პაციენტზე ორიენტირებული სტომატოლოგია

პაციენტზე ორიენტირებული სტომატოლოგია

Richter’s Clinicი მედიცინის საკმაოდ კონკურენტულ დარგში, სტომატოლოგიაში, დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა. მან ამ სფეროში თავის დასამკვიდრებლად თანამედროვე მეთოდებისა და განსხვავებული მიდგომების გამოყენება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ მეტ დეტალს კლინიკის დირექტორი, თამარ წიქარიშვილი გაგვიზიარებს.

 

Richter’s Clinic- სულ რაღაც ერთი წელია, რაც არსებობს – როგორ განვითარდა კლინიკა ამ პერიოდის განმავლობაში?

ვფიქრობთ, ერთი წლის კვალობაზე საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს. შევძელით საკმაოდ კარგი გუნდის შეკვრა, რომლის წევრებიც ჯერ კიდევ კლინიკის გახსნამდე შევარჩიეთ. მათ შორის არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები, რომლებიც განვითარებაზე მუდმივად მუშაობენ და ერთ დიდ უნიკალურ სისტემას ქმნიან.

ამ ერთი წლის განმავლობაში კლინიკა იზრდებოდა და ცდილობდა, მომხმარებლებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხი ეჩვენებინა, რასაც მომავალშიც განაგრძობს. ამისთვის არაერთი ტრენინგი ჩატარდა პროფესიული განვითარებისა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნების შესახებ.

მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი მუდმივი მომხმარებლები გახდნენ საელჩოებისა და წარმატებული ბიზნესების მაღალი რგოლის თანამშრომლები.

შევქმენით პაციენტების ნაკადი და მოვაწყვეთ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა, რომელიც მუშაობასთან ერთად კიდევ უფრო უმჯობესდება და ყველა სამედიცინო რეგულაციას აკმაყოფილებს. ერთი სიტყვით, პაციენტისთვის შექმნილია ყველანაირი კომფორტი ერთ სივრცეში. ასევე ყოველთვის ვითვალისწინებთ პაციენტების მოთხოვნებსა და სურვილებს, რაც კლინიკას ეხმარება კიდევ უფრო ეფექტიანად დააკმაყოფილოს მათი საჭიროებები.

ეს განვითარება მომავალი ზრდის მყარ საფუძველს ქმნის და პაციენტებზე გაძლიერებულ ზრუნვას უწყობს ხელს.

რა გამოწვევები გადალახეთ ამ ერთ წელიწადში?

პირველი გამოწვევა, ამ სფეროს რეგულაციებიდან გამომდინარე, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება იყო. ეს საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს მოითხოვდა. ამის გამო კლინიკის გახსნამდე დიდხანს მოგვიწია მოცდა, მაგრამ გამოწვევას თავი წარმატებით გავართვით.

შემდეგი გამოწვევა პროფესიონალთა გუნდის შეკვრა იყო. ამაზე მუშაობა კლინიკის გახსნამდე სამი-ოთხი თვით ადრე დავიწყეთ და ახლაც განვაგრძობთ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს გუნდი მთავარი სპეციალისტებით უკვე დაკომპლექტებულია.

გამოწვევა იყო ასევე პაციენტების მოზიდვა და მათი ნაკადის შექმნა. ამისთვის განსხვავებული მიდგომა ავირჩიეთ. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმ პაციენტების მოსაზიდად, რომლებსაც არა ერთჯერადი მომსახურება, არამედ კომპლექსური მკურნალობა სჭირდებოდათ. ამისთვის მარკეტინგული კუთხით საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ.

რა არის კლინიკის მისია და რა ღირებულებებზე დგას ის?

ჩვენი მისია – პაციენტების ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვაა. როდესაც პაციენტი ჩვენთან პრობლემით მოდის, ის კლინიკიდან ისე უნდა გავუშვათ, რომ პირის ღრუსთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს. ჩვენი კლინიკის, ასე ვთქვათ, ფილოსოფია კი პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზებაა.

ჩვენს ღირებულებებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანასწორობას. ბევრი პაციენტი გვყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ისინი განსხვავებული რელიგიისა და კულტურის წარმომადგენლები არიან. მედიცინაში დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფრის გათვალისწინებას. ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა ექიმის კონკრეტული მოქმედება პაციენტისთვის მიუღებელი იყოს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენს პაციენტებს ამ კუთხითაც კომფორტი შევუქმნათ.

კიდევ რას გულისხმობს პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება?

