გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. „ლივერპულმა“ ურუგვაელი ფეხბურთელი, დარვინ ნუნიესი „ბენფიკისგან“ 100 მილიონ ევროდ შეიძინა. აშშ-ის საფეხბურთო ლიგა MLS-მა კი ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-თან 10-წლიანი, $2.5-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის პარალელურად, Forbes-მა იმ სპორტსმენების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთაგან თითოეულმა 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თანხის გამომუშავება შეძლო.

ახლახან გაირკვა, რომ რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს აშშ-ის ღია პირველობაზე მონაწილეობის უფლება მიეცემათ. ასევე ცნობილი გახდა, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ სერენა უილიამსი კორტებს დაუბრუნდება და წლევანდელ „უიმბლდონზე“ იასპარეზებს.

გასული კვირის სპორტული მიმოხილვა სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან, ძირითადად ფინანსური და ბიზნესის კუთხით საინტერესო სიახლეებს აერთიანებს.

„ლივერპულმა“ დარვინ ნუნიესი €100 მილიონად შეიძინა

„ლივერპულმა“ ურუგვაელი ფეხბურთელი, დარვინ ნუნიესი „ბენფიკისგან“ 100 მილიონ ევროდ შეიძინა. ნუნიესმა ინგლისურ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა აქ, „ლივერპულში“ ყოფნა. ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდებული კლუბის ნაწილი გავხდი. „ლივერპულის“ წინააღმდეგ მითამაშია და მისი მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგის უამრავი მატჩი მინახავს. კლუბს და მე თამაშის ერთნაირი სტილი გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას დავეხმარო“, – განაცხადა დარვინ ნუნიესმა Liverpoolfc.com-თან ინტერვიუს დროს.

ფოტო: Getty Images

ნუნიესი ახალ კლუბში 27-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ფეხბურთელის შეძენა კიდევ ერთ ინგლისურ გრანდს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურდა. მის მიმართ ინტერესს გამოთქვამდა „ნიუკასლ იუნაიტედიც“.

როგორ The Guardian-ი წერს, სავარაუდოდ, ურუგვაელი „ლივერპულში“ კვირაში 160,000 ევროზე მეტ თანხას გამოიმუშავებს.

დარვინ ნუნიესს პორტუგალიური „ბენფიკის“ მაისურით 2021-22 წლების სეზონში საერთო ჯამში 41 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რა დროსაც ფეხბურთელმა თავი 34 გოლითა და ოთხი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, ნუნიესი „ბენფიკის“ გარდა ურუგვაული „პენიაროლისა“ და ესპანეთის „ალმერიის“ ღირსებას იცავდა.

MLS-მა Apple-თან 10-წლიანი, $2.5-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

აშშ-ის საფეხბურთო ლიგა MLS-მა ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-თან 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება, საკითხთან დაახლოებულ პირთა ცნობით, მინიმუმ 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც ძალაში 2023 წლიდან შევა, MLS-ის, Leagues Cup-ის, MLS NEXT Pro-სა და MLS NEXT-ის ყველა მატჩი გაშუქდება სტრიმინგ-პლატფორმაზე, რომელიც Apple TV+-ის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის გამოსაწერად Apple TV+-ის გამოწერა საჭირო არ იქნება.

ფოტო: sportsmintmedia.com

აქვე ცნობილია, რომ Apple TV+-ის აბონენტები მთელ მსოფლიოში გარკვეული ლიმიტის ფარგლებში მატჩების ყურებას დამატებითი გადასახადის გარეშე შეძლებენ. გარდა ამისა, MLS-ის მთლიანი სეზონის ბილეთების მფლობელებს სტრიმინგ-სერვისზე წვდომა უფასოდ ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ MLS-ს 2022 წლის სეზონის ბოლომდე ხელშეკრულება ESPN+-თან, Univision-სა და Fox-თან აკავშირებს. ისინი, მიმდინარე კონტრაქტის პირობების მიხედვით, სეზონში საერთო ჯამში 90 მილიონ აშშ დოლარს იხდიან. წყაროების ცნობით, აქედან 65 მილიონ აშშ დოლარს MLS-ი იღებს. დარჩენილი 25 მილიონი აშშ დოლარი კი აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშზე ირიცხება.

რუს და ბელრუს ჩოგბურთელებს აშშ-ის ღია პირველობაზე მონაწილეობის უფლება მიეცათ

ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაციის (USTA) გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს უფლება ექნებათ იასპარეზონ აშშ-ის ღია პირველობაზე, რომელიც 29 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

როგორც ასოციაციის წარმომადგენლებმა Associated Press-სთან საუბრისას განაცხადეს, USTA-ის არ სურდა, აღნიშნულ ქვეყანათა მთავრობების ქმედებების გამო პასუხისმგებლობა „ცალკეული სპორტსმენებისთვის“ დაეკისრებინა.

ფოტო: tenniscircus.com

შეგახსენებთ, დაახლოებით ორი თვის წინ რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს „უიმბლდონის“ წლევანდელ ტურნირზე ასპარეზობა აეკრძალათ. საჩოგბურთო ჩემპიონატი 27 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს საფრანგეთის ღია პირველობაზე თამაშის უფლებაც მიეცათ. თუმცა „როლან გაროსზე“, რომელიც 5 ივნისს დასრულდა, მათ საკუთარი ქვეყნების დროშის ქვეშ ასპარეზობა აკრძალული ჰქონდათ.

FIFA-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები დაასახელა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) დაასახელა ქალაქები, რომლებშიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები გაიმართება. აქედან 11 – აშშ-ში, სამი – მექსიკაში, ორი კი კანადაში მდებარეობს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ: ატლანტა, ბოსტონი, დალასი, ჰიუსტონი, კანზას-სიტი, ლოს-ანჯელესი, მაიამი, ნიუ-იორკი/ნიუ-ჯერსი, ფილადელფია, სან-ფრანცისკო, სიეტლი, გვადალახარა, მეხიკო, მონტერეი, ტორონტო და ვანკუვერი.

ფოტო: Getty Images

U.S. Soccer-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ მასპინძელი ქალაქები მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტივობების მეშვეობით $90 მილიონიდან $480 მილიონამდე შემოსავალს მიიღებენ.

ცნობისთვის, FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატს აშშ-მა ბოლოს 1994 წელს, მექსიკამ კი 1986 წელს უმასპინძლა. რაც შეეხება კანადას, აღნიშნული ტურნირის ფარგლებში მატჩები ქვეყანაში 2026 წელს პირველად გაიმართება.

სონ ჰინმინი Burberry-ის ბრენდის ელჩი გახდა

სამხრეთკორეელი ფეხბურთელი, სონ ჰინ-მინი ბრიტანული მოდის სახლის, Burberry-ის ბრენდის გლობალური ელჩი გახდა. მხარეებს შორის მრავალწლიანი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაცია სოციალურ მედიაში გავრცელდა.

„როგორც პრემიერ-ლიგის სპორტსმენისთვის, ჩემთვის დიდი პატივია, ვითანამშრომლო ბრიტანული მემკვიდრეობით მდიდარ ბრენდთან. მომწონს Burberry-ის სწრაფვა შემოქმედებითი წარმოსახვისა და ინოვაციებისკენ, რომლებიც მას ისტორიისგან მემკვიდრეობით აქვს მიღებული. ეს არის ღირებულებები, რომლებსაც მე ვიცავ“, – დაწერა „ტოტენჰემ პოტსპურის“ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.

სიახლის შესახებ Burberry-მ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა და ბრენდის სამოსში გამოწყობილი სონის ფოტოსურათი გამოაქვეყნა.

ფოტო: Burberry

ცნობისთვის, სონ ჰინ-მინის კომერციულ ბიზნესს გლობალური სააგენტო CAA Sports-ი და სამხრეთ კორეაში მომუშავე აგენტი ლი რანგი მართავენ. ფეხბურთელს ამ დრომდე მოდის ისეთ ბრენდებთან უთანამშრომლია, როგორიც Ralph Lauren-ი და Tumi-ია. რაც შეეხება Burberry-ის, ის მანამდე დიდ ბრიტანეთში კამპანიის ფარგლებში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშე, მარკუს რეშფორდთან თანამშრომლობდა.

შეგახსენებთ, სონ ჰინ-მინმა მოდის საკუთარი ბრენდი, NOS7 შექმნა, რომელიც ბაზარზე 17 ივნისს ოფიციალურად გამოჩნდა.

2021/22 წლების სეზონი სონის საფეხბურთო კარიერისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მან „ლივერპულის“ მოთამაშე მოჰამედ სალაჰთან ერთად „ოქროს ბუცი“ მოიგო. ფეხბურთელებმა 2021/22 წლების სეზონის პრემიერ-ლიგაში ყველაზე მეტი, 23-23 გოლი გაიტანეს.

სერენა უილიამსი კორტებს უბრუნდება – ჩოგბურთელი „უიმბლდონზე“ იასპარეზებს

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ამერიკელი ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი კორტებს უბრუნდება. 40 წლის სპორტსმენმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „უიმბლდონის“ წლევანდელ ტურნირზე იასპარეზებს, რომელიც 27 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება.

შეგახსენებთ, უილიამსმა ბოლოს ოფიციალური შეხვედრა 2021 წლის 29 ივნისს სწორედ „უიმბლდონის“ ტურნირის ფარგლებში ჩაატარა. ჩოგბურთელი ტრავმის გამო იძულებული გახდა, ტურნირს პირველი რაუნდის მატჩიდან დამშვიდობებოდა.

ფოტო: Getty Images

სერენა უილიამსი ამჟამად ჩოგბურთელ ქალთა შორის რეიტინგში 1208-ე ადგილს იკავებს. ვეტერან სპორტსმენს „დიდი სლემის“ 23 ტიტული აქვს მოპოვებული, მათ შორის ავსტრალიის ღია პირველობა – 7-ჯერ, „როლან გაროსი“ –  3-ჯერ, „უიმბლდონი“ – 7-ჯერ და აშშ-ის ღია პირველობა 6-ჯერ აქვს მოგებული.

Forbes-ის დათვლებით, მოცემული დროისთვის სერენა უილიამსის ქონება 260 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მას კარიერის განმავლობაში კორტებიდან, საპრიზო თანხის სახით, 94.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული.

Forbes: სპორტსმენები, რომელთაგან თითოეულმა $1 მილიარდზე მეტის გამომუშავება შეძლო

Forbes-მა იმ სპორტსმენების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთაგან თითოეულმა 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თანხის გამომუშავება შეძლო. მათ შორის ორი ფეხბურთელი, NBA-ის ვარსკვლავი, ჩოგბურთელი, გოლფის მოთამაშე და მოკრივე არიან. გამოცემის დათვლებით, ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანმა ექვსმა სპორტსმენმა, მოცემულ დრომდე, საერთო ჯამში 7.44 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

ფოტო: Forbes

წარმოგიდგენთ სპორტსმენებს, რომლებმაც 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თანხის გამომუშავება შეძლეს:

ტაიგერ ვუდსი – $1.72 მილიარდი

ჩამონათვალში პირველ ადგილს 1.72 მილიარდი აშშ დოლარით გოლფის 46 წლის მოთამაშე, ტაიგერ ვუდსი იკავებს. ის კარიერის პიკზე ყოველწლიურად 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტს გამოიმუშავებდა. ამის წყალობით, ვუდსი Forbes-ის ყოველწლიურ სიაში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენებს ეთმობა, ათწლეულის განმავლობაში ლიდერის პოზიციას იკავებდა.

კრიშტიანუ რონალდუ – $1.24 მილიარდი

1.24 მილიარდი აშშ დოლარით მეორე პოზიციაზე პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეა. მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს სოციალური მედიის პლატფორმებზე 690 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რაც ფეხბურთელს სპონსორებისგან, მათ შორის Nike-ისგან, Herbalife-ისა და Clear-ისგან, უფრო მეტი თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ რონალდუ რესტორნების ქსელ Tatel-ისა და საფეხბურთო საზოგადოების აპლიკაცია ZujuGP-ის ინვესტორია. გარდა ამისა, ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ პრემიუმ-ხელფასს იღებს.

ლებრონ ჯეიმსი – $1.16 მილიარდი

მესამე ადგილს 1.16 მილიარდი აშშ დოლარით NBA-ის ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი იკავებს. კალათბურთელს Nike-თან უვადო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ ხელმოწერილი კონტრაქტის ღირებულება კი 41.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, 37 წლის სპორტსმენმა ოქტომბერში კომპანია SpringHill-ის მნიშვნელოვანი წილი 725 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. ამის პარალელურად, შეიძინა წილები რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის ფიტნესის ფირმა Tonal-ში. ამან მისი ქონების წმინდა ღირებულების 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდას შეუწყო ხელი.

ლიონელ მესი – $1.15 მილიარდი

Forbes-ის სიაში მეოთხე პოზიციაზე 1.15 მილიარდი აშშ დოლარით არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესია, რომელიც ამჟამად ფრანგულ კლუბ „პარი სენ-ჟერმენში“ ირიცხება. აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ფორვარდი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სტატუსს ბოლო 12 თვის განმავლობაში ინარჩუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის აგვისტოში „ბარსელონიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ მისი ანაზღაურება მნიშვნელოვნად შემცირდა. შეგახსენებთ, მესიმ მარტში 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა ფან-ტოკენის პლატფორმა Socios.com-თან. ის ასევე აგრძელებს გრძელვადიან თანამშრომლობას Adidas-თან, Budweiser-თან, PepsiCo-სა და Hard Rock International-თან.

როჯერ ფედერერი – $1.09 მილიარდი

შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი ჩამონათვალში $1.09 მილიარდით მეხუთე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ივლისის „უიმბლდონის“ შემდეგ ტურნირებზე აღარ უასპარეზია, 40 წლის ფედერერმა, ბოლო 12 თვის განმავლობაში, სათამაშო სივრცის მიღმა იმაზე მეტი თანხა ($90 მილიონი) გამოიმუშავა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერმა სპორტსმენმა. ის არის Rolex-ისა და Uniqlo-ს პარტნიორი, ასევე საკმაოდ დიდი ინვესტიცია აქვს განხორციელებული ფეხსაცმლის მზარდ ბრენდ On-ში.

ფლოიდ მეივეზერი – $1,08 მილიარდი

ჩამონათვალის ბოლო, მე-6 პოზიციას 1.08 მილიარდი აშშ დოლარით მოკრივე ფლოიდ მეივეზერი სჯერდება. 2018 წელს ამ უკანასკნელმა სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო, როდესაც კონორ მაკგრეგორთან ბრძოლიდან საპრიზო თანხა, 275 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მისმა გადაწყვეტილებამ ბრძოლებისთვის საკუთარი სარეკლამო კომპანია დაეფუძნებინა, სპორტსმენს კრივის ისტორიაში ოთხი ყველაზე მოგებიანი დაპირისპირებიდან მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა.