გასულ წელს, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ქსელის, TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანიის, ByteDance-ის საოპერაციო წაგება გასამმაგდა და $7-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაზე დაყრდნობით წერს. როგორც რაპორტიდან ირკვევა, ByteDance-ის საოპერაციო წაგების ზრდა კომპანიის მიერ გაფართოებისაკენ მიმართული საინვესტიციო დანახარჯების მატებამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ განსხვავებული მდგომარეობაა მიმდინარე წელს, რომლის პირველ კვარტალში, ჩინურმა კომპანიამ საოპერაციო მოგება დააფიქსირა.
უნდა ითქვას, რომ ByteDance-ი საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებას არასდროს აქვეყნებს. ამგვარად, რაპორტი, რომელიც WSJ-ს ხელში ჩაუვარდა, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია. თავად ანგარიში, რომელიც კომპანიის მესვეურებმა თანამშრომლებს მიმდინარე წლის აგვისტოში გაუგზავნეს, 2020-2021 წლების და 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს აერთიანებს.
როგორც რაპორტიდან ირკვევა, ByteDance-ის შემოსავლები კოლოსალური სისწრაფით იზრდება – 2022 წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა $18.3 მილიარდი შეადგინა, რაც კომპანიას დიდი მოცულობით ნაღდი ფულის აკუმულირებისა და ინვესტიციების განხორციელების საშუალებას აძლევს. გასულ წელს, კომპანიის შემოსავალი 80%-ით გაიზარდა და $61.7 მილიარდი შეადგინა, მაგრამ ანალოგიური ზრდა დაფიქსირდა კომპანიის დანახარჯებშიც, რომელთაგან $14.6 მილიარდი კვლევასა და განვითარებაზე დაიხარჯა, $19.2 მილიარდი კი – მარკეტინგულ დანახარჯებზე; ამასთანავე, კომპანიას $75.6-მილიარდიანი ზარალი მიადგა მის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების ღირებულების შემცირების გამო. საინტერესოა, რომ 2020 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 76%-ითაა მომატებული. რაც შეეხება კომპანიის საოპერაციო წაგებას, გასულ წელს მან $7.15 მილიარდი, 2020-ში კი – $2.14 მილიარდი შეადგინა.
ByteDance-ის შარშანდელ დანახარჯებს შორის მნიშვნელოვანი წილი კომპანიის მიერ სხვადასხვა სექტორებში განხორციელებულ ინვესტიციებზე მოდის. ამათგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვიდეოთამაშების ინდუსტრია: შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ByteDance-მა ვიდეოთამაშების ჩინური მწარმოებელი, Shanghai Moonton Technology Co, $4 მილიარდად შეიძინა. ამასთანავე, როგორც ირკვევა, კომპანია ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს კვლევასა და განვითარებაზე, განსაკუთრებით მიკროჩიპების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ TikTok-ის გარდა, ByteDance-ი სხვა კომპანიებსაც ფლობს, რომელთაც ჩინეთში ასობით მილიონი ადამიანი იყენებს – მათ შორისაა მცირე ქრონომეტრაჟის ვიდეოების გასაზიარებელი პლატფორმა, Douyin-ი და საინფორმაციო პლატფორმა, Jinri Toutiao. ფინანსური ანგარიშგება, რომელიც The Wall Street Journal-ს ხელში ჩაუვარდა, ერთობლივია და მასში მოცემული ინფორმაცია კონკრეტული კომპანიების ფინანსური შედეგების მიხედვით ჩაშლილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ByteDance-ი არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაარსებული კომპანიაა – ის ჩინელმა ანტრეპრენიორმა, ჭანგ იმინგმა 2012 წელს დააფუძნა და მას მერე გლობალური ინვესტორებისგან მილიარდობით დოლარი მოიზიდა. 2020 წლის ბოლოს, მორიგი საინვესტიციო რაუნდის დახურვის შემდეგ, რომელშიც Fidelity Investments-ი და მისი ინვესტორები მონაწილეობდნენ, ჩინური კომპანია $180 მილიარდად იყო შეფასებული.
კოლოსალური შეფასების მიუხედავად, კომპანია საკუთარი აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებას არ ჩქარობს. მეტიც, როგორც The Wall Street Journal-მა სექტემბერში დაწერა, ჩინურმა გიგანტმა საკუთარი აქციების გამოსყიდვა დაიწყო, კომპანიის $300-მილიარდიანი შეფასებით. საინტერესოა, რომ ამ დრომდე, ByteDance-ის აქციების ყიდვა $400-მილიარდიანი შეფასებითაც იყო შესაძლებელი. ცნობისთვის გეტყვით, რომ 2021 წლის ბოლოს, ByteDance-ს 130 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა.