პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ გასული ორი დღე მედლის გარეშე დაასრულა. ოლიმპიადაზე უკვე იასპარეზა გიორგი სარდალაშვილმა (ძიუდო), ნინო სალუქვაძემ (იარაღიდან სროლა), სანდრო ბაზაძემ (ფარიკაობა), ანა ნიჟარაძემ (ცურვა), ვაჟა მარგველაშვილმა (ძიუდო), გიორგი ყუშიტაშვილმა (კრივი) და ნოე ფანცხავამ (ცურვა).
დღეს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სამი წარმომადგენელი გამოვა. ორი ძიუდოისტი – ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ასევე მოკრივე ლაშა გურული (63 კგ). ლიპარტელიანსა და შავდათუაშვილს მედლების დღესვე მოპოვების შანსი აქვთ, გურული კი მერვედფინალში აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში მედლისთვის ბრძოლას მომდევნო დღეებში გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილს წარსულში სამ ოლიმპიადაზე სამი სხვადასხვა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. ლაშამ 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო, 2016 წელს რიოში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი, რომელიც 2020 წლის ნაცვლად კორონავირუსის გამო 2021 წელს ჩატარდა, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება ეთერ ლიპარტელიანს, მას წელს პირველი ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი აქვს. აქვე შეგახსენებთ, რომ ეთერი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ორჯერ გახდა.
ორჯერ აქვს ბრინჯაოს მედალი მოპოვებული ლაშა გურულს მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე კი ასევე ორჯერ შეძლო ვერცხლის მედლის მოპოვება. ეთერის მსგავსად წელს ლაშაც კარიერის პირველი ოლიმპიური მედლისთვის იბრძოლებს.
პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქი სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მთლიანობაში 28 წარმომადგენელი ჰყავს.