კანადური შარმი

კანადური შარმი
ყველას ეგონა, რომ კოვიდი იყო კუბოს ბოლო ლურსმანი ტრადიციული საცალო ვაჭრობისთვის. ARITZIA-მ, ვანკუვერში დაფუძნებულმა თითქმის 40 წლის მოდის მაღაზიამ, სრულიად საპირისპირო დაამტკიცა.

ელეგანტურ ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი ბრაიან ჰილი, Aritzia-ს დაუნტაუნ ვანკუვერის ცენტრალურ ოფისში მდებარე 12,000 კვადრატული ფუტის დიდი ბუფეტის კუთხეში, ჩვეულებისამებრ თავის სკამზეა მოკალათებული. მის წინ ბარისტები ასხამენ საგანგებოდ მომზადებულ სასმელებს თავიანთი თანამშრომლებისთვის. გვერდით სუშის შეფ-მზარეული ჭრის ახალ სამეფო ორაგულსა და ცისფერფარფლიან თინუსს. მის უკან იატაკიდან ჭერამდე ფანჯრებია, რომლებიდანაც იშლება ბრიტანეთის კოლუმბიის თოვლით დაფარული ჩრდილოეთი სანაპირო მთების თვალწარმტაცი ხედით.

62 წლის ჰილმა სივრცე პირადად დააპროექტა, როგორც მისი გრანდიოზული ხედვის ნაწილი Aritzia-სთვის, მისი მოდის ბრენდისთვის. 39 წლის განმავლობაში კანადელი მეწარმე აკვირდებოდა თავისი კომპანიის ყველა დეტალს, დაწყებული მისი Divinity Kick Flair-ის კომბინეზონების მინიმალისტური სილუეტებითა და დამთავრებული სალარო აპარატის მოწყობილობით მის დახვეწილ საცალო მაღაზიებში. Aritzia-ს ახლა 115 „ბუტიკი“ აქვს (ჰილს არ მოსწონს სიტყვა „მაღაზიები“) მიმოფანტული კანადასა და ქვედა 48-ში, რომლებიც ყიდიან $148-ის „ექსპერტულად მორგებულ“ Program Pants-ებსა და $328-ის ქურთუკს, რომელიც ოდესღაც მეგან მარკლს ეცვა. მისია? „ყოველდღიური ფუფუნება“ „ხელმისაწვდომ ფასად“.

ყოველი ადგილის საგულდაგულოდ შერჩევის შემდეგ არქიტექტორებისა და დიზაინერების მცირე არმია ინტერიერს გეგმავს. გახსნის შემდეგ ყველა ბუტიკს ჰყავს პერსონალური სტილისტი, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობს. გასახდელში სარკეები განზრახ არ დაკიდეს, რაც მყიდველებს საერთო სივრცეში შესვლას აიძულებს. ზოგიერთ ფილიალს აქვს უფასო ყავის ბარები. სხვები ალკოჰოლსაც ყიდიან.

„ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს, რომ საცალო მაღაზიები არაა მხოლოდ ტანსაცმლის გასაყიდი ადგილი. ელექტრონული კომერციის საიტი სწორედ ამისთვისაა, – ამბობს ჰილი, Aritzia-ს აღმასრულებელი თავმჯდომარე. – ეს უნდა იყოს გამოცდილება. ახლა არსებობს ალტერნატივაც, ასე რომ თქვენ უნდა მისცეთ ხალხს მიზეზი, რომ დაბრუნდნენ თქვენს მაღაზიებში. ეს არაა ადვილი, მაგრამ თუ ჩვენ ამას გავაგრძელებთ, წარმატებულები ვიქნებით“.

საცალო ვაჭრობის ანბანი — ბრაიან ჰილმა, მაშინ 23 წლისამ, სახელი Aritzia თავისი ახალი მაღაზიისთვის ნაწილობრივ იმიტომ აირჩია, რომ ის იწყებოდა ასო A-თი და სიების ზედა ნაწილში გამოჩნდებოდა.

Aritzia, რომელიც 1984 წელს დაარსდა, არის, როგორც ჰილი უწოდებს, „40-წლიანი ერთი ღამის წარმატება“, თუმცა აშშ-ში მისი ბიზნესის უეცარი აჩქარების გამო, ბოლო დროს ყველაფერი სწრაფად ხდება. 2007 წლამდე ჰილმა გახსნა თავისი პირველი ამერიკული მაღაზიები (სანტა-კლარაში, კალიფორნიაში, და სიეტლში); ახლა აშშ-ში 47 ფორპოსტია, რომელთა უმეტესობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაიხსნა. ამერიკა ახლა პირველად იკავებს ჰილის ბიზნესის ნახევარზე მეტს.

კანადური თუ ამერიკული, ნამდვილი მაღაზია მაინც სჯობნის დაწკაპუნებებს Aritzia-ზე, რომელიც 2012 წლამდე ელოდა ვებსაიტის გაშვებას. მის ბუტიკებში გაყიდვები მთლიანობაში 53%-ით გაიზარდა 2023 წლის თებერვლის ბოლოს დამთავრებული ფისკალური წლის განმავლობაში, და ახლა Aritzia-ს $1.6 მილიარდის შემოსავლის 65%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაა ჰილის გატაცება, ელექტრონული კომერცია ასევე კარგად მუშაობს. ის გასულ წელს 36%-ით გაიზარდა და, სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 45%-ს შეადგენს, დღევანდელი 35%-ის შემდეგ. თავად ჰილის ღირებულება დაახლოებით $950 მილიონია, როგორც კომპანიის 19%-იანი წილიდან, ასევე იმ ნაღდი ფულიდან, რომელიც მან პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ აქციების გაყიდვით მიიღო.

„ირონიულია, რომ ჩვენი პოზიცია ბაზარზე და ჩვენი მიდგომა ბიზნესისადმი ნამდვილად არ შეცვლილა ჩვენი პირველი მაღაზიის გახსნის დღიდან“, – ამბობს ჰილი, რომელმაც შარშან აღმასრულებელი დირექტორის სადავეები გადასცა ჯენიფერ ვონგს, მის დიდი ხნის დირექტორს, რომელიც ფირმას 1987 წელს შეუერთდა, როგორც გაყიდვების თანაშემწე მის ერთ-ერთ პირველ მაღაზიაში. მაგრამ ჰილი, რომელიც ფლობს ხმის მიცემის აქციების 70%-ს, საბოლოო კონტროლს ინარჩუნებს.

ძნელი არაა საცალო ვაჭრობის მიმართ მიკერძოების წყაროს გარკვევა. მისი ბაბუა ირლანდიელი ემიგრანტი, იყო აღმასრულებელი Hudson Bay Company-ში, კანადის უდიდეს და უძველეს საცალო მოვაჭრეში, სანამ 1945 წელს ვანკუვერში მშრალი პროდუქტის მაღაზიას იყიდდა. მან ეს ბიზნესი ბრაიანის მამას, ჯეიმსს გადასცა, რომელმაც მოგვიანებით, ძმასთან, ფორბსთან ერთად საკუთარი უნივერსალური მაღაზია Hill’s of Kerrisdale-ი გახსნა. ბრაიანი და მისი და-ძმა ბევრ საათს ატარებდნენ მაღაზიაში. „მე ვწმენდდი ქუჩებს, ვივაგროვებდი ნაგავს… ყველაფერს ვაკეთებდი“, – იხსენებს ჰილი.

1982 წელს Queen’s University of Ontario-ის ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ჰილმა დაახლოებით ერთი წელი გაატარა მოგზაურობაში და სამი თვე მუშაობდა ნაგვის მუშად ვანკუვერში, ცდილობდა რა, მოეფიქრებინა თავისი შემდეგი ნაბიჯი. მისი დიდი გარღვევა მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივი სავაჭრო ცენტრი მამამისს დაუკავშირდა ახალი მაღაზიის კონცეფციის მოსაძიებლად. ჰილს Aritzia-ს იდეა მამისა და ძმის, როსის დახმარებით გაუჩნდა.

პირველი ათწლეულის განმავლობაში მისი მაღაზიები სხვა ბრენდების ტანსაცმლით იყო სავსე. შემდეგ, დაახლოებით 1995 წელს, ჰილმა გადაწყვიტა, კონტროლი თავის თავზე აეღო – ნაბიჯი, რომელსაც ის აღწერს, როგორც გადამწყვეტს როგორც მარჟის გაზრდის, ასევე მომხმარებლებისთვის ფუფუნების გამოცდილების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. დღეს Aritzia ქმნის თითქმის ყველა საკუთარ ტანსაცმელს, მათ შორის ათზე მეტ შიდა ბრენდს, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ფასისა და დემოგრაფიულ მახასიათებელზე. Babaton-ი ორიენტირებულია „მინიმალისტურ დიზაინზე თანამედროვე ქალისთვის“, ხოლო TNA არის ქუჩისა და სპორტული ტანსაცმლის ბრენდი. ზოგიერთ ხაზს აქვს საკუთარი მაღაზიები: 2020 წლის ზამთრის შემდეგ Aritzia ამუშავებს სეზონურ „Super World“-ის დახლებს ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში, რომელიც ყიდის მხოლოდ მის პოპულარულ ბატის ბუმბულის ცისარტყელას ფერის ქურთუკს, რომელიც „Super Puff“-ის სახელითაა ცნობილი.

როდესაც თქვენ მიდიხართ საყიდლებზე Aritzia-ს მაღაზიაში, თქვენ არ აპირებთ, შეიძინოთ პროდუქტი Aritzia-ს ტეგით. ეს ცოტა უნიკალურია“, – ამბობს მარტინ ლანდრი, Stifel Financial Corp-ის მონრეალელი საცალო ანალიტიკოსი. „მათ შეუძლიათ, შემოგთავაზონ რაიმე სამუშაოსთვის, რაიმე საღამოს გარეთ გასვლისას, და შემდეგ ჩასაცმელი კვირადღის პირველი ნახევრისთვის, როცა სახლში ისვენებ”.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა უამრავ საცალო მოვაჭრეს საქმეები აურ-დაურია, ეს Aritzia-სთვის სიკეთე იყო. სოციალური მედია მას დაეხმარა: მისი $148-იანი ვეგანური ტყავის შარვალი Melina გახდა ვირუსული TikTok-ზე (35 მილიონი ნახვა, რომელიც გრძელდება). მაგრამ კულისებში, Aritzia-მ სხვა ცვლილებები შეიტანა, მათ შორის იყო თამაშგარე დარჩენილი საცალო ვაჭრობის მუშაკების გადანაწილება, რომლებიც ეხმარებოდნენ ვებსაიტის მართვასა და სწრაფად გადაწყობაში, რათა მყიდველებისთვის სახლში დასარჩენად უფრო კომფორტული ტანსაცმელი შეეთავაზებინათ. (კომპანია იტყობინება, რომ არც ერთი თანამშრომელი არ გაუთავისუფლებიათ.) Aritzia-მ დაიწყო უპრეცედენტო ტრეფიკის მიღება თავის ელექტრონული კომერციის საიტზე, რაზეც ჰილი ფიქრობდა, რომ ეს მუდმივი ცვლილება იქნებოდა. „ვერ ვიტყვი, რომ საცალო ვაჭრობის სიკვდილზე ვფიქრობდი, მაგრამ გვეგონა, რომ ეს ბევრად ნაკლებად აქტუალური გახდებოდა“, – ამბობს ის. ამის ნაცვლად, როდესაც მისი ბუტიკები ხელახლა გაიხსნა, ის გაკვირვებული იყო, როცა ფიზიკურ მომხმარებელთა შემოდინება იხილა. ადამიანები, რომლებმაც ბრენდი ინტერნეტში აღმოაჩინეს, მას ოფლაინშიც ეძებდნენ.

კიდევ ერთი პლუსი: პრემიული კომერციული უძრავი ქონება მოულოდნელად არაჩვეულებრივად გაიაფდა. „ე.წ. „საცალო აპოკალიფსმა“ პანდემიასთან ერთად გახსნა უძრავი ქონების ისეთი შესაძლებლობები, რაც ცხოვრებაში არ მინახავს და ჩვენ ამით ვსარგებლობთ“, – ამბობს ჰილი, რომლის კომპანიამ შარშან ხელი მოაწერა ერთ-ერთ უმსხვილეს საცალო იჯარას მანჰეტენზე. ის გეგმავს თავისი მიდტაუნში არსებული ფლაგმანის გადატანას (მას ასევე აქვს მაღაზია სოჰოში) 33,000 კვადრატული ფუტის ფართზე მეხუთე ავენიუსა და 49-ე ქუჩაზე, რომელიც ბოლო დამქირავებელმა, Topshop-მა, 2019 წელს გაათავისუფლა. მან ასევე დადო ჩიკაგოს ყველაზე დიდი იჯარა შვიდ წელიწადში (46,000 კვადრატული ფუტი) მიჩიგანის გამზირზე, ქალაქის მთავარ სავაჭრო მონაკვეთზე. კიდევ ხუთ ლოკაციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და კომპანია კიდევ 100-ის მოძიების პროცესში. საერთო ჯამში, Aritzia გეგმავს ყოველწლიურად რვიდან ათამდე ამერიკული ბუტიკის გახსნას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. „ჯერ კიდევ ბევრი თეთრი სივრცეა“, – ამბობს ვონგი.

გადაჭარბებული გაფართოება აშკარა საფრთხეა, მაგრამ ჰილი არ ღელავს. „ჩვენ გავიარეთ 2008 წელი. ჩვენ სხვა რეცესიებსაც გამოვივლით, – ამბობს ის. – ჩვენ ვიცით, რომ, როგორც წესი, ჩვენს ბიზნესზე გავლენას ჩვენვე ვახდენთ. თუ ნამდვილად კარგად ვიმუშავებთ, კარგადაც ვიქნებით“.