საქსტატი: III კვარტალში რუსეთიდან საქართველოში 596.8 ათასი ვიზიტორი შემოვიდა

საქსტატი: III კვარტალში რუსეთიდან საქართველოში 596.8 ათასი ვიზიტორი შემოვიდა

ფოტო: Joe Harrison

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.1%-იანი ზრდაა. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წლიურად 3.6%-ით მეტია.

საერთაშორისო ვიზიტორებმა მესამე კვარტალში 2.6 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.3%-ით აღემატება. მათ შორის, 2.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი იყო, რაც წლიურად 4.7%-იან ზრდას ნიშნავს.

ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. მესამე კვარტალში საქართველოში რუსეთიდან 596.8 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობის 26.7%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე თურქეთი იყო 14.5%-იანი წილით, მესამეზე კი სომხეთი – 11%-ით. ვიზიტების რაოდენობის მიხედვითაც ლიდერობდნენ რუსეთის, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეები, რომლებმაც შესაბამისად 695.8 ათასი, 398.1 ათასი და 316.2 ათასი ვიზიტი განახორციელეს.

ამასთან, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 5.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 8.2%-ით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი წლიურად 11.1%-ით შემცირდა და 2 194.4 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, საერთაშორისო ვიზიტორების 44.5% 31-50 წლის ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, ხოლო ქალების წილი ვიზიტორთა საერთო რაოდენობაში 48.8% იყო.

ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 58.8%, დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა – შესაბამისად, 1.35 მილიონი და 1.29 მილიონი.

ვიზიტების ტიპის მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტორების 82.1% მხოლოდ ტურისტი იყო, 14.3% – მხოლოდ ექსკურსანტი, ხოლო 3.6% ორივე კატეგორიას მიეკუთვნებოდა.


ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.

ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით ჩამოსულები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).

ვიზიტი არის ვიზიტორების გადაადგილება.

ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე.

ექსკურსანტი არის ვიზიტორი, რომელიც ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი