მიკროსაფინანსო ბაზარი – გამსხვილება თუ გაქრობა?

მიკროსაფინანსო ბაზარი – გამსხვილება თუ გაქრობა?

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორმა ბევრი ცვლილება განიცადა. ერთი მხრივ, იგი გამრავალფეროვნდა, ხოლო მეორე მხრივ “გაღარიბდა”. იბადება კითხვა, როგორ შეიძლება, ეს ორი პროცესი ერთდროულად მიმდინარეობდეს? პასუხი იმ გეგმაზომიერ პოლიტიკაში დევს, რომელიც უკვე არა ერთი წელია, მიკროსაფინანსო ბაზრისა და მათი მონაწილეების მიმართ ტარდება.

დავბრუნდეთ 2006 წელში,როდესაც საქართველოს კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ ახალი რედაქციით ამოქმედდა და მისი ძირითადი არსი იყო საქართველოში მცირე საწარმოებისა და აგროსექტორის დახმარება იმ მეწარმეებისა თუ მოქალაქეებისთვის მცირე სესხების გაცემის გზით, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეეძლოთ კომერციული ბანკების სესხებით სარგებლობა. ამ ხუთნახევარგვერდიანი კანონის შემომქმედები ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ, თუ რა გამოყენებას ჰპოვებდა იგი არა მარტო იმ ორგანიზაციების მიერ, რომელთათვისაც, ფაქტობრივად, შეიქმნა იგი, არამედ იმ სუბიექტების მიერაც, რომლებსაც აზრადაც არ მოუვიდოდათ ასეთი “საჩუქრით” სარგებლობა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია ისეთივე მარტივი იყო, როგორიც ამ ტექსტის კითხვა. მის დაფუძნებას არ სჭირდებოდა არც მისი დამფუძნებლების კორპორაციული მართვის გადაჭარბებული ცოდნა, არც ფინანსური განათლება და არც დიდი და სიღრმისეული ექსპერტიზა იმ სექტორისა, რომელშიც მათ მოუწევდათ მოღვაწეობა. ერთადერთი, რაც იყო საჭირო – 250 ათასი ლარის ქონა და საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გავლა, რაც ისევე იოლი იყო, როგორც ჩვეულებრივი ელექტრონული საფოსტო ყუთის გახსნა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი გახდა ერთგვარი თავშესაფარი – ზოგისთვის კანონის შემოვლითი გზით მოღვაწეობის გასაგრძელებლად, როგორც ეს ონლაინსესხების გამცემი კომპანიების შემთხვევაში მოხდა, ზოგისთვის კი უბრალოდ თავისი სახელისა და იმიჯის გასაკეთილშობილებლად. ეროვნული ბანკი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ე.წ. “მსუბუქი რეგულირებით” და ამ ტერმინმა ბაზარი მიიყვანა იქამდე, რომ მასზე გაჩნდნენ “გაოფიციალურებული” მევახშეები, “იპოთეკების” გამცემები, ფინანსური შუამავლები და ყველა, ვისაც ოდნავ მაინც გაუგია, რა არის ფული და რომ მას შეუძლია, პროცენტი მოიტანოს. არავის არ უკვირს, რომ ასეთი საძირკვლის ჩაყრამ, წლების შემდეგ, სექტორის სრული დისკრედიტირება გამოიწვია არა მარტო მოსახლეობის, არამედ მაღალი ეშელონის სამთავრობო წრეების თვალშიც კი. მათ ეწერებოდათ მევახშეების, შუამავლებისა და ზოგჯერ “ყაჩაღების” სახელები. ხშირად საზოგადოებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ასოცირდება ისეთ სუბიექტებთანაც კი, რომლებიც ამ სტატუსთან ახლოსაც კი არ იმყოფებიან.

ამ ფონზე დაიწყო მიკროსაფინანსო ბაზარზე მყოფი სექტორის ლიდერების ე.წ. “იძულებითი ბიუტიფიკაცია”. პირველად ასეთი ფაქტი 2013 წელს დაფიქსირდა, როდესაც სექტორის იმდროინდელმა ლიდერმა – “ფინკა საქართველომ”, ეროვნული ბანკის თუ საკუთარი სურვილის შესაბამისად, დატოვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიგები, მიიღო საბანკო ლიცენზია და საქმიანობა კომერციული

ბანკის სტატუსით გააგრძელა. 2017 წლის 1 კვარტალში იგივე დაემართა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედოს”, რომელმაც, ასევე აუხსნელი მოსაზრებით, გადაწყვიტა, საბანკო ლიცენზია მიეღო და კომერციული ბანკი გამხდარიყო. საქართველოს საფინანსო სექტორში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანისთვისაც კი გაუგებარი რჩება, თუ რატომ უნდა დატოვოს სექტორის ლიდერმა თავისი ბაზარი და ისეთ ფინანსურ ინსტიტუტად გარდაიქმნას, რომელშიც ლიდერობის თეორიული შანსიც კი არა აქვს? – პასუხი ერთადერთია – რეგულატორს არ ძალუძს, მისი მწირი ადმინისტრაციული რესურსიდან გამომდინარე, ერთდროულად ორი სექტორი აკონტროლოს. გაცილებით მარტივია, ერთი სექტორიდან “გადაქაჩოს” მისი ლიდერები მეორეში, რომელშიც მას აქვს მეტი კონტროლისა და რეგულირების უფლებამოსილება და შესაძლებლობა.

იმისათვის, რომ ნათლად გამოჩნდეს, თუ რა ზეგავლენა მოახდინა 2017 წლის პირველ კვარტალში “კრედოს” გადანაცვლებამ საბანკო სექტორში, საკმარისია, რამდენიმე რიცხვს შევხედოთ. 2016 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კრებსითი აქტივები შეადგენდა 2,019,805,895 ლარს, ხოლო უკვე 2017 წლის 1 კვარტალში (“კრედოს” გადაკეთება ბანკად) მათი აქტივები შემცირდა 31(!)%-ით და მხოლოდ 1,398,166,282 ლარი შეადგინა. ბაზრის წმინდა სესხები შემცირდა ასევე 31%-ით და შეადგინა 971,014,065 ლარი განსხვავებით 2016 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემისგან – 1,399,598,157 ლარი. აი, ზუსტად ასეთი რყევები ხდება ბაზარზე, როდესაც მას ლიდერის გარეშე ტოვებენ.

აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ არც “ფინკასა” და არც “კრედოს”, მათი ბანკებად გადაკეთების წინ, რაიმე სახის წინასწარი მარკეტინგული თუ საიმიჯო კამპანია არ უწარმოებიათ, რაც იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ მცირე ხანში ისინი საბანკო ლიცენზიას მიიღებდნენ და კომერციული ბანკები გახდებოდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს უფრო იძულებითი ზომა იყო, ვიდრე მათი სურვილი, გადაენაცვლებინათ ერთი შეხედვით უფრო გაკეთილშობილებულ სექტორში.

საქართველოს ეროვნული ბანკის უკანასკნელი ინიციატივების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გაეზრდებათ საკუთარი კაპიტალის ზღვრული მაჩვენებელი, რომელიც, ინიციატივის თანახმად, ჯერ გაორმაგდება, ხოლო შემდგომში გაოთხმაგდება, ანუ 2 მილიონი ლარი გახდება. დღეისათვის საქართველოში 88 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. მრავალი ექსპერტის აზრით, საკუთარი კაპიტალის ნორმის აწევა გამოიწვევს ბაზრის მონაწილეთა უმრავლესობის ჩამოშორებას, და ისინი, ისევე როგორც წლების წინ, გადაინაცვლებენ სრულიად არარეგულირებულ სივრცეში, სადაც მათ აღარ დაევალებათ არც რაიმე სახის ანგარიშგება, არც სესხის ზღვრული ლიმიტების დაცვა და არც კორპორაციულ ეთიკაზე ზრუნვა. მიზეზი მარტივია – არასოდეს არავის არ უზრუნია მიკროსაფინანსო სექტორის იმიჯის აწევაზე, მის, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის ერთ- ერთ ჯანმრთელ ალტერნატივად წარმოჩენაზე. აქედან გამომდინარე, ამ ბაზრისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება გაფილტრავს არაკვალიფიციურ მონაწილეებს, რომელთათვის, უკვე გაზრდილი მოთხოვნების პირობებში, სექტორში ყოფნა უბრალოდ უაზრობა გახდება, ხოლო ბაზრის კვალიფიციური სუბიექტები ალბათ ისევ გარდაიქმნებიან (ან მათ გარდაქმნიან) კომერციულ ბანკებად და დაიკარგებიან ქვეყნის საფინანსო ბაზარზე ორი დიდი საბანკო წარმონაქმნის მიერ უკვე ღიად და საჯაროდ გაცხადებულ კომერციული ბანკების რაოდენობის შემცირების გარდაუვალი ტენდენციის პირობებში.