სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 18.913 მილიარდ ლარს გაუტოლდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ-ის ზრდამ კი 8.4% შეადგინა. საანგარიშო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 3.1%-ით განისაზღვრა.
ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (18.8 პროცენტი), განათლება (29.1%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.0%), მშენებლობა (10.3%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (12.2%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.7%).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-11.6%), სხვა სახის მომსახურება (-11.2%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-1.8%).
საქსტატის დაკვირვებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა
ვაჭრობა (13.5%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.1%). შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა (9.2%), სახელმწიფო მმართველობა (8.3%), მშენებლობა (7.5%), განათლება (6.6%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (6.0%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.9%).