ამერიკის შეერთებული შტატები მწვანე ტექნოლოგიების განვითარების მხრივ ახალ ნაბიჯებს დგამს, რის ფარგლებშიც, ნახშირბადის აღმოფხვრის ინდუსტრიის ოცზე მეტმა კომპანიამ გასულ კვირას აშშ-ის მთავრობის პოლიტიკის ლობირების მიზნით კოალიცია ჩამოაყალიბა. კომპანიათა ჯგუფი მთავრობას ახალი ტექნოლოგიების კომერციალიზაციაში დაეხმარება. კერძო ინვესტიციები კი მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა, რაშიც დიდი როლი პრეზიდენტ ბაიდენის მიერ შარშან მიღებულმა „ინფლაციის შემცირების აქტმა“ ითამაშა.
განახლებადი ენერგიის მიმართულებით განვითარებას კი განაგრძობს ჩინეთიც, რომელმაც მზისა და ქარის ენერგიისთვის კლიმატური პროგნოზირების ეროვნული მოდელი შექმნა. მოდელი ჩინეთს ენერგომოთხოვნილებისა და მიწოდების განსაზღვრაში დაეხმარება. საინტერესო სიახლეები აქვს Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის კოსმოსურ ფირმა Blue Origin-საც. კომპანიამ ახალი მეთოდი შეიმუშავა, რომლის საშუალებითაც, როგორც თავად აცხადებენ, მზის ენერგიის შეუზღუდავი რაოდენობის მიღებაა შესაძლებელი.
ნახშირბადის აღმოფხვრის ინდუსტრიის კომპანიებმა აშშ-ის მთავრობის პოლიტიკის ლობირების მიზნით კოალიცია ჩამოაყალიბეს
ნახშირბადის აღმოფხვრის ინდუსტრიის ოცზე მეტმა კომპანიამ გასულ კვირას, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკის ლობირების მიზნით, ახალი კოალიცია ჩამოაყალიბა. კომპანიათა ჯგუფი მთავრობას ახალი ტექნოლოგიების კომერციალიზაციაში დაეხმარება, რომელშიც ბოლო პერიოდში კერძო ინვესტიციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
CRA იმ კომპანიათა ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც ნახშირბადის ემისიების აღმოსაფხვრელად საჭირო ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობენ, ყიდულობენ კრედიტებს ნახშირბადის მოცილების პროექტებიდან და მხარს უჭერენ სფეროს განვითარებას. მსგავსი ტიპის კომპანიებისგან შემდგარი ასოციაცია კი, აშშ-ის კანონმდებლებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან საკითხების განხილვის პროცესში, ინდუსტრიის ერთიან ხმას წარმოადგენს.
წლების განმავლობაში კლიმატურ კრიზისთან გასამკლავებლად, მათ შორის თუნდაც პირდაპირ ატმოსფერული ჰაერიდან ნახშირბადის ემისიების დაჭერისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიები, საკმაოდ ამბიციურ იდეებად მიიჩნეოდა. თუმცა ფედერალური ინფრასტრუქტურული კანონპროექტისა და ინფლაციის შემცირების აქტის შემოღების შემდგომ ინვესტორები განვითარებად სფეროში მილიონობით დოლარის ინვესტიციებს ახორციელებენ.
აღნიშნული კანონპროექტების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ნახშირბადის აღმოსაფხვრელად საჭირო ტექნოლოგიების განვითარებაზე, გრანტების, ტექნოლოგიური მხარდაჭერისა და საგადასახადო კრედიტების საშუალებით, $580 მილიარდს დახარჯავს.
„ერთად ჩვენ ნახშირბადის მოცილების ტრილიონდოლარიანი ინდუსტრიის პოტენციალის რეალიზებაზე ვიმუშავებთ – ინოვაციების კატალიზებით, მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნითა და ეკონომიკური განვითარების სტიმულირებით კი კლიმატური მიზნების მიღწევას შევძლებთ“, – ნათქვამია CRA-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰაერიდან ნახშირბადის დაჭერისთვის რაიმე ფართომასშტაბიანი პროექტი არ ფუნქციონირებს, თუმცა არის გარკვეული პროექტები, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს. ნახშირორჟანგის აღმოფხვრის ორი ძირითადი ეტაპი მოიცავს ქიმიურ პროცესებს, როგორიცაა ჰაერიდან ემისიების პირდაპირი დაჭერა ან ბუნებრივ პროცესებს, მათ შორის ხეების დარგვას, რაც ატმოსფეროს ნახშირბადისგან გაწმენდას შეუწყობს ხელს.
CRA-ის ჯიანა ამადორი, ნახშირბადის მოცილების არასამთავრობო ორგანიზაცია Carbon 180-ის დამფუძნებელი უხელმძღვანელებს. ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის კი DAC-ის სტარტაპ Sustaera-ს, Climeworks-სა და Heirloom-ის შევხვდებით.
Blue Origin-ის ახალი მეთოდით მზის ენერგიის შეუზღუდავი რაოდენობით მიღებაა შესაძლებელი
Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანია Blue Origin-მა ახალი მეთოდი შეიმუშავა, რომლის საშუალებითაც, როგორც თავად კომპანიაში აცხადებენ, მზის ენერგიის პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობით მიღებაა შესაძლებელი. ახალი მეთოდი მზის პანელებისა და გადამცემი სადენების წარმოებისთვის, მხოლოდ მთვარის რეგოლითის გამოყენებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს Blue Origin-მა SpaceX-ისთვის მიცემული მთვარის კონტრაქტის გამო, აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს, NASA-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. დავის შეწყვეტის მიუხედავად, ბეზოსის კომპანიამ შესაძლოა მთვარის ჰაბიტატების შენარჩუნებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს, რაც Blue Origin-ის უახლესი ინოვაციის, Blue Alchemist-ის დამსახურება იქნება, რომელსაც მზის ენერგიის შეუზღუდავი რაოდენობით წარმოება შეუძლია.
Blue Alchemist-ის მეთოდი ითვალისწინებს ელექტროლიზის გამოყენებას, რათა დნობისას მთვარის რეგოლითიდან გამოცალკევდეს ალუმინი, რკინა და სილიკონი, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება მზის პანელების შესაქმნელი მასალის მიღება.
Blue Origin-ის ახალი მეთოდი შესაძლოა აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მისიის მნიშვნელოვან ნაწილადაც იქცეს და Artemis-ის პროგრამის ფარგლებში, მთვარეზე NASA-ს წარმომადგენლების მუდმივი დარჩენა უზრუნველყოს. გარდა ამისა, მეთოდით მკვეთრად მცირდება მთვარეზე მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები, Blue Origin-ის მზის პანელებს კი მთვარის „მკაცრ გარემოში“ ათწლეულზე დიდხანს მუშაობა შეეძლება.
საფრანგეთი წყლის მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს
საფრანგეთი მარტიდან წყლის მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს, რაც, უკანასკნელი 64 წლის განმავლობაში ყველაზე მშრალი ზამთრის შემდეგ, უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება. განცხადება საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრმა კრისტოფერ ბეშუმ გააკეთა.
Meteo-France-ის ინფორმაციით, საფრანგეთში მშრალი ამინდი ზედიზედ 32 დღის განმავლობაში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სამხრეთით, 87 მუნიციპალიტეტში, ირიგაცია უკვე შეზღუდულია, რაც ზოგადად ჩვეულებრივი მოვლენაა ზაფხულში, თუმცა არა ზამთარში. ბეშუს ინფორმაციით, ოფიციალურ პირებთან შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხზე შეხვედრები უახლოეს დღეებში იგეგმება.
„წელიწადის ამ დროისთვის მსგავსი სიტუაცია უპრეცედენტოა“, – განუცხადა მინისტრმა Franceinfo-ს და დასძინა, რომ საფრანგეთი მზადყოფნის მდგომარეობაშია. ბეშუს არ განუმარტავს, თუ რა შეიძლება იყოს იმ შესაძლო ზომებს შორის, რომელთაც საფრანგეთი მიიღებს, თუმცა განაცხადა, რომ ეს ზომები იქნება „რბილი“ და იმოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ ზონებში, რათა ზაფხულისთვის უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა ქვეყანამ თავიდან აირიდოს. მათ შორის ერთ-ერთ მაგალითად მინისტრმა გარკვეულ ტერიტორიებზე საცურაო აუზების შევსების აკრძალვა დაასახელა.
საფრანგეთში, გასულ წელთან შედარებით, ჰიდრომარაგები გაცილებით დაბალია, უფრო მეტიც, ბოლო ათი წლის განმავლობაში მეორე ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეც კია. 2022 წელთან შედარებით, რომელიც განსაკუთრებული სიმშრალით გამოირჩეოდა, შემცირებულია ალპებში თოვლის მოცულობაც. „ჩვენი მოლოდინით, გაზაფხულსა და ზაფხულზე, ჰიდროენერგეტიკული წარმოება და მდინარეების დონე გაცილებით უფრო დაბალი იქნება“, – განაცხადა საკონსულტაციო კომპანია EnAppSys BV-ის დირექტორმა ჟან-პოლ ჰერმენმა.
