კომპანიები, რომლებმაც 2023 წლის I ნახევარში საფონდო ბირჟებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს

კომპანიები, რომლებმაც 2023 წლის I ნახევარში საფონდო ბირჟებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს

საფონდო ბირჟებზე 2023 წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით წარმატებული მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის აღმოჩნდა. მათ აღნიშნულ პერიოდში საბაზრო კაპიტალიზაცია ჯამურად $4 ტრილიონზე მეტით გაზარდეს. ტექნოლოგიური გიგანტების აქციების ფასების ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმს უკავშირდება.

FactSet-ის მონაცემებით, Nvidia მიმდინარე წელს S&P 500-ის ყველაზე წარმატებული წევრია. AI ჩიპების წამყვანი მწარმოებლის აქციების ფასი წლის პირველ ნახევარში 190%-ით გაიზარდა და მაისში ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ინდექსში საუკეთესო შედეგების მქონე კომპანიებს შორის ჩიპების სხვა მწარმოებლებსაც ვხვდებით. მათ შორისაა Palo Alto Networks-ი, რომლის აქციების ფასი 2023 წლის პირველ ნახევარში 83%-ით გაზიარდა, ასევე Advanced Micro Devices-ი, რომლის აქციების ფასი ამავე პერიოდში 76%-ით გაძვირდა. ამ შედეგებით, აღნიშნული კომპანიები, შესაბამისად, მეექვსე და მერვე ადგილს იკავებენ.

რაც შეეხება სხვა უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს – წლის პირველ ნახევარში Apple-ის აქციების ფასი 50%-ით, Microsoft-ის 43%-ით, Alphabet-ის 36%-ით, Amazon-ის 55%-ით, Tesla-ს 113%-ით და Meta-ს 138%-ით გაიზარდა.

აქციების ფასის ზრდის მიხედვით, ხუთეულში ვხვდებით საკრუიზო ხაზ Royal Caribbean-ს 111%-იანი მატებით, ასევე Carnival-ს, რომლის აქციების ფასი 133%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების მოლოდინს ორივე კომპანიის მიერ დაფიქსირებულმა შედეგმა გადააჭარბა, თუმცა მათი აქციების ფასი ჯერ მაინც ვერ გაუტოლდა პანდემიამდელ მაჩვენებელს.

Russell 3000-ის წევრებიდან, მცირე კაპიტალის აქციების მფლობელებს შორის, საუკეთესო შედეგი Ambrx Biopharma-მ აჩვენა, რომლის აქციების ფასიც წლის პირველ ნახევარში 625%-ით გაიზარდა.

S&P 500-ის წევრი ტოპ-10 კომპანია, რომელთა აქციების ფასი 2023 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტად გაიზარდა (საკრუიზო და ტექნოლოგიური კომპანიები):

#1 Nvidia 190%
#2 Meta 138%
#3 Carnival 133%
#4 Tesla 113%
#5 Royal Caribbean 111%
#6 Palo Alto Networks 83%
#7 Norwegian Cruise Line 78%
#8 Advanced Micro Devices 76%
#9 PulteGroup 71%
#10 General Electric 69%

შეგახსენებთ, 2022 წელს საფონდო ბირჟებზე გასული 13 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგები დაფიქსირდა. 2023 წლისთვის კი ოპტიმისტური მოლოდინებია. ამას წლის დასაწყისიდან დღემდე დაფიქსირებული შედეგებიც მოწმობს. მოცემულ პერიოდში S&P-ის, Dow-ისა და Nasdaq-ის საფონდო ბირჟებზე, შესაბამისად, 16, 4 და 33%-იანი ზრდა აღინიშნა.