არაბთა გაერთიანებული საამიროები სუდანში, $6-მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტის ფარგლებში, წითელი ზღვის ახალ პორტს აშენებს. ინფორმაცია გარიგებაში ჩართულმა პირმა, DAL ჯგუფის თავმჯდომარე ოსამა დაუდ აბდელატიფმა გაასაჯაროვა.
აბდელატიფის განცხადებით, პაკეტი თავისუფალი ვაჭრობის ზონას, სასოფლო-სამეურნეო პროექტს და სამხედრო გადატრიალების შემდგომ სუდანის ცენტრალურ ბანკში პირველ დეპოზიტს, $300 მილიონს აერთიანებს. საამიროებთან დადებული გარიგების დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, გადატრიალების შემდგომ დასავლელმა დონორებმა სუდანს მილიარდობით დოლარის ინვესტიცია და დახმარება შეუჩერეს.
აბუ-დაბის ჰოლდინგ-კომპანია ADQ-ის საკუთრებაში არსებული $4-მილიარდიანი ღირებულების პორტი, DAL ჯგუფისა და Abu Dhabi Ports-ის ერთობლივი პროექტია. პორტი ყველა სახის საქონელთან გამკლავებას და ქვეყნის მთავარ ეროვნულ პორტ Port Sudan-ისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებს. ახალი პროექტი Port Sudan-ის ჩრდილოეთით, 200კმ-ის დაშორებით მდებარეობს და თავისუფალ და ინდუსტრიულ ზონასთან ერთად, პატარა საერთაშორისო აეროპორტსაც გააერთიანებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების გარიგება აბუ-დაბის კონგლომერატის IHC და DAL Agriculture-ის სასოფლო-სამეურნეო პროექტის გასაფართოებლად $1,6 მილიარდის გამოყოფასაც ითვალისწინებს. იჯარით აღებულ 400,000 ჰექტარ მიწაზე, ხორბალს, ბამბას, ქუნჯუთს, იონჯასა და სხვა კულტურებს მოიყვანენ და გადაამუშავებენ.