საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მაისში თვიური ინფლაციის დონემ 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0% შეადგინა.
საბაზო ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა მაისში 1.7% შეადგინა, ასევე 1.7%-ით განისაზღვრა თამბაქოს გარეშე საბაზო ინფლაციაც.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.3%-ით, რაც 1.44 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (17.6%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (4.7%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.4%);
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ღამის გასათევით მომსახურებასა (11.0%) და საზოგადოებრივ კვებაზე (7.0%);
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (4.5%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.5%);
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (38.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.0%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (2.0%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-14.9%), პური და პურპროდუქტები (-5.1%), რძე, ყველი და კვერცხი (-2.1%).