„ლივერპული“ მამარდაშვილს შეუთანხმდა - ფაბრიციო რომანო

„ლივერპული“ მამარდაშვილს შეუთანხმდა - ფაბრიციო რომანო

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილთან პერსონალური პირობები შეათანხმა. როგორც რომანო იუწყება, თუ ქართველი მეკარე „წითლების“ რიგებში ჩაირიცხება, ერთი ან ორი წლით სხვა კლუბში გასხვისდება.

გიორგი მამარდაშვილის იჯარით კლუბში წასაყვანად მზაობას „ბორნმუთი“ გამოთქვამს. ალისონ ბეკერის „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ კი, კლუბის პირველი მეკარე სწორედ ქართველი გახდება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ვალენსიასა“ და „ლივერპულს“ შორის შეთანხმება ჯერჯერობით არ დადასტურებულა. მისივე ცნობით, ამჟამად ესპანეთში აგენტებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ შესაძლო ტრანსფერზე EURO 2024-ის დასრულების შემდეგ ესპანურმა გამოცემა Marca-მ დაწერა. მისი ცნობით, ინგლისურმა გრანდმა ალისონ ბეკერის სანაცვლოდ საუდის არაბეთის კლუბებიდან მოცულობითი შეთავაზება მიიღო. როგორც მაშინ Marca წერდა, ალისონის შემცვლელად „ლივერპული“ სწორედ 23 წლის ქართველს განიხილავდა.

დაახლოებით ორი კვირის წინ კიდევ ერთმა ესპანურმა გამოცემა Relevo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ლივერპულმა“ უკვე გამართა დისკუსია „ვალენსიასთან“ მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ. მისივე ცნობით, ინგლისელები მზად არიან, ესპანელებს გიორგის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადონ.

შეგახსენებთ, 18 ივლისს Transfermarkt-ის მიერ მონაცემების განახლების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა (ამ სტატუსს პორტუგალიელ დიოგუ კოშტასთან ინაწილებს). ამ დროისთვის მისი საბაზრო ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში, „ვალენსიის“ მიერ გიორგი მამარდაშვილის შეძენის პერიოდში, ქართველის საბაზრო ღირებულება 3 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ესპანურმა კლუბმა მამარდაშვილის იჯარის დასრულების შემდეგ „დინამო თბილისისგან“ ფეხბურთელის შესყიდვა გადაწყვიტა და მის სანაცვლოდ სულ რაღაც 850 ათასი ევრო გადაიხადა.

ქართველი მეკარის საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი ზრდა მის მიერ EURO 2024-ზე ნაჩვენებ შთამბეჭდავ შედეგებს უკავშირდება. მამარდაშვილმა ტურნირზე ყველაზე მეტი, 29 მოგერიება დააგროვა.