2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე სულ უფრო ნაკლები დრო დარჩა, საფრანგეთის დედაქალაქი კი მთელი მსოფლიოდან ვიზიტორების მისაღებად ემზადება. პრესტიჟული სპორტული ღონისძიებისთვის პარიზს 10,500 სპორტსმენთან, 20,000 აკრედიტებულ ჟურნალისტთან და 45,000 მოხალისესთან ერთად, მილიონობით მაყურებელი ეწვევა. ოლიმპიადაზე 35 დარბაზსა თუ მოედანზე 329 ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის მიხედვით, პარიზის ოლიმპიადა ახალი რეკორდის გზას ადგას. ხელმისაწვდომი 10 მილიონი ბილეთიდან დაახლოებით 9 მილიონი უკვე გაყიდულია. შედეგად, უკვე მოხსნილია წინა რეკორდი – 1996 წელს ატლანტაში გამართულ ოლიმპიადაზე 8.3 მილიონი ბილეთი გაიყიდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ტოკიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა 2021 წლისთვის გადაიდო, კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო მაყურებლები არ ჰყავდა.
ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებს თუ არა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა მიაღწიოს იმას, რაც ვერც რიოს, ვერც ლონდონის და ვერც პეკინის ოლიმპიურმა თამაშებმა ვერ მოახერხა: გაყიდოს ყველა ხელმისაწვდომი ბილეთი. ამ შედეგთან ბოლო პერიოდში ყველაზე ახლოს ლონდონი იყო, რომელმაც 2012 წლის ოლიმპიადისთვის ხელმისაწვდომი ბილეთების 97% გაყიდა.
ცნობისთვის, პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტომდე გაგრძელდება.
ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ხელმისაწვდომი და გაყიდული ბილეთების თანაფარდობა (1984 წლიდან):
ლოს-ანჯელესი 1984
- ხელმისაწვდომი: 6.9 მილიონი ბილეთი
- გაყიდული: 5.7 მილიონი ბილეთი
სეული 1988
- ხელმისაწვდომი: 4.4 მილიონი ბილეთი
- გაყიდული: 3.3 მილიონი ბილეთი
ბარსელონა 1992
- ხელმისაწვდომი: 3.9 მილიონი ბილეთი
- გაყიდული: 3.0 მილიონი ბილეთი
ატლანტა 1996
- ხელმისაწვდომი: 11.0 მილიონი ბილეთი
- გაყიდული: 8.3 მილიონი ბილეთი
სიდნეი 2000
- ხელმისაწვდომი: 7.6 მილიონი ბილეთი
- გაყიდული: 6.7 მილიონი ბილეთი
ათენი 2004
- ხელმისაწვდომი: 5.3 მილიონი ბილეთი
- გაყიდული: 3.8 მილიონი ბილეთი
პეკინი 2008
- ხელმისაწვდომი: 6.8 მილიონი ბილეთი
- გაყიდული: 6.5 მილიონი ბილეთი
ლონდონი 2012
- ხელმისაწვდომი: 8.5 მილიონი ბილეთი
- გაყიდული: 8.2 მილიონი ბილეთი
რიო 2016
- ხელმისაწვდომი: 6.8 მილიონი ბილეთი
- გაყიდული: 6.2 მილიონი ბილეთი
ტოკიო 2020 (2021)
- ხელმისაწვდომი: 0
- გაყიდული: 0
პარიზი 2024
- ხელმისაწვდომი: 10.0 მილიონი ბილეთი
- გაყიდული: 9.0 მილიონი ბილეთი (აპრილის მდგომარეობით)
წყარო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC)