ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 11 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე, 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სებ-მა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა. როგორც სებ-ის განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ინტერვენციის მიზანი ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირებაა.

„ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.