პენტაგონი 13 სამხედროს მკვლელის სიკვდილით დასჯას პირდაპირ ეთერში გაუშვებს

პენტაგონი 13 სამხედროს მკვლელის სიკვდილით დასჯას პირდაპირ ეთერში გაუშვებს

ფოტო: REUTERS

 

პენტაგონის განცხადებით, აშშ პირდაპირ ეთერში გადასცემს არმიის მიერ იმ შეიარაღებული პირის სიკვდილით დასჯას, რომელმაც 2009 წელს ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანი მოკლა. ეს აშშ-ში სიკვდილით დასჯის პროცესის ტრანსლირების უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.

ნიდალ ჰასანი, არმიის ყოფილი ფსიქიატრი, გახდება პირველი პირი, რომელსაც აშშ-ის სამხედრო ძალები 1945 წლის შემდეგ დახვრეტის გზით სიკვდილით დასჯიან.

სიკვდილით დასჯა 3 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი ტეხასის იმავე ბაზაზე, სადაც ჰასანმა სამედიცინო დაწესებულებაში პისტოლეტით ცეცხლი გახსნა. ეს მოვლენა აშშ-ში სიკვდილით დასჯის შესახებ გამძაფრებული დებატების ფონზე ხდება, რაც გასულ კვირას ტენესის შტატში ქალის სასიკვდილო ინიექციით დასჯის წარუმატებელ მცდელობას მოჰყვა.

„პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი,“ – განუცხადა Reuters-ს პენტაგონის წარმომადგენელმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა, რომელიც ჰასანის დახვრეტის გზით დასჯის ინიციატივას აქტიურად უჭერდა მხარს, ამ მოვლენის პირდაპირ ეთერში ჩვენების გეგმა სოციალურ ქსელ X-ზე დაადასტურა.

საჯარო სიკვდილით დასჯა მთელ მსოფლიოში უკიდურესად იშვიათ მოვლენად იქცა. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბოლო წლებში მსგავსი პრაქტიკა დაფიქსირდა, ირანი და ავღანეთი არიან.

სიკვდილით დასჯის საკითხებში ექსპერტების ცნობით, აშშ-ში კანონიერად სანქცირებული საჯარო სიკვდილით დასჯის ბოლო შემთხვევა 1936 წელს დაფიქსირდა. ათასობით ადამიანმა უყურა 1936 წელს იმ ახალგაზრდა შავკანიანი მამაკაცის ჩამოხრჩობას, რომელიც თეთრკანიანი ქალის გაუპატიურებაში იყო დამნაშავედ ცნობილი.

ცნობისათვის, 2013 წლის აგვისტოში სამხედრო ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჰასანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც იგი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის 45 ეპიზოდში.

აშშ-ის სამხედრო კანონმდებლობის თანახმად, დახვრეტის გზით სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება. პენტაგონის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება ჰეგსეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.