Meteo-France-ის ინფორმაციით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ ნალექების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რათა მდინარეებისა და მიწისქვეშა წყლები ზაფხულის დადგომამდე ჩვეულ დონეს დაუბრუნდეს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული, სამი თვის გარდა თითქმის ყოველთვე, საფრანგეთში წვიმის დეფიციტი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ზამთრამდე დათესილი მარცვლეულის კულტურები კარგ მდგომარეობაში რჩება, FranceAgriMer-ის თანახმად, გაზაფხულზე დარგული სახეობები, შესაძლოა, გასული წლის მსგავსად, წყლის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. გაზაფხულზე დარგულ მარცვლეულს განეკუთვნება სიმინდი და შაქრის ჭარხალი. გვალვამ კი აიძულა ფერმერები, „თესვის ადაპტაციისადმი“ მიემართათ. შედეგად, ფერმერებმა გაზარდეს ზამთრის კულტურების, როგორიცაა ხორბალი, თესვა და ნაკლები ტერიტორია დატოვეს საგაზაფხულო ჯიშებისთვის.
ჯაბერი: UAE ინდოეთთან განახლებად ენერგიაზე თანამშრომლობას განიხილავს
არაბთა გაერთიანებული საამიროები ინდოეთთან პარტნიორობის ყველა შესაძლებლობას განიხილავს, რათა სამხრეთ აზიის ქვეყანას კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული გეგმების განხორციელებაში დაეხმაროს. შესაძლო პარტნიორობა COP28-ზე არაბთა გაერთიანებული საამიროების კლიმატურმა წარმომადგენელმა და ამავდროულად სამიტის პრეზიდენტმა სულთან ალ-ჯაბერმა გააკეთა.
„ინდოეთის მიზანი მომდევნო შვიდ წელიწადში 500 გიგავატი სუფთა ენერგიის დამატებაა, რაც საკმაოდ ამბიციური განაცხადია“, – აღნიშნა ალ- ჯაბერმა ნიუ-დელიში, „მდგრადი განვითარების მსოფლიო სამიტზე“ გამოსვლისას. ჯაბერის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროები, როგორც განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი, ინდოეთთან პარტნიორობის ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.
არაბთა გაერთიანებული საამიროები, OPEC-ის ნავთობის მთავარი ექსპორტიორი, მიმდინარე წელს COP28-ის სამიტს უმასპინძლებს. COP28 დუბაიში, 2023 წლის 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე გაიმართება, შედეგად კი საამიროები, ეგვიპტის შემდეგ, მეორე არაბული სახელმწიფო იქნება, რომელიც სამიტს უმასპინძლებს. კონფერენცია, 2015 წლის პარიზის შეთანხმების შემდგომ, რომელიც გლობალურ დათბობას ზღუდავს, პროგრესის პირველი გლობალური შეფასება იქნება.
ჯაბერმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დაიცავს ტემპერატურული მატების 1.5 გრადუსამდე შეზღუდვის გადაწყვეტილებას. პარიზის შეთანხმება ავალდებულებს ქვეყნებს, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, შეზღუდონ გლობალური ტემპერატურის მატება 2 გრადუსამდე, მიზნად კი მატების 1.5-გრადუსიანი ლიმიტი დაისახონ, რაც მსოფლიოს კლიმატური კრიზისით გამოწვეულ უფრო მძიმე შედეგებს ააცილებს თავიდან.
ცნობისთვის, სულთან ალ-ჯაბერი ქვეყნის მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრი და „აბუ-დაბის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორია. გარდა ამისა, ჯაბერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კლიმატური საკითხების მიმართულებით ელჩი და სამთავრობო საკუთრებაში არსებული განახლებადი ენერგიის კომპანია Masdar-ის თავმჯდომარეა. COP28-ის პრეზიდენტად მის დანიშვნას კრიტიკა უკვე მოჰყვა გარემოსდამცველი ჯგუფებისგან.
