საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის პირველ ცხრა თვეში რეკორდული რაოდენობის, 1,216,372 მგზავრს მოემსახურა. მისივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საერთო ჯამში 3,615 რეისი შესრულდა.
მგზავრთნაკადის მიხედვით მიმდინარე წლის ცხრა თვეში ნაჩვენები შედეგი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 92%-ით აღემატება. რაც შეეხება რეისებს, ამ შემთხვევაში საანგარიშო პერიოდში არანაკლებ შთამბეჭდავი, 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მხოლოდ სექტემბერში 163,998 მგზავრს მოემსახურა. ამ პერიოდში ქუთაისის აეროპორტიდან სულ 483 რეისი შესრულდა.
მგზავრთნაკადის მიხედვით მიმდინარე წლის სექტემბერში ნაჩვენები შედეგი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 66%-ით აჭარბებს. რეისების რაოდენობის შემთხვევაში კი ზრდა 15%-ს შეადგენს.