საქართველოს ბანკი დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „გრადა“ მორიგ საინტერესო პროექტს ახორციელებს. „მწვანე ხეივანი“ 55,965 კვ.მ-ზე 7 საცხოვრებელ ბლოკს, დახურულ აუზს, სპა ზონას, სპორტულ მოედანსა და რეკრეაციულ სივრცეებს გააერთიანებს.
კომპლექსი 30 სხვადასხვა ტიპის, 684 ბინისგან შედგება. პროექტის ჯამური ღირებულება 22 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს. საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია კი 14 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება. „მწვანე ხეივნის“ დასრულება 2024 წელს იგეგმება.
„მწვანე ხეივანი“ ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებებს სრულად ჰპასუხობს და მაცხოვრებელს კომფორტისთვის მრავალფეროვან ზონებსა და სივრცეებს შესთავაზებს. პროექტი მიწისქვეშა ორდონიან ავტოსადგომს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს, ღია ფიტნესს და საბავშვო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. ადგილზე ასევე მოეწყობა სასეირნო, სარბენი და ველობილიკები თავისი ველოსადგომით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალური კომფორტი უზრუნველვყოთ „მწვანე ხეივნის“ მაცხოვრებლებისთვის. ამისთვის, კომპლექსის ლობიში განთავსდება კონსიერჟი, დახურული ეზო კი 24-საათიანი დაცვითა და კამერებით აღიჭურვება. მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კიდევ ერთი პროექტი ვაქციოთ რეალობად“, – აცხადებს გრადას გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნათია ლაბაძე.
“გრადა 7 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში, პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მასშტაბური პროექტიც განახორციელა. მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ მორიგ პროექტს — მწვანე ხეივანს, რომელიც დიღომში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას და გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება დადებითად აისახება როგორც აღნიშნული სექტორის განვითარებაზე, ასევე ზოგადად ბიზნეს გარემოზე“, — აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილე, ვალერი ნარსია.