ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსულ ნავთობპროდუქტებზე, რაფინირებულ საწვავსა და დიზელზე ფასის ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ.
პრემიუმის ტიპის საწვავის და დიზელის მაქსიმალური ფასი ბარელზე 100 დოლარით განისაზღვრება; დაბალი ხარისხის საწვავისა და ნავთობპროდუქტების ფასის ლიმიტი კი ბარელზე 45 დოლარი იქნება.
აღნიშნული სანქცია ნედლ ნავთობზე დაწესებული 60-დოლარიანი ლიმიტის პარალელურად იმოქმედებს და ის ძალაში მომდევნო კვირიდან შევა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში რუსული ნავთობის და საწვავის იმპორტი ისედაც აკრძალულია, შესაბამისად, ფასის ლიმიტი რეალურად მხოლოდ სატრანსპორტო და სადაზღვევო კომპანიებზე გავრცელდება. კერძოდ, მათ აეკრძალებათ ისეთი რუსული ტანკერისთვის მომსახურების გაწევა, რომელიც განსაზღვრულ ნიშნულზე ძვირად შეძენილი საწვავით ან ნედლი ნავთობით იქნება დატვირთული.
ექსპერტების შეფასებით, EU-ს ახალი სანქცია საერთაშორისო ბირჟაზე ფაქტობრივად არაფერს ცვლის, რადგან რუსული ნავთობის სარეალიზაციო ბაზრად 2022 წლის შემდეგ ისედაც აზიის რეგიონი იქცა, ნაცვლად ევროპისა. ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი კი რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის საკუთარ მილსადენებს და ტანკერებს იყენებენ, რომლებზეც აღნიშნული სანქცია სამართლებრივად ვერ გავრცელდება.
ამჟამად ბირჟაზე ბარელი Brent-ის ფასი 80 დოლარს შეადგენს; რუსული Urals-ის შეძენა კი 54 დოლარადაა შესაძლებელი.