კომპანია Netflix-ის განცხადებით, „Stranger Things“-ის მეოთხე სეზონს სტრიმინგ-სერვისის გამომწერებმა საერთო ჯამში დაახლოებით 1.15 მილიარდი საათი დაუთმეს. მხოლოდ გასულ შაბათ-კვირას მათ სერიალის ყურებაში 301 მილიონი საათი გაატარეს. შედეგად, სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა პლატფორმაზე ყველაზე პოპულარულ ინგლისურენოვან სერიალად იქცა.
აღსანიშნავია, რომ „Stranger Things 4“ სხვადასხვაენოვან სატელევიზიო შოუებს შორის გახდა მეორე სერიალი, რომელმაც 1-მილიარდიანი ნიშნული გადაკვეთა. მსგავს წარმატებას სამხრეთკორეულმა „Squid Game“-მაც მიაღწია, რომელსაც Netflix-ზე ნახვის ხანგრძლივობის კუთხით რეკორდი ეკუთვნის. სერიალის ნახვაში სტრიმინგ-სერვისის გამომწერებმა საერთო ჯამში 1,6 მილიარდი საათი გაატარეს. არ არის გამორიცხული, რომ „Stranger Things 4“-მა „Squid Game“-ის რეკორდი მოხსნას.
გამოსვლიდან დღემდე „Stranger Things 4“-მა უკვე ორი რეკორდი დაამყარა. სერიალის მეოთხე სეზონის პირველ ნაწილს Netflix-ის გამომწერებმა სადებიუტო უიკენდზე საერთო ჯამში 286.7 მილიონი საათი დაუთმეს, რაც ინგლისურენოვან სატელევიზიო შოუებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
„Stranger Things 4“-მა მეორე რეკორდი ნახვების ხანგრძლივობის კუთხით ერთკვირიან პერიოდში დაამყარა. მას სტრიმინგ-სერვისის მომხმარებლებმა, 23 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, საერთო ჯამში 5.1 მილიარდი წუთი დაუთმეს, რაც Netflix-ის ინგლისურენოვან სატელევიზიო სერიალებს შორის ასევე საუკეთესო შედეგია.