს სანაგვე ყუთში აივნიდანვე ყრიდა. ერთი-ორი ქერქი მიწაზეც დაცემულა. ეს ამბავი დარაჯს შეუმჩნევია და სარძევეს პატრონისთვის მოუხსენებია, გამხეცებულ „ბატონს“ კი ჩაის მრგვალი მაგიდისთვის დაუვლია ხელი და ისე ძლიერად ჩაურტყამს თავში მსახურისთვის, რომ მაგიდა შუაზე გატეხილა სისხლით მოსვრილი პატარა ვანო ძირს დაცემულა.
დასისხლიანებულ ბავშვს როგორღაც ქუჩაში გამოუღწევია და დახმარების სათხოვნელად ყვირილი დაუწყია, რა დროსაც სარძევის პატრონის ქომაგები გამოვარდნილან და დანაშაულის მისაჩქმალად ბიჭი სარდაფისკენ წაუთრევიათ.
ამ მძიმე ვითარებაში ვანოს რიგითი გამვლელები დახმარებიან და ბავშვი პოლიციელთათვის ჩაუბარებიათ, რომელთაც სასიკვდილოდ ნაცემი ბიჭი განყოფილებიდან ამგვარი სიტყვებით გამოუსტუმრებიათ:
„რადგანაც შენ იმოდენად პატარა ხარ, რომ სასამართლოს ვერ მიჰმართავ და არც არავინა გყავს, ამისათვის გირჩევნია შენთვის წახვიდეო“…
ამ და სხვა ამგვარი შემთხვევების გამო იყო, რომ ქალაქში მსახურთა და სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულთა მფარველი საზოგადოების დაარსებაზე საუბრობდნენ, რომელსაც „ღონე ექმნებოდა“, რომ გაჭირვებული ბავშვები და ზრდასრულები ამგვარი ბარბაროსობისგან დაეცვა, თუმცა ამ კუთხით ტფილისში უკეთესობისკენ დიდად არაფერი იცვლებოდა…
მართალია, 1880-იანი წლების ბოლოსთვის სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავეს და იმის გამო, რომ „ტრახტირებსა და სასმელების დუქნებში სამსახური აუძლურებს ბავშვებსა და ჰრყვნის მათს ხასიათსა“, ამგვარ დაწესებულებებში 16 წლამდე მოზარდების დასაქმება აიკრძალა, თუმცა მცირეწლოვან მსახურთა მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
ტფილისის პოლიცმეისტერის თანამდებობის აღმასრულებელს პოლიციის ბოქაულთათვისაც უბრძანებია, თვალყური ადევნეთ, რომ ყავახანების, სამიკიტნოების, დუქნებისა და ლუდხანების პატრონებმა არამც და არამც არ იყოლიონ მსახურად მცირეწლოვანი ბიჭებიო, მაგრამ ბრძანება ერთი იყო და მისი აღსრულება მეორე…
გარკვეული შეზღუდვები ყოფილა დაწესებული თამბაქოს ქარხნებში პატარა ბიჭების დასაქმების კუთხითაც. მიუხედავად ამისა, როგორც იმდროინდელი პრესა წერდა, „არ ვიცით რა კანონის ძალით, მაგრამ ავლაბარში დაარსებულ თამბაქოს ქარხანაში, თორმეტ-ცამეტის წლის პატარა ბიჭებს დილის 7 საათიდგან საღამოს 10 საათამდე ამუშავებენ, თუმცა კანონით ათ საათზედ მეტის ხნით მუშაობა აღკრძალულია“.
მეტიც, როგორც 1899 წლის გაზეთ „Кавказ“-ის ერთ-ერთ ნომერში წერდნენ, პოლიციას პასუხისგებაში მიუცია თამბაქოს ქარხნის პატრონი ბოზარჯიანცი, რადგანაც მას თავის ქარხანაში სამუშაოდ 12 წლამდე ასაკის ბავშვები მიუღია – „ქარხნის პატრონი უარს ამბობს – ჩემს ქარხანაში 12 წლისაზედ პატარა ბავშვებს არ უმსახურნიათო, ხოლო პოლიციამ მოწმეთა ჩვენებით წინააღმდეგი დაამტკიცა. სხვა ქარხნის პატრონთ რაკი გაიგეს ეს ამბავი, მაშინვე დაითხოვეს თავიანთ ქარხნებიდგან მცირე წლოვანი ბავშვები…“.
ამ ამბავს ასე „უბრალოდ“ არ ჩაუვლია. რამდენიმე დღეში იგივე „Кавказ“-ი იუწყებოდა:
„მეტად-დიპლომატიურად იქცევიან ადგილობრივ თამბაქოს ქარხნების პატრონნი. როგორც უკვე უწყიან მკითხველებმა საგუბერნიო მთავრობამ სასტიკი ზომები მიიღო, რათა ქარხნის პატრონთ კანონი არ დაარღვიონ და თავიანთ ქარხნებში მცირე წლოვანნი არა მუშაობენ. და აი, ქარხნის პატრონთ ეხლა სხვა ხერხს მიჰმარეთს:
საგუბერნიო მთავრობამ მიიღო თხოვნა ბოზარჯიანცის ქარხნის მუშებისაგან. ამ თხოვნაში მუშები ამბობენ, რომ დღემდის ქარხანაში მოგვყვანდა ჩვენი და ჩვენი ნათესავების მცირე წლოვანი ბავშვები იმიტომ, რომ სახლში ისეთი არავინ რჩებოდა, ვისაც შესძლებოდა იმათზედ თვალყური სჭეროდა; ამასთან ბავშვები ზოგიერთ ადვილ საქმეში გვეხმარებოდნენ კიდეც. ეხლა-კი, პოლიციის მოთხოვნილების გამო, ქარხნის პატრონებმა აღგვიკრძალა ბავშვების მოყვანა ქარხანაშიო. ამიტომ მუშები შუამდგომლობენ, ნება მოგვეცით წინანდელ წესით მოვიქცეთ და ბავშვები მივიყვანოთ ხოლმეო.
რამდენად სიმართლეს მოკლებულია ამ შუამდგომლობაში მოყვანილი საბუთები, სჩანს იქიდგან, რომ ბოზარჯიანცის ქარხანაში 10-დგან 14 წლამდე ბავშვები, როგორც ნამდვილის ცნობებიდგან აღმოჩნდა, მუშაობდნენ ყოველ დღე, დილის 7 საათიდგან საღამოს 7 საათამდე, გარდა ორშაბათისა და შაბათისა, როდესაც მუშაობას ერთის საათით ადრე ათავებდნენ.
ამ თხოვნის აზრი აშკარაა: დედ-მამას რომ თავიანთი შვილების ქარხანაში მიყვანის ნება მისცენ, ეჭვს გარეშეა, ბავშვებს ხელ-ახლა დააწყებინებენ მუშაობას“…
საბოლოო ჯამში, ამგვარი „უსინდისო ბატონებისა და აღების“ ხელში მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად „ფუჭდებოდნენ და ზოგჯერ მთელს თავის სიცოცხლეს ჰღუპავდნენ, ციმბირში გასაგზავნი ხდებოდნენ“. სხვადასხვა აბსურდული, გამოგონილი მიზეზებით, დამქირავებლები პატარებს ჯამაგირს რომ უკავებდნენ და ხელცარიელს აგდებდნენ ქუჩაში, ეს კიდევ არაფერია იმ ძალადობასთან, მათ შორის სექსუალურ ძალადობასთან შედარებით, რასაც სიღარიბით შეწუხებული ბავშვები იტანდნენ. მათ უმრავლესობას კი ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდ, სასიკვდილოდაც წირავდნენ.
ამგვარი გაჭირვებისა და „საზღვარ-გადასული“ შრომის მიუხედავად, ტფილისშიც მოიძებნებოდნენ ბავშვები და მოზარდები, რომლებიც მარიფათს გამოიჩენდნენ, იოლად არავის დააჩაგვრინებდნენ თავს და გვარიან შემოსავალსაც მოუყრიდნენ თავს. მაგალითად, გაზეთებისა და წიგნების ქუჩა-ქუჩა დამტარებელი პატარა ბიჭები, რომლებიც თურმე პროდუქციას საბაზრო ღირებულებაზე ძვირად ასაღებდნენ და კაი „ხეირსაც ნახულობდნენ“. თუმცა ტფილისში, დიდი იმედების ქალაქში, სადაც ყველა ხეირს დაეძებდა, ამ ხეირის გამო ბავშვებსა და პატარა ბიჭებს ათას რისკზე წასვლა და დამცირებისა და შეუფერებელი დატვირთვის ატანა უწევდათ.