"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საქართველო მთავრობის ვალით მსოფლიოში 122-ე ადგილზეა

Forbes-WEB-22062403

ეკონომიკის მიმართ მთავრობის ვალის ტვირთის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 122-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გარკვეული მოცულობის დავალიანება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას აქვს. მთავრობის ვალი ორი სახის არის: საშინაო და საგარეო. საშინაო ვალს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობისგან იღებს, ძირითადად ეს ხდება კომერციული ბანკებისათვის ან საფინანსო ფონდებისთვის ფასიანი ქაღალდების მიყიდვით. საგარეო ვალს კი მთავრობები სხვა ქვეყნებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ. განვითარებადი ქვეყნები უმეტესად საგარეო ვალს იღებენ, სადაც ძირითადი დონორები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან.

ქვეყნის დავალიანების ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მილიარდი ლარის ვალი აქვს საქართველოს) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან ვალის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე. აქედან გამომდინარე, მთავრობის ვალის ტვირთის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ვალის ქვეყნის ეკონომიკასთან (მთლიან შიდა პროდუქტთან – მშპ) ფარდობაა.

ქვეყნების მიხედვით მთავრობის ვალის ტვირთის მაჩვენებელს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს, მათ შორის – საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

საქართველო მთავრობის ვალის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2022 წლის 19 აპრილს გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 49.5%-ია და ვალის ტვირთის ამ მაჩვენებლით საქართველო 189 ქვეყანას შორის 122-ე ადგილზეა. საქართველოზე მძიმე დავალიანება 121 ქვეყანას აქვს, 67 ქვეყანა კი ნაკლებ ვალებშია. 2019 წელს საქართველო რეიტინგში 130-ე ადგილზე იყო, 2020 წლის ბოლოს კი 93-ე ადგილზე. პანდემიის შედეგად ბოლო 2 წელიწადში საქართველოს პოზიცია გაუარესდა.

სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის 49.5% იყო. 2020-2021 წლებში მთავრობის ვალი 10 მილიარდი ლარით გაიზარდა და 30 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც კორონას მიერ გამოწვეულმა პანდემიამ და ლარის კურსის ვარდნამ განაპირობა. საქართველოს მთავრობის ვალის 80%-მდე საგარეო ვალია, რომელიც უცხოურ ვალუტაშია (ძირითადად დოლარსა და ევროში) და ლარის გაუფასურების შემთხვევაში ლარში აღრიცხული ვალი იზრდება.

ფონდის პროგნოზით, საქართველოს მთავრობის ვალი 2022 წლის ბოლოს მშპ-ის 50.3% იქნება და 2021 წელთან შედარებით 4 მილიარდი ლარით გაიზრდება. 2023 წელს კი 36 მილიარდს ლარს მიაღწევს.

საქართველოს მთავრობის ვალი 2013-2016 წლებშიც იზრდებოდა, 2017-2018 წლებში მშპ-ის მიმართ მცირედით შემცირდა – 37.5%-მდე, თუმცა 2019 წელს მშპ-ის 40.4%-მდე გაიზარდა. 2020 წელს პანდემიის გამო ვალი მშპ-ის მიმართ თითქმის 20 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 2013-2021 წლებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აქვს

სავალუტო ფონდის მიხედვით, მსოფლიოში მთავრობის ვალი ყველაზე მძიმე ტვირთად ვენესუელას აწევს, სადაც მთავრობას მშპ-ის მიმართ 307% ვალი აქვს – 14 ტრილიონ დოლარამდე. მეორე ადგილზე იაპონიაა, რომელსაც მშპ-ის მიმართ 263% ვალი აქვს. მესამე ადგილზე საბერძნეთია მშპ-ის მიმართ 199% მთავრობის ვალით. ნომინალურ გამოსახულებაში ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აშშ-ს აქვს – 30.5 ტრილიონი დოლარი.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი სომხეთს აქვს, მშპ-ის მიმართ 60.3%. შემდეგ თურქეთი მოდის მშპ-ის მიმართ 41.6%-ით. აზერბაიჯანის მთავრობის ვალი მშპ-ის 26.4%-ია, რუსეთის კი მშპ-ის 17% (2021 წლის ბოლოს მდგომარეობით).

მსოფლიოში ყველაზე დაბალი დავალიანება ბრუნეის მთავრობას აქვს – მშპ-ის 1.8%. შემდეგ ტუვალუ მოდის მშპ-ის მიმართ 6%-ით და ქუვეითი მშპ-ის მიმართ 8.7% დავალიანებით.

ყველაზე მაღალი მთავრობის ვალის მქონე 10 ქვეყანა, 2021 წელი

 

ქვეყანა

მშპ-ის მიმართ, %

1

ვენესუელა

307

2

იაპონია

263

3

საბერძნეთი

199

4

სუდანი

184

5

ერიტრეა

171

6

კაბო-ვერდე

154

7

იტალია

151

8

ბარბადოსი

136

9

ბუტანი

135

10

სინგაპური

133

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა