სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8.432 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს წლიურ ჭრილში 2.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მათ შორის ექსპორტმა 2.274 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია – წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.2%-ით შემცირდა, იმპორტი 6.158 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა გაიზარდა – წლიურ ჭრილში 0.7%-ით გაიზარდა.
შესაბამისად, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 3.884 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1%-ია.
საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (360.2 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (274.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (273.1 მლნ. აშშ დოლარი).
ამავდროულად, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.3% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.078 მლრდ. აშშ დოლარი), რუსეთი (731.0 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (601.4 მლნ. აშშ დოლარი).
ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.1% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1.254 მლრდ. აშშ დოლარი), რუსეთი (1.004 მლრდ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (691.6 მლნ. აშშ დოლარი).
იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 739.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 140.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 6.2%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 105.6 მლნ. აშშ დოლარით (4.6%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 967.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15.7% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 513.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.3%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 265.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.3%).