ილონ მასკის პროგნოზით, ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს სრულად თვითმართვადი მანქანები ბაზარზე მიმდინარე წელს ჩაეშვება. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განცხადება შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაზე ვიდეოჩართვისას გააკეთა.
საუბრისას, მასკმა ამავე საკითხთან დაკავშირებით, გასულ წლებში გამოთქმული ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზებიც გაიხსენა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად გეგმების შესრულებასთან იმაზე უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან.
აღსანიშნავია, რომ შანხაის ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაზე მილიარდერმა ჩინეთზეც ისაუბრა, მას AI-ის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანა ინდუსტრიის გლობალური ლიდერი აუცილებლად გახდება.
შეგახსენებთ, გასულ თვეში ილონ მასკი ჩინეთს თავადაც ეწვია და სამომავლო გეგმების განსახილველად, ქვეყნის ოფიციალურ პირებსაც შეხვდა.
თუმცა, მიუხედავად მასკის ოპტიმისტური პროგნოზებისა, მკვლევრების მოსაზრებები Tesla-ს სრულად თვითმართვადი ავტომობილების გამოშვების ვადებთან დაკავშირებით, კვლავ ორად იყოფა. ტექნოლოგიის სრულად დანერგვა მრავალ სამართლებრივ და მარეგულირებელ საკითხზეა დამოკიდებული, რამაც შესაძლოა, სრულად ავტონომიური მანქანების ტრასაზე დაშვებისთვის ნებართვის გაცემის პროცესი შეაფერხოს.