ახალ სასწავლო წელს Huawei აზერბაიჯანში კვლევით ლაბორატორიას გახსნის

ახალ სასწავლო წელს Huawei აზერბაიჯანში კვლევით ლაბორატორიას გახსნის

ახალ სასწავლო წელს Huawei აზერბაიჯანში კვლევითი ლაბორატორიის გახსნას გეგმავს. ინფორმაცია ადგილობრივ IT-მეწარმეებთან შეხვედრისას აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა გაასაჯაროვა.

ნაბიევის განცხადებით, სამინისტრო ქვეყნის უნივერსიტეტებში მსგავსი ლაბორატორიების შექმნას შეუწყობს ხელს. სახელმწიფო ბრძანების თანახმად, 2022 წელს აზერბაიჯანი 600 მაღალკვალიფიციურ IT-სპეციალისტს მოამზადებს. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს სამ წელიწადში, კიბერუსაფრთხოების სფეროში, საზღვარგარეთ 1,000-მდე IT-სპეციალისტის გადამზადება იგეგმება. აღსანიშნავია, რომ IT-სპეციალისტების მოსამზადებლად აზერბაიჯანში ისეთი ცენტრები შეიქმნა, როგორიცაა Code Academy, Tech Academy და სხვა.

ადგილობრივ IT-მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა 2022 წლის ბოლოსთვის სტარტაპების განვითარების შესახებ კანონის შემოღება დააანონსა. გარდა ამისა, რაშად ნაბიევის განცხადებით, წლის ბოლომდე ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ორიენტირებული დოკუმენტის მიღებაც იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ნაბიევის ინფორმაციით, ქვეყანა სტარტაპების განვითარებისთვის სპეციალური ზონის შექმნასაც გეგმავს. ინიციატივა აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება და შესაბამისი დოკუმენტი უკვე მომზადებულია. მინისტრი კანონმდებლობის შემოღებას 2022 წლის ბოლომდე იმედოვნებს.