ჩინეთმა ქარისა და მზის ენერგიისთვის კლიმატის პროგნოზირების მოდელი შექმნა
ჩინეთის ცენტრალური მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანამ მზისა და ქარის ენერგიისთვის კლიმატური პროგნოზირების ეროვნული მოდელი შექმნა, რომელიც ჩინეთს ენერგომოთხოვნილებისა და მიწოდების განსაზღვრაში დაეხმარება.
მოდელი ჩინეთის მთავრობას მონაცემებსა და გრაფიკულ პროგნოზებს განახლებადი ენერგიის მიღების ძირითად ინდიკატორებზე, მათ შორის ქარის სიჩქარისა და მზის რადიაციის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. რაც შეეხება მოთხოვნის მონაცემებს, მოდელის საშუალებით მონაცემების მიღება ადგილობრივი საშუალო ტემპერატურის შესახებაა შესაძლებელი.
ჩინეთის ელექტროქსელის სისტემა გამოწვევების წინაშე დადგა, რადგან ჩვეულზე მეტად ცივმა ან ცხელი ამინდის დროს დაფიქსირებულმა მოთხოვნამ ადგილობრივ ელექტრომომარაგებას გადააჭარბა და ელექტროენერგიის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. ამას ემატება ქვეყნის სწრაფვა განახლებადი ენერგიის წყაროებისკენ, რაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მეტეოროლოგიურ მდგომარეობაზე.
ჩინეთის მიზნით, 2025 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების ნახევარი განახლებადი ენერგიის წყაროებმა უნდა უზრუნველყოს. ჩინეთმა ემისიების პიკს 2030 წლისთვის უნდა მიაღწიოს, ხოლო არსებული გეგმით, ქვეყანა ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას 2060 წლისთვის გეგმავს.
გასული წლის აგვისტოში სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში ელექტროენერგია გაითიშა. მიზეზი ტემპერატურის მკვეთრი მატება გახდა, რის შედეგადაც საცხოვრებლებში კონდიციონერზე მოთხოვნამ იმატა, ხოლო ნალექების მცირე რაოდენობამ ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება შეამცირა.
Sunrun-მა მზის პანელების დამონტაჟებით Tesla-ს SolarCity-ის რეკორდი გააუმჯობესა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მზის პანელების ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანია Sunrun-მა შვიდი წლის წინ SolarCity-ის მიერ დამყარებული რეკორდის გაუმჯობესება მოახერხა. კომპანიამ გასული წლის მეოთხე კვარტალში 275.4 მეგავატის სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა, რითაც SolarCity-ის მიერ 2015 წლის ბოლოს დამყარებული 272 მეგავატის სიმძლავრის რეკორდი გააუმჯობესა.
SolarCity-მ რეკორდი მაშინ დაამყარა, როდესაც ერთ დროს ძლევამოსილი კომპანია მისი წარმატების პიკს უახლოვდებოდა, ეს ყველაფერი კი Tesla-ს მიერ კომპანიის შესყიდვამდე ერთი წლით ადრე ხდებოდა. Tesla-ს მიერ შესყიდვამდე კომპანია რთულ სავალო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მართალია, შესყიდვის განხორციელების შემდეგ კვარტალური განლაგების მაჩვენებელი შემცირდა, Sunrun-ის შემდგომ SolarCity-მ სექტორში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის სტატუსი მაინც შეინარჩუნა.
„ზრდასთან დაკავშირებით, ჩვენ მოკრძალებით გადავაჭარბეთ ჩვენივე მოლოდინსაც კი“, – განაცხადა Sunrun-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი პაუელმა ინტერვიუში და დასძინა, რომ მათ მიერ დაფიქსირებული მონაცემები მომხმარებელში მოთხოვნის ზრდას დაუკავშირა.
საცხოვრებელ სახლებში მზის პანელების დამონტაჟების შემთხვევები ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. ზრდა განპირობებული იყო ფედერალური და სახელმწიფო სტიმულებით, ენერგიაზე მზარდი გადასახადებითა და ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხეებით. მიუხედავად ამისა, მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და აშშ-ის უმსხვილეს ბაზარზე მზის ენერგიის სუბსიდიების შემცირებით, შესაძლებელია აღნიშნული ზრდა სამომავლოდ შედარებით შემცირდეს.
Sunrun-ის ინსტალაციები გასულ წელს 25%-ზე მეტით გაიზარდა, თუმცა კომპანია სამომავლოდ არსებული ტემპის შენელებას პროგნოზირებს. კომპანიის განცხადების თანახმად, 2023 წელს ინსტალაციები 10%-დან 15%-მდე გაიზრდება.