Startup Grind Tbilisi-ს ორგანიზებით სილიკონ ველის სამმა, ტოპ ვენჩურული კაპიტალის ინვესტორმა ღონისძიება გამართა

Startup Grind Tbilisi-ს ორგანიზებით სილიკონ ველის სამმა, ტოპ ვენჩურული კაპიტალის ინვესტორმა ღონისძიება გამართა

რამდენიმე დღის წინ, სასტუმრო სტამბამ, სილიკონ ველიდან სამ, ვენჩურული კაპიტალის ინვესტორს უმასპინძლა. ჯონათან თაუერმა (Catapult VC, მმართველი პარტნიორი), ბილ რიხერტმა (Pegasus Tech Ventures, პარტნიორი) და მარვინ ლაიაომ (Diaspora Ventures, პარტნიორი) დაფინანსების მოძიებასა და სტარტაპის Scaleup კომპანიამდე მისასვლელ გზებზე ისაუბრეს.

ღონისძიების წამყვანი კოლინ დონოჰიუ იყო, რომელმაც პანელური საუბარი პირველი თემით გახსნა: „რა უნდა აჩვენონ/გამოავლინონ სტარტაპებმა დაფინანსების სხვადასხვა ეტაპზე?“  ამ კითხვაზე ინვესტორების მხრიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, კერძოდ:

  1. სტარტაპის პროდუქტის რეალური ღირებულება – ანუ ის, თუ რით არის ეს პროდუქტი ბაზარზე გამორჩეული და რატომ უნდა შეიძინონ ის მომხმარებლებმა;
  2. სტარტაპის მისია – რა პრობლემას ჭრის სტარტაპი?
  3. გუნდის კვალიფიკაცია – რამდენად გამოცდილია სტარტაპის გუნდი იმ პროდუქტზე/სერვისზე მუშაობაში, რომლის შეთავაზებასაც ის მომხმარებლისთვის აპირებს?
  4. ამბის თხრობის უნარები – იმისთვის, რომ ეფექტურად და სათანადოდ ისაუბრონ სტარტაპებმა ზემოხსენებულ საკითხებზე.

პანელურმა დისკუსიამ დაფარა ისეთი საკითხები, როგორებიცაა დაფინანსების სხვადასხვა ეტაპები – თუ რა სჭირდებათ სტარტაპებს საიმისოდ, რომ ერთიდან მეორე ეტაპზე გადავიდნენ.

ინვესტორებმა ისაუბრეს სტარტაპის ზრდის საჭიროებაზე და ხაზი გაუსვეს იმას, რომ მსგავსი, პატარა კომპანიებისთვის თვიდან თვემდე გარკვეული ზრდის დაფიქსირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ფაქტორი მათ მნიშვნელოვნად ეხმარება ინვესტიციის მოზიდვაშიც. გარდა ამისა, ინვესტირებისას კიდევ უფრო დიდი ყურადღება ექცევა ზრდის ხარისხსა და მდგრადობასაც – კერძოდ, რა იცვლება სტარტაპისთვის ზრდის პროცესში და რამდენად სტაბილური ხასიათი აქვს მის განვითარებას.

ხოლო იმისთვის, რომ სტარტაპის ზრდა სტაბილური იყოს, მუდმივად საჭიროა მეტრიკებისთვის თვალყურის მიდევნება და შედეგების გაზომვა. თუმცა, სამივე ინვესტორი შეთანხმდა იმაზე, რომ ამ პროცესში სტარტაპის გუნდის მხრიდან დიდი მოთმინებაა საჭირო, რადგან წარმატება სწრაფად არ მოდის.

პანელური დისკუსიის შემდეგ ბილ რიხერტმა პრეზენტაცია „სტარტაპიდან Scaleup კომპანიამდე“ გამართა.

თავდაპირველად მან თხრობა ორივე ტერმინის განსაზღვრით დაიწყო და თქვა, რომ სტარტაპი დროებითი ორგანიზაციაა, რომელიც მასშტაბურ ბიზნეს მოდელს ეძებს. Scaleup კომპანია კი დინამიური ორგანიზაციაა, რომელიც არაპროპორციული ღირებულების გენერირებაზე სწრაფი ზრდის გზითაა ორიენტირებული.

პრეზენტაციაზე ვრცლად იყო განხილული, თუ რა აფერხებს ხშირად სტარტაპს, გახდეს Scaleup კომპანია? ესენია:

  • ორგანიზაციული დონე – ხშირად სტარტაპების გუნდის წევრები ერთიანად არიან ჩართულები სხვადასხვა პროცესში, როცა scaleup კომპანიაში როლები ყოველთვის გადანაწილებულია;
  • ბიზნესმოდელი – მაშინ როცა სტარტაპები ჯერ კიდევ ტესტავენ იდეას, scaleup კომპანიები ამ იდეის სარგებელს ამტკიცებენ;
  • გუნდი – სტარტაპის გუნდი შესაძლოა, ერთი სანაცნობო წრისგან შედგებოდეს, scaleup კომპანია კი პროფესიონალებს აერთიანებს;
  • კულტურა – სტარტაპი ხანდახან დიდი სურვილის ნაყოფია ხოლმე, რომელსაც ხშირად სტაბილურობა აკლია, scaleup კომპანია კი საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა;
  • ლიდერობა – თუკი სტარტაპში დამფუძნებლები არიან ლიდერები, scaleup კომპანიაში ყველა ლიდერია;
  • პროდუქტის განვითარება – სტარტაპი მინიმალური სასიცოცხლო პროდუქტის განვითარებაზე ზრუნავს, scaleup კომპანიას კი სტაბილური პროდუქტი უჭირავს ხელში..

ინვესტორებმა ასევე ისაუბრეს იმაზეც, რომ მნიშვნელოვანია, სტარტაპერებმა ბევრნაირი უნარის განვითარებაზე იზრუნონ, იქნება ეს: კოპირაიტინგი, ამბის თხრობა და ა.შ.  რაც მთავარია, იქ მყოფ სტარტაპერებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად გაცნობოდნენ ამ ადამიანებს და მათგან უნიკალური რჩევები მოესმინათ.

შეხვედრის დასასრულს კი ინვესტორების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი რჩევა , რომელიც მათ სტარტაპებს მისცეს  ის იყო რომ, „გახსოვდეთ, როცა პირს გახსნით, თქვენ ფიჩინგის პროცესში ხართ.“

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *