ბოლო ინსტანციის კრედიტორი (ინგლისურად Lender of Last Resort (LOLR)) არის ორგანიზაცია, რომელიც ბანკებს და სხვა საფინანსო დაწესებულებებს სესხს აძლევს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დროს. ამით ის სესხის მიმღებებს გაკოტრებისგან იცავს. ასეთ კრედიტორებს ხშირად „ბოლო იმედის კრედიტორებსაც“ ეძახიან.
პრაქტიკაში ბოლო ინსტანციის კრედიტორი ძირითადად ქვეყნების ცენტრალური (სახელმწიფო) ბანკებია. საქართველოში ასეთია საქართველოს ეროვნული ბანკი. ცენტრალური ბანკების მიზანია, ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტები გაკოტრებისგან იხსნას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი არ დაიწყოს და მოსახლეობა მნიშვნელოვნად არ დაზარალდეს.
დღეს ცენტრალური ბანკები უფრო ხშირად გვევლინებიან კომერციული ბანკების კრედიტორებად, ვიდრე ამას ბოლო ინსტანციის კრედიტორის კლასიკური როლი გულისხმობს. ცენტრალური ბანკები კომერციულ ბანკებს მოკლევადიან სესხებს ლიკვიდობის შესანარჩუნებლადაც აძლევენ. ამის მიზანია, ბანკებს ნაღდი ფული არ შემოაკლდეთ.