რა საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ირანში ომის დასასრულებლად?

რა საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ირანში ომის დასასრულებლად?

ფოტო: Getty Images

 

გუშინდელი შეტაკებების მიუხედავად, აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები არ ჩაშლილა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა. როგორც ცნობილია, ირანი ამერიკულ შეთავაზებას განიხილავს და მომდევნო დღეების განმავლობაში საპასუხო წინადადებას წარმოადგენს.

საინტერესოა, კონკრეტულად რა საკითხების შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რა მიმართულებებზე შესაძლოა გამოიკვეთოს უთანხმოება.

რა ეტაპზეა მოლაპარაკება?

ორივე მხარე ადასტურებს იმას, რომ აღნიშნული სამშვიდობო ძალისხმევის მთავარი მიზანი დროებითი ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, ომის შეწყვეტა და ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის აღდგენაა მანამ, სანამ სრულფასოვან შეთანხმებაზე საუბარი დაიწყება.

შეთავაზებული მოლაპარაკების სცენარი სამ ეტაპს ითვალისწინებს: ომის ფორმალურად დასრულებას; ჰორმუზის სრუტეში კრიზისის გადაწყვეტას; და სრულფასოვან შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის 30-დღიანი ვადის დაწყებას.

თუმცა, წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარკვეული უთანხმოება და ხარვეზები აღნიშნულ გეგმაშიც არსებობს. სრულფასოვანმა შეთანხმებამ ისეთი საკითხები უნდა გადაწყვიტოს, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამა. ცნობისათვის, ბოლო ბირთვული შეთანხმება, რომელშიც ირანი ჩაერთო და რომელიც რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შედეგი იყო, 2015 წელს დაიდო და 2018 წელს ტრამპმა ის ცალმხრივად გააუქმა.

რა მთავარი განსახილველი საკითხები არსებობს მხარეებს შორის?

ომის დასრულება – პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ომის დასრულების პერსპექტივა ახლოა და ირანის მხრიდან შეთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში მაშინვე დასრულდება. ირანი კი ტრამპსა და ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს არ ენდობა. ირანი ამბობს, რომ ომი წინა შემთხვევაშიც მოულოდნელად დაიწყო, როცა  მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობდა.

ჰორმუზის სრუტე და ყურის ბლოკადა – თეირანისათვის ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, ვაშინგტონისთვის კი სპარსეთის ყურის ბლოკადა მოლაპარაკებებში ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს წარმოადგენს. თუმცა ამ მოცემულობით ორივე მხარე ზარალდება. ირანისთვის ენერგორესურსების ექსპორტზე გატანის შეზღუდვა ეკონომიკურად დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს. აშშ-ისთვის კი ირანის გადაწყვეტილებით ენერგორესურსებზე ფასების ზრდა წინასაარჩევნოდ არამოგებიანია. ირანს ჰორმუზის სრუტეზე თავისი კონტროლის ოფიციალურად აღიარება სურს.

ბირთვული პროგრამა – აშშ-ს სჯერა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა სურს. ირანი ამას ყოველთვის უარყოფდა და დღესაც აცხადებს, რომ ატომური ენერგია სამოქალაქო მიზნებისთვის ესაჭიროება. მთავარი საკითხი აქ ურანის გამდიდრებაა, რომელიც ბირთვული ელექტროსადგურებისთვის მთავარ ნედლეულს წარმოადგებს. თუმცა ამავდროულად მისგან ატომური იარაღის შექმნაც შესაძლებელია. აშშ-ს სურს, რომ ირანის მიერ გამდიდრებული ურანის მარაგი მიიღოს. ირანს კი ურანის გამდიდრებაზე უფლების აღიარების მოპოვება უნდა. შესაბამისად, ეს საკითხი დიდი ალბათობით კვლავ მთავარი განხეთქილების საბაბი გახდება.

ბალისტიკური რაკეტები – ომამდე აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ირანის მიერ საკუთარი ბალისტიკური რაკეტების წარმოების ლიმიტირება იყო. ომის პერიოდში კი ნათლად გამოჩნდა, თუ რატომ აღელვებდა აშშ-ს ეს საკითხი ასე ძალიან. საუბარია როგორც რაოდენობის, ისე სამოქმედო მანძილის ლიმიტირებაზე, რათა ირანულ რაკეტებს ისრაელამდე მიღწევა არ შეეძლოთ. ირანი ამ საკითხზე პოტენციური შეთანხმების შესახებ მზაობას ყოველთვის უარყოფდა და აღნიშნავდა, რომ კონვენციური იარაღის წარმოება მათი უფლებაა და ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ განიხილება.

სანქციები და გაყინული აქტივები – უკვე რამდენიმე ათწლეულია, ირანის ეკონომიკა დასავლური სანქციებისაგან და გაყინული აქტივებისაგან ძლიერად ზარალდება. ამის გამო ქვეყანაში არაერთი საპროტესტო გამოსვლა ჩატარებულა, თუმცა ყველა მათგანი უშედეგო აღმოჩნდა. შესაბამისად, თეირანს სანქციების რეჟიმის შემსუბუქება ძალიან სჭირდება. გარდა ამისა, ირანი ომისგან მიყენებული ზარალისთვის სარეპატრიაციო ხარჯებსაც ითხოვს. თუმცა იმის ალბათობა, რომ  ამას აშშ დათანხმდება, საკმაოდ დაბალია.

ლიბანი და „ჰეზბოლა“ – ირანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ლიბანი და იქ ისრაელის სამხედრო მოქმედებებიც უნდა იყოს. ირანისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ლიბანის ჩართვა ერთ-ერთ გარდამტეხ საკითხს წარმოადგენს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება მხარეებს შორის მომდევნო ფიზიკური შეხვედრა, რათა პოზიციების შესახებ აზრები გაიცვალოს. ამ ეტაპზე შეერთებული შტატები ირანისგან საკუთარ შეთავაზებაზე პასუხს ელოდება. თუმცა ამ პროცესს ის ართულებს, რომ მხარეთა შორის საომარი მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.