იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე

იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე

საქართველოში ინგლისური ენის შემსწავლელი ერთ-ერთი პირველი ცენტრი FLC ორმა ახალგაზრდა გოგონამ, ნინო თოროზაშვილმა და ნინო ჟამურიშვილმა, 2003 წელს დააფუძნა. მათი საქმიანი ტანდემი ინგლისელი მეცენატის, ჯონ კორლეტის ინიციატივით შედგა, რომლის სახელსაც დღეს ცენტრი ატარებს. სასწავლო ცენტრის სამომავლო გეგმებზე Forbes Georgia-ს მისი დამფუძნებლები ესაუბრნენ.

ცენტრის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს, პირველ რიგში მოგვიყევით, როგორ მოხდა თქვენი გადაკვეთა?

ნინო თოროზაშვილი: პროფესიით ორივე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალისტები ვართ და სხვადასხვა პროგრამაზე მუშაობის დროს სხვადასხვა გარემოში შევხვდით ინგლისელ მეცენატს – ბატონ ჯონ კორლეტს, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ბატონ ჯონს ინგლისში ჰქონდა სოციალური დახმარების ფონდი, რომლის მეშვეობითაც ეხმარებოდა გაჭირვებულ ოჯახებს, მარტოხელა დედებს საქართველოში. მას ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. ერთმანეთთან ჯონის ინიციატივით გადავიკვეთეთ და გადაწყდა, რომ ჩვენ ორს უნდა დაგვეარსებინა ჩვენი საოცნებო ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში, რაც იმ პერიოდისთვის თბილისში ახალი სიტყვა იყო. ასე დაიწყო ჩვენი საერთო საქმე და დიდი მეგობრობა.

ბიზნესი ორივესთვის უცხო სფერო იყო და არც ფინანსური რესურსი გაგაჩნდათ საქმის დასაწყებად, როგორ მოახერხეთ იდეის რეალობად ქცევა?

ჩვენს ასაკში და იმ დროს ქვეყანაში არსებულ ვითარებაში, როცა საერთო გაჭირვების ფონზე უცხო ენის შესწავლა არც ისე პოპულარული იყო, ბიზნესის დაწყება საკმაოდ ამბიციური იდეა გახლდათ. ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ გვქონდა და ამიტომ მანჩესტერში, იტონის ინგლისური ენის სკოლაში გავიარეთ ტრენინგი, სადაც გვასწავლიდნენ ცენტრის მართვისთვის საჭირო ყველა წვრილმანს და ზოგადად ბიზნესის მართვას, თუმცა საქართველოში დაბრუნებული, მივხვდი, რომ იქ მიღებული გამოცდილება აბსოლუტურად აცდენილი იყო ჩვენი ქვეყნის რეალობას. ამიტომ მარტივი არ იყო ამ ყველაფრის გაკეთება. რაც მთავარია, ცენტრის გასახსნელად არ გვქონდა შესაბამისი ფინანსური რესურსი, რის მოძიებაშიც ჯონმა უდიდესი როლი ითამაშა.

მიუხედავად ჩვენი ასაკისა, ის ხედავდა ჩვენში საკმარის პოტენციალს, სჯეროდა ჩვენი და ფიქრობდა, რომ მზად ვიყავით ბიზნესის დასაწყებად. ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ გავხსენით სკოლა და ასე დაიწყო ჩვენი ცენტრის ისტორია.

პირველივე ეტაპზე აამოქმედეთ გაცვლითი პროგრამა, რა შედეგი მოგცათ ამან ახალი მოსწავლეების მოზიდვის პროცესში?

ნინო ჟამურიშვილი: ოფიციალურად 2003 წლის 23 ნოემბერს ხუთი ბავშვით გავხსენით სკოლა, რასაც ბრიტანეთის ელჩი და სხვა დიპლომატები ესწრებოდნენ, დეკემბერში უკვე პირველი გაცვლითი პროგრამა ავამოქმედეთ და ჩვენი ხუთი მოსწავლე ჩრდილოეთ ინგლისში, მანჩესტერთან ახლომდებარე სკოლაში გავუშვით, სადაც ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ოჯახებში და სწავლობდნენ სკოლაში თანატოლებთან ერთად.