პირველ რიგში, პაციენტისთვის კომფორტის შექმნას, რადგან სტომატოლოგთან ვიზიტი ცოტა სტრესულია. ვცდილობთ, ეს სტრესი მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის მოსმენა. შესაძლოა, მომხმარებლის საჭიროებებს ექიმი აუხსნელადაც მიხვდეს, თუმცა ეს პროცესი მაინც აუცილებელია. ყველაფერი პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გაკეთდეს. თითოეულ მათგანს აქვს გარკვეული მოთხოვნა, პარალელურად კი არსებობს საჭიროება. ჩვენ ამ საჭიროების გამოვლენას დიდ დროს ვუთმობთ. პირის ღრუს მდგომარეობას ვაფასებთ და მივდივართ პასუხამდე, თუ რამდენად არის შესაძლებელი პაციენტის მოთხოვნის დაკმაყოფილება. პროცედურის შემდეგ ორივე მხარე კმაყოფილი უნდა იყოს: პაციენტი – შედეგით, ხოლო ექიმი – პროფესიონალიზმის მაქსიმალურად გამოვლენით.

ასე რომ, ექიმი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად არ იღებს, არამედ ამ პროცესში პაციენტიც აქტიურად არის ჩართული. ამაში ხელს გვიწყობს თითოეული ეტაპის ვიზუალიზაცია: თავდაპირველად პაციენტებისთვის მათი პირის ღრუს მდგომარეობის ჩვენება, შემდეგ კი საბოლოო შედეგის იმიტაციის გაცნობა. ამისთვის კლინიკა ტექნოლოგიურად საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი. ვიყენებთ ორალ-კამერასა და ციფრულ სკანერს. მომხმარებლები დიდ ეკრანზე ხედავენ, რა მდგომარეობა აქვთ პირის ღრუში, შემდეგ პროფესიონალი უხსნის მათ, რა მეთოდით არის შესაძლებელი ამ პრობლემის გამოსწორება და ასე მივდივართ მისი გადაწყვეტის გზამდე.

აღსანიშნავია, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგაც გავცემთ რეკომენდაციებს და პაციენტებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რაც მათ ძალიან მოსწონთ.

ალბათ ეს პროცესი ძალიან დიდ დროს მოითხოვს…

პაციენტებისთვის საკმარისი დროის დათმობა კლინიკისთვის პრიორიტეტულია და ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ, განსაკუთრებით – კომპლექსური მკურნალობისას, როდესაც პროცესში სხვადასხვა პროფესიონალის ჩართვაა საჭირო.

მაგალითად, თუ პაციენტს სურს ზოგადად პირის ღრუს მოწესრიგება, პირველი პროცედურა არის კბილების წმენდა. ასეთ დროს ის ჯერ მიდის ჰიგიენისტ-პაროდონტოლოგთან. მასთან ხდება პირის ღრუს გამოკვლევა, ღრძილებისა და ძვლოვანი ქსოვილის დიაგნოსტირება, საბოლოოდ კი – მდგომარეობის შეფასება.

იმის მიხედვით, თუ რა პათოლოგია იჩენს თავს, იგეგმება მისი გამოსწორების გზები. საჭიროების შესაბამისად, პაციენტი სხვადასხვა სპეციალისტთან გადამისამართდება. ეს ხანგრძლივი პროცესია და პაციენტებს კლინიკაში ვიზიტი რამდენჯერმე უწევთ. თუმცა ვცდილობთ, ვიზიტების რაოდენობა შევამციროთ და სტომატოლოგთან სტუმრობა მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ.

გარდა ამისა, ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდება პაციენტების დისპანსერიზაცია, რაც ჩვენ მიერ ჩატარებული სამუშაოების შემოწმებას გულისხმობს. „ჩეკაპზე“ უკვე მოვიწვიეთ ის პაციენტები, რომლებმაც ჩვენთან ექვსი თვის წინ იმკურნალეს. ამ პროცედურით ვამოწმებთ ჩვენს ნამუშევრებს, ასევე ვაფასებთ პაციენტების კმაყოფილებას.

გვესაუბრეთ კლინიკის სერვისებზე. რომელია ყველაზე მოთხოვნადი მომსახურება?

დავიწყებ იმით, რომ საქართველოში სტომატოლოგია ძალიან კარგად არის განვითარებული. რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, აქ თანამედროვე სტომატოლოგიაში ხელმისაწვდომი ყველა სერვისის მიღება შეგიძლიათ, ჰიგიენური წმენდით დაწყებული, იმპლანტაციითა და ესთეტიკური სტომატოლოგიით დასრულებული. ამ უკანასკნელს ღიმილის ტრანსფორმაციასაც ვუწოდებთ.

