გერმანიის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომლის თანახმადაც უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღება გამარტივდება. ეს ნაბიჯი პროფესიონალი მუშახელის დეფიციტის გადასაჭრელადაა გადადგმული.
კანონმდებლობაში ცვლილების შემდეგ მოქალაქეობის მიღება გერმანიაში ხუთწლიანი ცხოვრების შემდეგ იქნება შესაძლებელი, ნაცვლად რვა წლისა. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული ნაბიჯები გადადგეს ინტეგრაციისთვის, მაგალითად, შეისწავლეს გერმანული ენა, განცხადის შეტანა სამი წლის გასვლის შემდეგ შეეძლებათ.
უქმდება შეზღუდვა ორმაგ მოქალაქეობაზეც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან არ არიან.
ახალი კანონი მილიონობით ადამიანს, რომლებიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არ არიან, ხმის მიცემის შესაძლებლობას გაუჩენს. ოფიციალური სტატისტიკით, გერმანიაში 10 მილიონამდე ადამიანია პასპორტის გარეშე, მათგან 5.7 მილიონი კი, სულ მცირე, 10 წელია, ქვეყანაში ცხოვრობს.
გადაწყვეტილება გამოარჩევს გერმანიას სხვა ევროპული ქვეყნებისგან, მაგალითად, საფრანგეთისგან, სადაც საიმიგრაციო წესები მკაცრდება. ფრანგული პარლამენტის მიერ გასულ თვეში მიღებული კანონის მიხედვით, იმიგრანტების შვილები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ, თუმცა განაცხადის შეტანა 16-18 წლის ასაკში შეეძლებათ.
გარდა ამისა, გერმანიაში გამარტივდება პროცედურები უცხოელების, კერძოდ, იმ ადამიანების დეპორტაციისთვის, რომელთაც ქვეყანაში დასარჩენი არა აქვთ.
მიმალული დეპორტირებულების ძებნისას პოლიციას უფლება ექნება, მიგრანტების ჰოსტელებში მესამე პირების ოთახებში შევიდეს, რაც აქამდე დაშვებული არ იყო. გარდა ამისა, წინასწარ აღარ იქნება ცნობილი რეპატრიაციის ვადები.
მიღებული გადაწყვეტილებები ბალანსის მოძებნის მცდელობაა ახალი სამუშაო ძალის მოზიდვასა და არალეგალური იმიგრაციის შეზღუდვას შორის.
სადეპორტაციო პროცედურების გამარტივებას მხარს უჭერს მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რომლის პოპულარობაც მზარდია იმ სამ რეგიონში, სადაც სამი თვის შემდეგ რეგიონული არჩევნები უნდა გაიმართოს.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ჟურნალისტური ქსელის, Correctiv-ის მიერ გამოაშკარავებულმა გასული წლის შეხვედრამ, რომელზეც AfD-ის წევრებმა იმიგრანტების „მასობრივი დეპორტაციის გეგმა“ განიხილეს, გერმანიაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. AfD-ი ამგვარი გეგმების არსებობას უარყოფს.
მხოლოდ პარასკევსა და შაბათს დაახლოებით 100 ქალაქში მოხდა აქციის ორგანიზება და AfD-ის საპასუხოდ 1.4 მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა. განსაკუთრებით მასშტაბური იყო პროტესტი მიუნხენში. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, პროტესტს „კარგი და სამართლიანი“ უწოდა.