5 ივლისს Amazon-ის დაარსებიდან 30 წელი გავიდა. კომპანია, რომელმაც საწყის ეტაპზე ოპერირება წიგნების გაყიდვით დაიწყო, აშშ-ში, ვაშინგტონში ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს დააფუძნა. თავდაპირველად მას Cadabra ერქვა, თუმცა დამფუძნებელმა სახელწოდება მალევე შეუცვალა, რომელიც კომპანიამ დღემდე შეინარჩუნა. ამჟამად Amazon-ი ელექტრონული კომერციის, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების, ონალინრეკლამირების, ციფრული სტრიმინგისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებებს აერთიანებს.
ჯეფ ბეზოსს, რომელიც 2021 წლამდე Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა, ბიზნესში საკუთარი მიდგომის გამო ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. მან მოკლევადიან სარგებელზე უარი თქვა და აქცენტი კომპანიის ზრდასა და გრძელვადიან შედეგზე გააკეთა. ბეზოსი მიღებულ მოგებას უკან, კომპანიაში, ინვესტიციის სახით აბრუნებდა, რითაც ზრდასა და ახალი მიმართულებების განვითარებას უწყობდა ხელს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისმა მიდგომამ გაამართლა, რადგან დღეს Amazon-ი, საჯაროდ დალისტულ კომპანიებს შორის, საბაზრო კაპიტალიზაციით მე-5 ადგილზეა ($2.081 ტრილიონი) და ისეთ კომპანიებს უსწრებს, როგორიცაა Saudi Aramco, Meta, Tesla და სხვა.
აღსანიშნავია, რომ Amazon-ი თანამშრომლების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს – კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით 1,525,000 ადამიანია დასაქმებული. მას მხოლოდ ამერიკული სავაჭრო ქსელი Walmart-ი უსწრებს, რომელიც 2,100,000 ადამიანს ასაქმებს.
რაც მთავარია, კომპანიას მნიშვნელოვანი ზრდა აქვს გაყიდვებისა და მოგების მიმართულებით. გასულ წელს Amazon-მა, 574.8 მილიარდი აშშ დოლარის წმინდა გაყიდვებიდან, 30.4 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მიიღო, რაც 1997 წლიდან 2019 წლამდე მის მთლიან მოგებას აღემატება.
კომპანიის წარმატება წლების განმავლობაში ბეზოსის ქონების ზრდაზეც აისახა და მან არაერთხელ მოიპოვა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი. 60 წლის ბიზნესმენი Amazon-ის აქციების დაახლოებით 10%-ს ფლობს. ელექტრონული კომერციის გიგანტის აღმასრულებელი თავმჯდომარე Forbes-ის მილიარდერების სიაში ამჟამად მე-2 ადგილს იკავებს. ბეზოსის ქონების წმინდა ღირებულება $216.5 მილიარდია. მას მხოლოდ ილონ მასკი უსწრებს, $251.6-მილიარდიანი ქონებით.