გალტ & თაგარტი - ფასიანი ქაღალდების საუკეთესო კომპანია საქართველოში - ინტერვიუ ქეთევან თოიძესთან

გალტ & თაგარტი - ფასიანი ქაღალდების საუკეთესო კომპანია საქართველოში - ინტერვიუ ქეთევან თოიძესთან

„საუკეთესო საინვესტიციო ბანკი“, „ფასიანი ქაღალდების საუკეთესო კომპანია საქართველოში“ – ეს ჯილდოები საერთაშორისო გამოცემა Euromoney-იმ გალტ & თაგარტს 2024 წელს მიანიჭა. გამოცემა აღნიშნავდა, რომ გალტ & თაგარტმა გამორჩეული პერფორმანსი პროდუქტების ინოვაციისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით აჩვენა. ქვეყნის წამყვანი საინვესტიციო კომპანია წელს კაპიტალის ბაზარზე ნამდვილად გამორჩეულად აქტიური იყო – მისი ჩართულობით მხოლოდ ზაფხულში 11 ტრანზაქცია განხორციელდა.

გალტ & თაგარტის მიღწევებზე, განხორციელებულ პროექტებსა და ჯილდოებზე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე საუბრობს.

გალტ & თაგარტისთვის 2024 წელი სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. გაგვიზიარეთ, რა სიახლეები შესთავაზეთ კაპიტალის ბაზარს ამ ზაფხულს და რა ტრანზაქციები განხორციელდა თქვენი ჩართულობით?

წლევანდელი ზაფხული მართლაც რეკორდული იყო, ჯამურად ივნისი-აგვისტოს პერიოდში 13 ტრანზაქცია განთავსდა 320 მილიონი ლარის მოცულობით, საიდანაც გალტ & თაგარტმა 11-ში მიიღო მონაწილეობა და 61% ბაზრის წილი დაიკავა. იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს სრულად 21 ტრანზაქცია განხორციელდა ბაზარზე, ზაფხულის სამი თვის აქტივობა მართლაც გამოსარჩევია. აღსანიშნავია, რომ ბაზარს შეემატა სამი ახალი ემიტენტი კომპანია, რომელთაც პირველად გამოუშვეს ობლიგაციები, რაც კომპანიების მხრიდან კაპიტალის ბაზრების მიმართ დაინტერესების ზრდაზე მიუთითებს.

ამასთანავე, გალტ & თაგარტმა პირველად განათავსა ლარში დენომინირებული ობლიგაციები, სადაც ინვესტირება გააკეთეს ფიზიკურმა პირებმა. იმის გათვალისწინებით, რომ, ისტორიულად, ლარის ინვესტორები მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტები იყვნენ, აღნიშნული სიახლე ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ლარის მიმართ ნდობაზე მეტყველებს.

როგორი იყო ინტერესი ინვესტორების მხრიდან აღნიშნული ტრანზაქციების მიმართ?

მიუხედავად დატვირთული ზაფხულისა, თითოეული ტრანზაქცია არა მხოლოდ სრულად განთავსდა, არამედ ტრანზაქციების უმეტესობაზე მოთხოვნა შეთავაზების მოცულობას აღემატებოდა, რაც ინვესტორთა მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ მაღალ დაინტერესებაზე და ზოგადად, ადგილობრივი კომპანიების მიმართ ნდობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ საშუალოდ განთავსებულ ემისიებში მონაწილე ინვესტორების 55%-მდე არარეზიდენტი ინვესტორები იყვნენ.

რა გამოარჩევს გალტ & თაგარტს კაპიტალის ბაზარზე, ფასიანი ქაღალდების განთავსების პროცესშირა უპირატესობებს სთავაზობთ პოტენციურ ემიტენტებს?

უპირველეს ყოვლისა, გამოსარჩევია ჩვენი გუნდის გამოცდილება კაპიტალის ბაზრის მიმართულებით. გალტ & თაგარტი არის პირველი, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების განთავსება დაიწყო. 2014 წლიდან, ჩვენ მონაწილეობა გვაქვს მიღებული საქართველოს ბაზარზე განხორციელებული სავალუტო ემისიების 90%-ში. 2024 წლის ჭრილში, გარდა მრავალწლიანი გამოცდილებისა, გალტ & თაგარტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა დივერსიფიცირებული ინვესტორთა ბაზა და გაყიდვების არხებია. წლევანდელ ზაფხულში განხორციელებული წარმატებული განთავსებები კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ გალტ & თაგარტი არის ლიდერი საქართველოს ბაზარზე სავალუტო ემისიების განთავსების მიმართულებით.

გვიამბეთ 2024 წელს მიღებულ საერთაშორისო ჯილდოებზე. რა პროგრამების თუ პროექტების შედეგად მოიპოვა გალტ & თაგარტმა აღნიშნული ჯილდოები და რას ნიშნავს ეს გუნდისთვის?

2024 წელს ჩვენ მივიღეთ საუკეთესო საინვესტიციო ბანკისა და საუკეთესო ფასიანი ქაღალდების კომპანიის ჯილდო საერთაშორისო გამოცემა Euromoney-გან, რომელიც ამ მიმართულებებით ინდუსტრიის ლიდერებს აღიარებს. აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტი გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელიც დასახელდა საუკეთესო ფასიანი ქაღალდების კომპანიების ჯილდოს ქვეშ. ეს წარმატება კომპანიის თითოეული მიმართულების წარმატებული მუშაობის შედეგია.

კაპიტალის ბაზრების მიმართულებით, გალტ & თაგარტი ადგილობრივ ბაზარზე იყო ლიდერი ბაზრის წილის მიხედვით როგორც 2023 წელს, ასევე მიმდინარე წლის ჭრილშიც. 2024 წელს, ბაზრის წილი საჯარო განთავსებების შემთხვევაში არის 58%. კომპანია აგრძელებს მუშაობას ინოვაციური პროდუქტების შეთავაზების მიმართულებითაც, მათ შორის ჩვენი მონაწილეობით ბაზარზე პირველად გამოჩნდა სოციალური და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები.

საკონსულტაციო მიმართულებით აღსანიშნავია არაერთი პროექტი კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისა და კორპორაციული სექტორისთვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მიწოდების კუთხით. ამ პროექტებზე ვითანამშრომლეთ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: EBRD, EU, USAID, World Bank და ა.შ. აქტიური წელი იყო ასევე შერწყმა-შესყიდვის კონსულტაციების (M&A) მიმართულებითაც და აქაც წარმატებით დავხურეთ მსხვილი ტრანზაქციები ლოგისტიკის, უძრავი ქონების და წარმოების სექტორებში.

საბროკერო მიმართულებით აღსანიშნავია მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული ახალი პროდუქტების დანერგვა და სავაჭრო აპლიკაციების ტექნოლოგიური გაუმჯობესება, რომელთა შედეგად, 2023-24 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც საბროკერო მიმართულების ადმინისტრირების ქვეშ მყოფი აქტივები, ასევე მომხმარებლების რაოდენობა. მუდმივ რეჟიმში ვაუმჯობესებთ ინფრასტრუქტურას, რამაც კიდევ უფრო კომფორტული გახადა მომხმარებლებისთვის ინვესტირება.

დატვირთული წელი იყო კვლევების მიმართულებითაც, 2023-24 წლებში მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ კვლევების არეალი და ეკონომიკის საჭიროებებზე მორგებულ კვლევებს ვაქვეყნებთ როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობ, ისე ახალ სექტორებზეც. ასევე აღსანიშნავია USAID-თან თანამშრომლობა საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით და ექსპერტიზის გაძლიერება კერძო კაპიტალის, სეკურიტიზაციის და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების დანერგვის მიმართულებით. აქტიურები ვიყავით კონფერენციების კუთხითაც – ჩვენ ბაზრის მოთამაშეებს ვუზიარებთ სექტორული ტენდენციებს, ანალიტიკასა და მოლოდინებს სწრაფად ცვალებად გარემოში, რაც მათ ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

ეს აღიარება ჩვენ გვაძლევს მეტ სტიმულს, რომ გავაძლიეროთ საინვესტიციო, საბროკერო თუ ანალიტიკური საქმიანობა და ხელი შევუწყოთ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ მოწინავე კომპანია საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამოშვება-განთავსების კუთხით და ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ ინოვაციურ პროდუქტებს.

როგორია გალტ & თაგარტის გეგმები წლის ბოლომდე და რა არის კომპანიის მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში?

ვფიქრობთ, რომ 2024 წლის მეორე ნახევარიც აქტიური იქნება გალტ & თაგარტისთვის და ბაზარს საინტერესო სიახლეებს შევთავაზებთ.

ჩვენი სტრატეგია ეფუძნება ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების ანალიზს და ამ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურებების შეთავაზებას. შესაბამისად, მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენი მიზანია, მეტი ინფორმაცია დავაგროვოთ ბაზრის მოთამაშეების საჭიროებებთან დაკავშირებით, შედეგად კი მათზე მორგებული ახალი და ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ. S