Baidu-მ თვითმართვადი ავტომობილი წარადგინა, რომელსაც საჭე ეხსნება

Baidu-მ თვითმართვადი ავტომობილი წარადგინა, რომელსაც საჭე ეხსნება

ჩინურმა გიგანტმა, Baidu-მ ახალი თვითმართვადი ავტომობილი წარადგინა, რომელსაც საჭე ეხსნება. კომპანია ავტომობილის გამოყენებას მომდევნო წლიდან ჩინეთში რობოტაქსის სერვისისთვის გეგმავს.

Baidu-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თვითმართვადი ავტომობილის ღირებულება 37 000 აშშ დოლარი იქნება. ცნობისთვის, წინა მოდელი აღნიშნულზე ორჯერ ძვირი ღირდა. კომპანიის განმარტებით, ღირებულების განახევრება Baidu-ს ჩინეთში ათიათასობით ახალი თვითმართვადი ავტომობილის გაშვების შესაძლებლობას მისცემს.

„ჩვენ ვუახლოვდებით მომავალს, როდესაც რობოტაქსის სერვისის ღირებულება დღეს არსებული ტაქსის მომსახურების ღირებულებაზე ორჯერ ნაკლები იქნება“, – განაცხადა Baidu-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რობინ ლიმ.

ახალი ავტომობილი მეოთხე თაობის თვითმართვადი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი. ცნობისთვის, მეოთხე თაობის ტექნოლოგიას ფუნქციონირებისა და გადაადგილებისათვის ადამიანის ჩარევა არ ესაჭიროება. Baidu-ს თვითმართვადი ავტომობილი 8 ლიდარითა და 12 კამერით იქნება აღჭურვილი. ლიდარი, რადარის მსგავსი სისტემაა, რომელიც რადიოტალღების ნაცვლად ლაზერულ სინათლეს იყენებს.

საინტერესოა, რომ უსაჭო რობოტაქსის ავტომობილის გამოშვება აპრილში Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმაც დააანონსა. მისი ინფორმაციით, კომპანია მსგავსი ტრანსპორტის წარმოებას 2024 წლიდან დაიწყებს. მასკის თქმით, Tesla-ს რობოტაქსით მგზავრობის ღირებულება ავტობუსის ბილეთზე იაფი იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *