გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ტურნირი კარიერაში მეშვიდედ მოიგო და ტიტულთან ერთად სოლიდური საპრიზო თანხა მოიპოვა. „უიმბლდონის“ დასრულების შემდეგ კი ATP-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც სერბი ჩოგბურთელი მე-3-დან მე-7 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს: „ბარსელონამ“ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია; საუდის არაბეთის ერთ-ერთმა კლუბმა კი კრიშტიანუ რონალდუს ორ სეზონში საკმაოდ სარფიანი ხელფასი შესთავაზა; ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა (ISU) რუსეთსა და ჩინეთში გრან-პრის ფარგლებში დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები გააუქმა; მადრიდის „რეალმა“ კი BMW-სთან კონტრაქტი გააფორმა.

მოცემულ ბლოგში აღნიშნული სიახლეების შესახებ დეტალურად მოგვითხრობთ.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა „უიმბლდონი“ მეშვიდედ მოიგო

35 წლის სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ტურნირი მეშვიდედ მოიგო. მან ფინალურ შეხვედრაში ავსტრალიელი ნიკ კირიოსი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩს ეს ტურნირი 2011, 2014, 2015, 2018, 2019 და 2021 წლებში აქვს მოგებული.

პრესტიჟული ტიტულის მოპოვებასთან ერთად სერბმა საპრიზო თანხის სახით 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. ცნობისთვის, გასულ წელს უიმბლდონის ტურნირის მოგებისთვის ჯოკოვიჩს 1.7 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაეცა.

ფოტო: Getty Images

რაც შეეხება ნიკ კირიოსს, რომელიც „უიმბლდონის“ ფინალში ავტომატურად, ტრავმის გამო ტურნირიდან რაფაელ ნადალის მოხსნის შედეგად აღმოჩნდა, მან 1 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ოდნავ მეტი გამოიმუშავა.

აქვე გეტყვით, რომ „უიმბლდონის“ ჯამური საპრიზო ფონდი წელს გასულ წელთან შედარებით 15%-ით იყო გაზრდილი და 40.35 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.

„უიმბლდონის“ დასრულების შემდეგ, ATPმ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) უიმბლდონის ტურნირის დასრულების შემდეგ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ახალ რეიტინგში „უიმბლდონის“ წლევანდელი ჩემპიონი, ნოვაკ ჯოკოვიჩი მე-7 ადგილს იკავებს – სერბი მე-3 პოზიციიდან ჩამოქვეითდა.

რაც შეეხება ATP-ის რეიტინგის ლიდერს, ის კვლავ რუსი დანიილ მედვედევია. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსი ჩოგბურთელები არაერთი ტურნირიდან, მათ შორის „უიმბლდონიდან“ მოხსნეს, ზოგ ჩემპიონატზე კი საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა აეკრძალათ.

ფოტო: euronewssource.com

სწორედ ზემოხსენებული მიზეზით, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში რუსი ჩოგბურთელების გასწვრივ შეუვსებელია გრაფა, რომელშიც უნდა ეწეროს, თუ რომელ ქვეყანას წარმოადგენენ სპორტსმენები.

წარმოგიდგენთ ATP-ის რეიტინგის ტოპათეულს, ასევე მასში შემავალი ჩოგბურთელების მიერ კარიერის განმავლობაში მოგებულ საპრიზო თანხას:

  1. დანიილ მედვედევი (-) – 7775 ქულა / $24,1 მილიონი
  2. ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) – 6850 ქულა / $32,4 მილიონი
  3. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 6165 ქულა / $131,3 მილიონი
  4. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – 5150 ქულა/ $19,8 მილიონი
  5. კასპერ რუდი (ნორვეგია) – 5050 ქულა / $7,7 მილიონი
  6. კარლოს ალკარასი (ესპანეთი) – 4845 ქულა / $6 მილიონი
  7. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 4770 ქულა / $159 მილიონი
  8. ანდრეი რუბლევი (-) – 3700 ქულა / $12 მილიონი
  9. ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა) – 3445 ქულა / $7,4 მილიონი
  10. იანიკ სინერი (იტალია) – 3185 ქულა / $5,6 მილიონი

შენიშვნა: საპრიზო თანხა დაანგარიშებულია როგორც ერთეულთა თანრიგის, ისე წყვილთა შორის შეჯიბრებების მონაცემთა მიხედვით.

 „ბარსელონამ“ ლევანდოვსკის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია

ესპანურმა გრანდმა, „ბარსელონამ“ დაადასტურა, რომ „ბაიერნიდან“ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. როგორც ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, პოლონეთის ნაკრების კაპიტანს ახალ კლუბში გადასვლამდე სამედიცინო შემოწმების გავლა და კონტრაქტზე ხელის მოწერა დარჩა.

რომანოს ინფორმაციით, „ბარსელონას“ ლევანდოვსკის ტრანსფერი, საერთო ჯამში, 50 მილიონი ევრო დაუჯდება. აქედან 45 მილიონ ევროს კლუბი უშუალოდ ფეხბურთელში გადაიხდის, 5 მილიონ ევროს კი კონტრაქტის ბონუსის სახით.

როგორც ირკვევა, მხარეები სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელიც, ხელშეკრულების პირობების თანახმად, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.

ფოტო: Sven Simon

ლევანდოვსკი მიუნხენის „ბაიერნს“ დორტმუნდის „ბორუსიიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით 2014 წლის 1-ელ ივლისს შეუერთდა. Transfermarkt-ზე დაყრდნობით, პოლონელის საბაზრო ღირებულებამ კარიერის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს, 90 მილიონ ევროს, სწორედ „ბაიერნში“ თამაშის დროს მიაღწია.

ფეხბურთელს სხვადასხვა საკლუბო ჩემპიონატში საერთო ჯამში 676 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა განმავლობაში თავი 509 გოლითა და 135 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, პოლონეთის სახელით ლევანდოვსკის 132 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან ნაკრების მაისურით, მოცემულ დრომდე, 76 გოლის გატანა შეძლო.

საუდის არაბეთის კლუბმა რონალდუს სოლიდური ხელფასი შესთავაზა – პორტუგალიელი უარზეა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ კვლავ ახალი კლუბის ძიებაშია. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელს საუდის არაბეთის ერთ-ერთმა კლუბმა სოლიდური ხელფასი შესთავაზა.

TVI-ისა და CNN Portuguesa-ს თანახმად, რონალდუმ €300-მილიონიანი შეთავაზება მიიღო. მათივე ცნობით, საუდის არაბეთის კლუბში გადასვლის შემთხვევაში, პორტუგალიელი ორ სეზონში 250 მილიონ ევროს მიიღებს, 30 მილიონი ევრო „მანჩესტერ იუნაიტედს“, 20 მილიონი ევრო კი შუამავლებს ერგებათ.

ფოტო: Getty Images

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუმ საუდის არაბეთიდან მიღებულ შეთავაზებაზე უარი თქვა. ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, რის გამოც მხოლოდ ევროპულ კლუბებს განიხილავს. პორტუგალიელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება სწორედ იმ მიზეზით გადაწყვიტა, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ პრემიერ-ლიგა მე-6 ადგილზე დაასრულეს და შედეგად, ევროპა-ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად კლუბი ოთხეულში უნდა მოხვედრილიყო.

რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა 37 წლის ფეხბურთელი არაერთ გრანდს, მათ შორის მიუნხენის „ბაიერნს“, ლონდონის „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შესთავაზა, თუმცა, როგორც ბოლო პერიოდში მედიაში დაიწერა, მათ სპორტსმენის შეძენაზე უარი განაცხადეს.

ISU-მ რუსეთსა და ჩინეთში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა

ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა (ISU) უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთში გრან-პრის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა, რუს და ბელარუს სპორტსმენებს კი ტურნირზე ასპარეზობის უფლება ჩამოართვა. რაც შეეხება ჩინეთს, ISU-მ აზიურ ქვეყანაში გრან-პრის ღონისძიებების გაუქმება იქ არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთს „როსტელეკომის თასის“ ყოველწლიური ტურნირისთვის წლის ბოლოს უნდა ემასპინძლა, თუმცა ISU-მ განაცხადა, რომ ღონისძიება 25-27 ნოემბერს ესპოოში, ფინეთში გაიმართება.

ფოტო: REUTERS

„უკრაინაში მიმდინარე ომისა და ჩინეთში ეპიდვითარების გაუარესების გამო ISU-ის ფიგურულ სრიალში „როსტელეკომის თასისა“ (რუსეთი) და ფიგურული სრიალის თასის (ჩინეთი) ფარგლებში სპორტული ღონისძიებები დაგეგმილი წესის შესაბამისად ვერ გაიმართება“, – წერია ISU-ის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად… არც ერთი მოციგურავე, რომელიც ISU-ის წევრ ქვეყნებს, რუსეთსა და ბელარუსს წარმოადგენს, არ შეიძლება მიიწვიონ ან დაუშვან ციგურაობის საერთაშორისო ტურნირებზე“.

მადრიდის „რეალმა“ Audi BMW-თი ჩაანაცვლა

მადრიდის „რეალმა“ დაადასტურა, რომ ავტომობილების მწარმოებელ გერმანულ კომპანია BMW-სთან სპონსორობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა. კლუბის სპონსორების ჩამონათვალში კომპანია „მდგრადი მობილობის პარტნიორის“ სტატუსით შევა.

მხარეებს შორის გარიგებაზე მუშაობის შესახებ ჯერ კიდევ ივნისში გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, ხელშეკრულება მადრიდის „რეალის“ მამაკაცთა და ქალთა პირველ კლუბებს, ასევე საკალათბურთო გუნდს მოიცავს – გუნდების ყველა მოთამაშესა და სამწვრთნელო შტაბს BMW-ის ელექტრომობილები მოემსახურება.

ზემოხსენებულის გარდა, ავტომწარმოებელი კლუბს მდგრადი განვითარების მიმართულებით დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, მოცემულ დრომდე „რეალის“ სპონსორებს შორის ავტომობილების კატეგორიაში კიდევ ერთი გერმანული კომპანია, Audi იყო წარმოდგენილი. ეს უკანასკნელი კლუბთან 19 სეზონის განმავლობაში თანამშრომლობდა.

აღსანიშნავია, რომ BMW ასევე არის იტალიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, სერია A-ს მოქმედი ჩემპიონის, „მილანის“ სპონსორი. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2021 წლის მარტში გაფორმდა.