გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. ბოლო დღეები განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა აუქციონებისთვის. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლმა უძრავი ქონების მაგნატის, ჰარი მაკლოუსა და მისი ყოფილი მეუღლის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია რეკორდულ ფასად, $922.2 მილიონად გაყიდა. მისივე ორგანიზებით, $67.5 მილიონად გაიყიდა პიკასოს მიერ შესრულებული მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტი. Christie’s-ის მიერ გამართულ აუქციონზე კი ედგარ დეგას „პატარა მოცეკვავეში“ 41.6 მილიონ აშშ დოლარი გადაიხადეს, რაც ხელოვანის სკულპტურებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

რაც შეეხება კულტურის სფეროს სხვა სიახლეებს, გასული დღეების განმავლობაში ორი მუსიკალური კონკურსის: ევროვიზიისა და Billboard Music Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მოცემული ბლოგი კულტურის სფეროს ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსა და მოვლენებს აერთიანებს.

ჰარი მაკლოუსა და მისი ყოფილი ცოლის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

უძრავი ქონების მაგნატის, ჰარი მაკლოუსა და მისი ყოფილი მეუღლის, ლინდას მიერ მათი ქორწინების თითქმის ექვსი ათწლეულის განმავლობაში შეგროვებული მხატვრული ნამუშევრები Sotheby’s-ის აუქციონზე საერთო ჯამში რეკორდულ ფასად, 922.2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. შედეგად მან აუქციონზე ოდესმე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუშების კოლექციის სტატუსი მოიპოვა.

ჰარი მაკლოუსა და მისი ყოფილი ცოლის მიერ შეგროვებული ნამუშევრების გაყიდვა Sotheby’s-მა გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პირველად გამართულ აუქციონზე 35 მხატვრულ ნამუშევარში საერთო ჯამში $676 მილიონი გადაიხადეს, რაც სააუქციონო სახლისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ფოტო: Sotheby’s

რაც შეეხება მეორე, ბოლო აუქციონს, რომელიც ორშაბათს გაიმართა, კოლექციაში დარჩენილი ნამუშევრების გაყიდვიდან, საკომისიოს ჩათვლით, 246.1 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ყველაზე ძვირად ღირებულად დევიდ როკფელერისა და მისი მეუღლის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია მიიჩნეოდა, რომელიც 2018 წელს, ასევე ორ ეტაპად გამართულ აუქციონზე ჯამში 832 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ჰარი მაკლოუსა და მისი ყოფილი ცოლის ხელოვნების ნიმუშების კოლექციაში შედიოდა მარკ როტკოს, ენდი უორჰოლის, პაბლო პიკასოს, ალბერტო ჯაკომეტის, გერჰარდ რიხტერისა და სხვათა ნამუშევრები.

პიკასოს მიერ შესრულებული მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტი $67.5 მილიონად გაიყიდა

ცნობილი ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული ფრანგი მოდელის, მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტი, სახელწოდებით „Femme nue couchée“ ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე 67.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ნამუშევარი ემი კაპელაცომ შეიძინა, რომელიც Sotheby’s-ის სახვითი ხელოვნების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელია. მან სააუქციონო სახლი გასულ წელს დატოვა.

პიკასომ „Femme nue couchée“ 1932 წლის აპრილში დახატა. მარი-ტერეზის ეს პორტრეტი ხელოვნების ნიმუშების შიშველი სხეულის კლასიკური თემიდან ბიომორფულ გადახვევას წარმოადგენს. გამოსახულება ზღვის ბინადარს მოგვაგონებს, თუმცა, ამასთანავე, ტილოზე ქალის პროფილია დახატული.

ფოტო: Sotheby’s

შეგახსენებთ, რომ პიკასოს მარი-ტერეზ ვალტერთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. 1935 წელს წყვილს ქალიშვილი შეეძინა. მარი-ტერეზით შთაგონებულმა პიკასომ მისი არაერთი პორტრეტი შექმნა. ცნობისთვის, ერთ-ერთი მათგანი, „Femme assise près d’une fenêtre (Marie-Thérèse)“, რომელიც ასევე 1932 წელსაა დახატული, გასულ წელს აუქციონზე 103.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ეს ნამუშევარი, 2021 წლის განმავლობაში აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუშია.

მიმდინარე თვეში, პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული კიდევ ერთი პორტრეტი გაიყიდა. ნამუშევარში, სახელწოდებით „დორა მაარი“ ჰონგ-კონგში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე 21.6 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს. ტილოზე ფრანგი მხატვარი და ფოტოგრაფი, დორა მაარია გამოსახული, რომელსაც პიკასო ათწლეულის განმავლობაში ხვდებოდა.

შესაძლოა, Disney-მ მიკი მაუსზე და სხვა პერსონაჟებზე საავტორო უფლებები დაკარგოს

საავტორო უფლებები, რომლებსაც Disney-ი კომპანიის ადრეულ პერსონაჟებზე ფლობს – საფრთხის წინაშეა, რადგან შტატ მისურის რესპუბლიკელ სენატორს, ჯოშ ჰაულის საავტორო უფლებების დაცვის ვადის 56 წლამდე შემცირება სურს. ამგვარად, თუ სენატორ ჰაულის კანონპროექტი დღის შუქს იხილავს, მიკი მაუსი და Disney-ის სხვა ადრეული საკულტო პერსონაჟები კერძო კომპანიის მფლობელობაში აღარ იქნებიან.

„დიდი ბიზნესისათვის გაცემული რესპუბლიკური მოწყალების ერა დასრულდა“, – ვკითხულობთ სენატორ ჰაულის პრესრელიზში. „დროა, Disney-ის პრივილეგიები ჩამოვართვათ და კრეატიულობისა და ინოვაციის ახალ ერას დავუდოთ სათავე“.

აღსანიშნავია, რომ სენატორ ჰაულის Disney-ისადმი ამგვარი დამოკიდებულება მოულოდნელი სულაც არ არის – საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ Disney-ი ღიად დაუპირისპირდა შტატ ფლორიდაში დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომლითაც სკოლებში გენდერული იდენტობის განხილვა იკრძალებოდა. საინტერესოა, რომ Disney-ის ამგვარ პოზიციას უშუალოდ ფლორიდის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, რონ დესანტისმაც უპასუხა და Disney-ის თემატურ პარკს სპეციალური მუნიციპალური უბნის სტატუსი გაუუქმა, რომელიც მას 1960 წლიდან ჰქონდა.

ფოტო: MATT STROSHANE

Disney-ის საკულტო პერსონაჟი მიკი მაუსი ეკრანებზე პირველად 1928 წელს გამოჩნდა, მულტფილმში „თბომავალი უილი“ – იმ დროს Disney-ის საავტორო უფლებები 56 წლით ჰქონდა მინიჭებული. 1984 წელს, როცა საავტორო უფლებების ვადა იწურებოდა, Disney-ის ლობირებით ფედერალურმა ხელისუფლებამ 1976 წლის საავტორო უფლებების აქტი გამოსცა და საავტორო უფლებების მოქმედების ვადა 75 წლამდე გაახანგრძლივა. 1998 წელს, Disney-ის ხელახალი ლობირებით, ფედერალურმა ხელისუფლებამ საავტორო უფლებების მოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა, ამჯერად 95 წლამდე. ბოლო გაგრძელების შემდეგ საავტორო უფლებების ვადა 2024 წელს იწურება.

აღსანიშნავია, რომ საკუთარ პერსონაჟებზე საავტორო უფლებების დაცვა Disney-ის სხვაგვარადაც შეუძლია, მათ შორის კომერციული სავაჭრო ნიშნების დაცვით.

ედგარ დეგას „პატარა მოცეკვავე“ Christie’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ედგარ დეგას ერთ-ერთი საკულტო ქანდაკება, „პატარა მოცეკვავე“ Christie’s-ის მიერ 12 მაისს გამართულ აუქციონზე 41.6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ფრანგული ხელოვანის მიერ შექმნილ სკულპტურაში გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა.

ნამუშევარი, სრული სახელწოდებით „La Petite Danseuse de quatorze ans“ დეგას ბრინჯაოს ერთადერთი ქანდაკებაა, რომელიც ავტორის სიცოცხლეშივე გამოიფინა. ხელოვანმა ის ახალგაზრდა ბალერინის, მარი ვან გოეთემის შთაგონებით შექმნა, რომელიც პარიზში ბალეტს სწავლობდა.

ფოტო: La Prensa Latina

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი დეგას კიდევ ერთ „პატარა ბალერინას“ ეკუთვნის, რომელიც 2015 წელს 24.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

გასულ კვირას Christie’s-ის აუქციონზე გაყიდული ქანდაკება ბოლოს ამერიკელი ინვესტორისა და ფილანთროპის, ენ ბასის ხელოვნების ნიმუშების კოლექციაში შედიოდა. ბასმა, რომელიც 2020 წელს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის სანდრა პეისონისგან შეიძინა. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი პირველი ქალია, რომელიც ბეისბოლის მთავარი ლიგის გუნდს ფლობდა ისე, რომ ქონება მემკვიდრეობით არ მიუღია.

2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინა გახდა

2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra გახდა. ის 14 მაისს იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ რიგით 66-ე ღონისძიების ფინალში მსმენელის წინაშე სიმღერით „Stefania“ წარდგა, 631 ქულა დაიმსახურა და საკუთარ ქვეყანას ევროვიზიის ისტორიაში მესამედ გაამარჯვებინა.

კონკურსში მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი გავიდა, მესამე ადგილი კი ესპანეთმა დაიკავა. მათ გარდა ხუთეულში ასევე მოხვდნენ შვედეთი და სერბეთი. 2022 წლის ევროვიზიის მასპინძელი და გასული წლის კონკურსის გამარჯვებული იტალია წელს მხოლოდ მე-6 პოზიციას დასჯერდა.

ფოტო: Getty Images

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკრაინას ევროვიზიის ისტორიაში უკვე სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული. მან კონკურსი 2004 და 2016 წლებშიც მოიგო. შეგახსენებთ, რომ, ტრადიციის შესაბამისად, ევროვიზიის მომდევო ღონისძიებას წინა წლის გამარჯვებული ქვეყანა მასპინძლობს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კონკურსში Kalush Orchestra-ს გამარჯვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა ერთ დღეს ევროვიზიის სტუმრებსა და კონკურსანტებს მარიუპოლში უმასპინძლოს.

ერნი ბარნსის ნამუშევარი „The Sugar Shack“ აუქციონზე $15.3 მილიონად გაიყიდა

ამერიკელი ხელოვანის, ერნი ბარნსის ფერწერული ტილო, სახელწოდებით „The Sugar Shack“ Christie’s-ის აუქციონზე 15.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი ლეგენდარული მომღერლის, მარვინ გეის ერთ-ერთი ალბომის გარეკანზეა დატანილი.

Christie’s-ის სააუქციონო სახლის წარმომადგენლების ინფორმაციით, „The Sugar Shack“ ჰეჯ-ფონდის მენეჯერმა და ანტრეპრენიორმა, ბილ პერკინსმა შეიძინა. მათივე ცნობით, ამ ტილოში გადახდილი თანხა 27-ჯერ აღემატება ბარნსის იმ ნამუშევარში გადახდილ ფასს, რომელიც ამ დრომდე აუქციონზე გაყიდულ, მხატვრის ყველაზე ძვირად ღირებულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნეოდა.

