აშშ გეგმავს, ჩინურ სატელეკომუნიკაციო ფირმებს ამერიკულ ნომრებზე წვდომა შეუზღუდოს

აშშ გეგმავს, ჩინურ სატელეკომუნიკაციო ფირმებს ამერიკულ ნომრებზე წვდომა შეუზღუდოს

ფოტო: REUTERS/Tingshu Wang

 

აშშ გეგმავს, ჩინური ტელეკომუნიკაციების კომპანიებისთვის აშშ-ის ტელეფონის ნომრებზე პირდაპირი წვდომა აკრძალოს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეერთებული შტატები ეროვნული უსაფრთხოების მოტივებით ხსნის.

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ განაცხადა, რომ 19 ნოემბერს კენჭს უყრის წინადადებას, რომელიც China Mobile-ს, China Telecom-ს და China Unicom-ს, ასევე სხვა IP-ზე მომუშავე სერვისის პროვაიდერების პირდაპირი წვდომის აკრძალვას ეხება.

„ამ გადაწყვეტილებით, FCC გააძლიერებს ჩვენს დაცვას არაკეთილსინდისიერი აქტორებისა და უკანონო ზარების წინააღმდეგ“, – განაცხადა FCC-ის თავმჯდომარემ ბრენდან კარმა.

პასუხად, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ ის მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-ის სავარაუდო აკრძალვას და ვაშინგტონს ჩინური საწარმოების ჩასახშობად ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

„ჩინეთი მიიღებს აუცილებელ ზომებს საკუთარი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების მტკიცედ დასაცავად“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური სააგენტოს განმარტებით, უწყება 2028 წლის დეკემბერში ამერიკული ელექტრონიკის ტესტირებას ყველა ჩინურ ლაბორატორიას აუკრძალავს. ასევე, შესაძლოა, გააუქმოს პირდაპირი ნომრის ავტორიზაცია იმ ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც, მისი აზრით, ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, რომ FCC-მა China Mobile-ს, China Telecom-სა და China Unicom-ს აშშ-ში საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდება უკვე აუკრძალა.

სხვა განსახილველი ზომები მოიცავს მათთვის აშშ-ის ქსელებთან დაკავშირების და აშშ-ში მონაცემთა ცენტრების ფუნქციონირების აკრძალვასაც.

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა შეშფოთება ჯაშუშობის პოტენციალისა და სხვა ზიანის შესახებ, რომელიც ჩინეთის მიერ აშშ-ის სატელეკომუნიკაციო მონაცემებსა და ინფრასტრუქტურაზე წვდომის შედეგად წარმოიქმნება.

2024 წლის ბოლოს ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა კიბერჯაშუშობის ჯგუფმა, რომელიც ცნობილია როგორც Salt Typhoon–ი, მომხმარებელთა ზარების ჩანაწერები და მონაცემები მოიპარა და  აშშ-ის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ფირმებში შეაღწია.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.