საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 581.85 მილიონი ლარით, 1.17%-ით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 50.42 მილიარდ ლარს მიაღწია. ცნობისთვის, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.60% შეადგინა.
კონკრეტულად, სებ-ის ცნობით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 27.80 მილიონი ლარით, 0.14%-ით გაიზარდა. თუმცა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.21%-ით შემცირდა. რაც შეეხება მოთხოვნამდე დეპოზიტებს, ამ შემთხვევაში ზრდამ 1.86%%, ანუ 554.05 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი ნოემბრის ბოლოსათვის 49.25%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი ოქტომბერთან შედარებით 0.42%-ით არის შემცირებული.
აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.97% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.48%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.40%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.07%, ხოლო ევროს წილმა 20.14% შეადგინა.