ყველაზე მეტად კი იმით ვამაყობთ, რომ გვაქვს პრევენციის მიმართულება, რომელიც გართულებების თავიდან არიდების საშუალებას იძლევა. პროფესიონალურ ჰიგიენას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ და ამ პროცედურის ჩატარებისას პაციენტი თავისი პირის ღრუს მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს. მას ვუზიარებთ პრობლემის მოგვარების მეთოდებს, ასევე ვაჩვენებთ, რა შედეგი მოჰყვება მკურნალობას და რას უნდა ელოდოს, თუ არ იმკურნალებს.

ჩვენთან პაციენტები მკურნალობის თითოეულ ეტაპზე ხედავენ მიღებულ შედეგს და ეცნობიან მომდევნო ეტაპის გეგმას. მათ იმიტაციის სახით ვაჩვენებთ, მაგალითად, როგორი იქნება მათი კბილები გარკვეული პროცედურების შემდეგ.

ესთეტიკური სტომატოლოგია ახსენეთ, რას მოიცავს ეს მიმართულება?

კბილების მოწესრიგებას დაბერების საწინააღმდეგო, ე.წ. „ანტი-ეიჯინგ“ ეფექტი აქვს. ესთეტიკური სტომატოლოგია ფოკუსირებულია პიროვნების ღიმილის, კბილებისა და, ზოგადად, სახის ესთეტიკის გაუმჯობესებაზე. ხშირად, კბილების ფერის ან ფორმის შეცვლისას პაციენტს უჩნდება სურვილი, ცვლილებები სახეზეც ჩაიტაროს, მაგალითად, ნაოჭები გაისწოროს. ამიტომ ესთეტიკური მიმართულებით მათ ინიექციური კოსმეტოლოგიის მომსახურებებსაც ვთავაზობთ, მათ შორისაა ფილერი, ბოტოქსი, აპტოსის ძაფები და ა.შ.

მეტი გვიამბეთ გუნდზე, რომელიც Richter’s Clinic-ის მთავარ ბირთვს წარმოადგენს.როგორ უწყობს კომპანია ხელს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიულ განვითარებას?

ჩვენი გუნდი თავისი საქმის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. თვითონ მე სტომატოლოგიაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება მაქვს.

აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც თანამედროვე მეთოდების გამოყენებასა და ინოვაციების დანერგვას არ უფრთხიან. მათი შერჩევისას ამაზე დიდი ყურადღება გავამახვილეთ, რადგან გუნდში გვინდოდა ისეთი სპეციალისტები, რომლებიც მუდმივად მზად იქნებოდნენ განვითარებისთვის და ერთ ადგილზე არ გაჩერდებოდნენ.

„რიხტერის კლინიკის“ სპეციალისტები წელიწადში 4-5-ჯერ მაინც, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, გადიან გადამზადებას, ტრენინგებსა და მასტერკლასებს, ესწრებიან ლექციებს. ამ გზით ისინი თანამედროვე სტომატოლოგიის მიღწევებს ეცნობიან და შემდეგ ცდილობენ, ეს მიღწევები ჩვენთან დანერგონ.

 როგორია თქვენი კლინიკის სამომავლო გეგმები?

ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკის სამომავლო გეგმაა, სტომატოლოგიური ტურიზმის მიმართულებით გაფართოვდეს. ამისთვის კი საერთაშორისო პაციენტების მოზიდვაა საჭირო, რომლებიც ეძებენ მაღალი ხარისხის სტომატოლოგიურ მომსახურებას კონკურენტულ ფასებში. ჩვენ ვგეგმავთ, ჩამოვიყვანოთ ტურისტები მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან და შევთავაზოთ მათ ყოვლისმომცველი პაკეტები, რომლებიც მოიცავს როგორც მკურნალობას, ისე მოგზაურობის ორგანიზებასა და განთავსებას.

Richter’s Clinic-ი უკვე არაერთმა კმაყოფილმა უცხოელმა ვიზიტორმა დატოვა, რაც ჩვენს სამომავლო გეგმებს უფრო განამტკიცებს. ჩვენი გამოცდილი გუნდის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პაციენტების კმაყოფილების საფუძველზე ვიმედოვნებთ, რომ მოვიზიდავთ სტომატოლოგიურ ტურისტებს და ასევე ხელს შევუწყობთ ადგილობრივი ტურიზმის პოპულარიზაციას.

S