EURO 2024-ის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები

EURO 2024-ის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები

წელს UEFA ევროპის რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატს გამართავს, რომელიც 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ჩატარდება. EURO 2024-ის მასპინძელი ქვეყანა გერმანიაა, სადაც ჩემპიონატის ფარგლებში, 10 ქალაქი მთლიანობაში 51 მატჩს უმასპინძლებს. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში 24 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, რომელთა შორის, ტურნირის ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.

EURO 2024-ის მონაწილე 24 ეროვნული ნაკრების მოთამაშეების საერთო ღირებულება, Transfermarkt-ის დათვლებით, 11.6 მილიარდ ევროს შეადგენს. ტურნირზე ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი ინგლისს ჰყავს, რომლის ფასი 1.52 მილიარდი ევროა. ყველაზე დაბალი ღირებულების გუნდით კი რუმინეთია წარმოდგენილი, რომლის ფასი 92.13 მილიონ ევროს უტოლდება.

24 ქვეყანას შორის ფეხბურთელების საერთო ღირებულებით საქართველოს ნაკრები მე-20 ადგილზეა. ჩვენი ქვეყნის გუნდის საბაზრო ღირებულება €161.15 მილიონადაა შეფასებული. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, რომლის განაცხადში 26 ფეხბურთელია, სიაში, უკვე ნახსენებ რუმინეთთან ერთად, ალბანეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის გუნდებს უსწრებს.

რაც შეეხება EURO 2024-ის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელს, ამ სტატუსს ორი მოთამაშე ინაწილებს: საფრანგეთის ნაკრების წევრი კილიან მბაპე და ინგლისის ნაკრების წევრი ჯუდ ბელინგემი. Transfermarkt-ზე ორივე მათგანის საბაზრო ღირებულებად 180 მილიონი ევროა მითითებული. აღსანიშნავია, რომ მომავალი სეზონიდან მბაპე და ბელინგემი ერთ კლუბში, მადრიდის „რეალში“ ითამაშებენ.

მბაპესა და ბელინგემს, €150-მილიონიანი ღირებულებით, ინგლისელი ფეხბურთელი, ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) მოჰყვება. ამის შემდეგ კი სიაში მისი თანამემამულე ბუკაიო საკაა (არსენალი), რომლის საბაზრო ღირებულება 140 მილიონ ევროს შეადგენს.

EURO 2024-ის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ათეულში, ყველაზე მეტი, ხუთი წარმომადგენელი ინგლისის ნაკრებს ჰყავს. 100 მილიონ ევროს კი ტურნირში მონაწილე მოთამაშეებიდან მხოლოდ 11 მათგანის საბაზრო ღირებულება აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ EURO 2024-ის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ოცეულში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიის „ნაპოლის“ გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. მისი საბაზრო ღირებულება, მოცემული დროისთვის, 80 მილიონ ევროს უტოლდება. ხვიჩას გარდა €80 მილიონად ამ ტურნირზე მოასპარეზე კიდევ ექვსი ფეხბურთელი ფასობს: რუბენ დიასი (პორტუგალია), პედრი (ესპანეთი), ხავი სიმონსი (ნიდერლანდები), კოულ პალმერი (ინგლისი), უილიამ სალიბა (საფრანგეთი) და ნიკოლო ბარელა (იტალია).

EURO 2024-ის 20 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი:
  1. ჯუდ ბელინგემი (ინგლისი) – €180 მილიონი
  2. კილიან მბაპე (საფრანგეთი) – €180 მილიონი
  3. ფილ ფოდენი (ინგლისი) – €150 მილიონი
  4. ბუკაიო საკა (ინგლისი) – €140 მილიონი
  5. ფლორიან ვირცი (გერმანია) – €130 მილიონი
  6. დეკლაინ რაისი (ინგლისი) – €120 მილიონი
  7. როდრი (ესპანეთი) – €120 მილიონი
  8. ჯამალ მუსიალა (გერმანია) – €120 მილიონი
  9. ედუარდო კამავინგა (საფრანგეთი) – €100 მილიონი
  10. ჰარი კეინი (ინგლისი) – €100 მილიონი
  11. აურელიენ ჩუამენი (საფრანგეთი) – €100 მილიონი
  12. რაფაელ ლეაო (პორტუგალია) – €90 მილიონი
  13. ლამინ იამალი (ესპანეთი) – €90 მილიონი
  14. რუბენ დიასი (პორტუგალია) – €80 მილიონი
  15. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) – €80 მილიონი
  16. პედრი (ესპანეთი) – €80 მილიონი
  17. ხავი სიმონსი (ნიდერლანდები) – €80 მილიონი
  18. უილიამ სალიბა (საფრანგეთი) – €80 მილიონი
  19. კოულ პალმერი (ინგლისი) – €80 მილიონი
  20. ნიკოლო ბარელა (იტალია) – €80 მილიონი