ქალები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში - STEM DAY - ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

ქალები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში - STEM DAY - ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

11 თებერვალს, მეცნიერი ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფორსეტი ტექნოპარკში ღონისძიებას „ქალები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში – STEM DAY” გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე, წარმატებული ქართველი ქალების გამოსვლებს, მონაწილეობა მიიღონ სფეროში არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ გამართულ დისკუსიებში, ჩაერთონ ვორქშოპებში და სხვა მრავალ სახალისო აქტივობაში.

სპიკერებს შორის იქნება საქართველოს ბანკის უფროსი მონაცემთა მეცნიერი გვანცა ლაზარაშვილი, რომელიც აუდიტორიას გაუზიარებს გამოცდილებას და გზას – ფიზიკიდან მონაცემთა მეცნიერებამდე.

ამასთან, ვორქშოპების ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან კომპიუტერული თამაშების შექმნის სპეციფიკას, კიბერთაღლითობის საფრთხისგან თავის დაცვის გზებს, AI საფუძვლებს და სხვა საკითხებს.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა 8 თებერვლამდე გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

„საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათი მომავლის პროფესიებით დაინტერესებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით ჩვენი პორტფოლიო 40-ზე მეტ პროექტს ითვლის. ფორსეტის მიერ გამართული ღონისძიება „ქალები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში – STEM DAY” გამორჩეული ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების, უფრო მეტად კი გოგონების STEM მიმართულებით დაინტერესებას. ვფიქრობთ, აღნიშნული ღონისძიება დაეხმარება მოსწავლეებს და სტუდენტებს, გადადგან ნაბიჯი STEM მიმართულებით. ვიმედოვნებთ, მომავალში ბევრ ქართველ ახალგაზრდას ვიხილავთ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებსა და გამომგონებლებს შორის“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

 ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

S