ფოტო: NDZ/STAR MAX

ერნი ბარნსი ჩრდილოეთ კაროლინაში 1938 წელს დაიბადა. მის მხატვრულ შემოქმედებაში სოციალური თემატიკა სჭარბობს და შავკანიანების ყოველდღიური ცხოვრებაა ასახული. ვიდრე მხატვარი გახდებოდა, ბარნსი ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალი მოთამაშე იყო. ის 2009 წელს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რაც შეეხება ბარნსის ნამუშევარს „The Sugar Shack“, მან პოპულარობა ნაწილობრივ მარვინ გეის მიერ 1976 წელს გამოშვებული ალბომის, „I Want You“-ს ყდაზე გამოჩენის შემდეგ მოიპოვა.

2022 წლის Billboard Music Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

15 მაისს ლას-ვეგასში 2022 წლის Billboard Music Awards-ის სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. შეგახსენებთ, რომ ეს ჯილდო მუსიკალური ჩარტების ლიდერ შემსრულებლებს გადაეცემათ. წლევანდელ ღონისძიებას რეპერი P Diddy გაუძღვა.

აღსანიშნავია, რომ წელს Billboard Music Awards-ის ყველაზე მეტ კატეგორიაში ამერიკელმა მომღერალმა, ოლივია როდრიგომ გაიმარჯვა. მან BBMA-ის შვიდი ჯილდო მიიღო, მათ შორის საუკეთესო ახალბედა შემსრულებლის, Hot 100-ის საუკეთესო შემსრულებლისა და სხვა მნიშვნელოვან ნომინაციებში.

წლევანდელ Billboard Music Awards-ზე ხუთ კატეგორიაში გაიმარჯვა კანადელმა რეპერმა Drake-მა. მან ჯილდო საუკეთესო შემსრულებლის, საუკეთესო ჰიპ-ჰოპ-შემსრულებლისა და სხვა გამორჩეულ კატეგორიებში დაიმსახურა.

წარმოგიდგენთ 2022 წლის Billboard Music Awards-ის ძირითადი კატეგორიების ნომინანტებსა და გამარჯვებულებს:

საუკეთესო შემსრულებელი:

Doja Cat

Drake – გამარჯვებული

ოლივია როდრიგო

ტეილორ სვიფტი

The Weeknd

საუკეთესო ახალბედა შემსრულებელი:

Givēon

Masked Wolf

ოლივია როდრიგო – გამარჯვებული

Pooh Shiesty

The Kid LAROI

საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი:

Drake – გამარჯვებული

ედ შირანი

ჯასტინ ბიბერი

Lil Nas X

The Weeknd

საუკეთესო შემსრულებელი ქალი:

Adele

Doja Cat

დუა ლიპა

ოლივია როდრიგო – გამარჯვებული

ტეილორ სვიფტი

საუკეთესო დუეტი/ჯგუფი:

BTS – გამარჯვებული

Glass Animals

Imagine Dragons

Migos

Silk Sonic (Bruno Mars, Anderson .Paak)

Billboard 200-ის საუკეთესო შემსრულებელი:

Adele

Drake

Juice WRLD

მორგან უოლენი

ტეილორ სვიფტი – გამარჯვებული

Hot 100-ის საუკეთესო შემსრულებელი:

Doja Cat

Drake

ჯასტინ ბიბერი

ოლივია როდრიგო – გამარჯვებული

The Weeknd

საუკეთესო ტური:

Eagles (Hotel California Tour)

Genesis (The Last Domino? Tour)

Green Day, Fall Out Boy & Weezer (The Hella Mega Tour)

Harry Styles (Love on Tour)

The Rolling Stones (No Filter Tour) – გამარჯვებული

Billboard 200-ის საუკეთესო ალბომი:

Adele, 30

Doja Cat, Planet Her

Drake, Certified Lover Boy

მორგან უოლენი, Dangerous: The Double Album

ოლივია როდრიგო, SOUR – გამარჯვებული