ერთი წლის თავზე იმხელა ინტერესი გაჩნდა ჩვენი სკოლის მიმართ, რომ შემდედგი წლის სექტემბერში უკვე დაახლოებით 70 ბავშვი გვყავდა. ჩვენთან ძალიან თბილი და ოჯახური გარემოა, დაარსებიდან დღემდე, წლების განმავლობაში მრავალი მოსწავლე სრულყოფილად დაეუფლა ჩვენს ცენტრში ინგლისურ ენას, ჩვენი ყოფილი მოსწავლეები დღეს ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში წარმატებით აგრძელებენ სწავლას. პირადად ჩვენ მაქსიმალურად ვართ ჩართული სწავლის პროცესში, ასე დავიწყეთ და გაფართოების პროცესში დავიმატეთ როგორც ქართველი, ისე უცხოელი პედაგოგები, დავამყარეთ ახალი კონტაქტები, ჩვენი პროექტები მოიცავს საზაფხულო სკოლებს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებსა და სკოლებთან, წელს, ივლისის თვეში ვიმყოფებოდით საზაფხულო სკოლაში ლონდონში, აგვისტოში კალიფორნიის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში, ამერიკაში. მოთხოვნის შესაბამისად ვიზრდებით, გვაქვს ახალი შენობა დავით გამრეკელის ქუჩაზე, სადაც უკვე ერთი წელია, გადმოვედით.

რატომ გადაწყვიტეთ, რომ წლების მერე სკოლას ჯონ კორლეტის სახელი ეტარებინა?

ნინო თოროზაშვილი: ჯონი, რომელიც ჩვენი მთავარი მოტივატორი იყო და ჩვენი თითოეული მიღწევით ძალიან ხარობდა, 2008 წელს გარდაიცვალა. მას მერე ჩვენი ცენტრი ჯონ კორლეტის სახელობისაა. ჯონს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი, ორივეს, პიროვნული და კარიერული ჩამოყალიბების პროცესში, თითოეული პატარა და დიდი გამარჯვებების დროს პირველ რიგში ვფიქრობთ, თუ როგორ იამაყებდა ის ჩვენით.

ძირითადად რა მიზნების მისაღწევად მოდიან თქვენთან მოსწავლეები?

ნინო ჟამურიშვილი: გვაქვს როგორც ზოგადად ენის შემსწავლელი კურსები, ასევე სხვადასხვა სასერტიფიკატო პროგრამა, როგორიცაა კემბრიჯის, TOEFL-ის IELTS და ა.შ. ვამზადებთ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის, რომლებიც უმაღლეს შედეგებზე გადიან.

ხშირია მოთხოვნა „სასაუბრო ინგლისურზე“, ენის შესწავლის პროცესში უფრო მეტად რა მიმართულებით აკეთებთ აქცენტს?

ჩვენთან სასწავლო პროცესი ხორციელდება მსოფლიოში აღიარებული და კარგად დამუშავებული კემბრიჯისა და ოქსფორდის პროგრამებით, სწავლება მიდის ოთხი მიმართულებით: მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი. გაკვეთილი ძირითადად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, კეთდება საინტერესო პროექტები, დაგეგმილი გვაქვს დისკუსიები სხვადასხვა სფეროს უცხოენოვან წარმომადგენლებთან, რაც კიდევ უფრო მეტად საინტერესოს და სახალისოს გახდის სასწავლო პროცესს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპისა და ამერიკის სკოლებსა და უნივერსიტეტებთან, მომავალში ჩვენი საკონსულტაციო ცენტრი დაეხმარება მოსწავლეებს უნივერსიტეტებისა და სკოლების სწორად არჩევასა და სწავლის გაგრძელებაში.

2000-იანი წლების დასაწყისში ქართული რეალობისთვის ძალიან იშვიათი იყო ქალი ბიზნესში, ამ გადმოსახედიდან, რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?

ნინო თოროზაშვილი: ჯონმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალური მზაობა გვქონოდა ბიზნესში შესასვლელად და ამ კონკრეტულ სფეროში წარმატების მისაღწევად, ცენტრის გახსნის მერეც მუდმივ კონტაქტზე იყო და სულ ვუზიარებდით ჩვენს თითოეულ პატარა წარმატებასაც კი, ჩვენი მხრივ, თავი არ დაგვიზოგავს და შედეგმაც არ დააყოვნა. როცა არსებობს მიზანი, რომლისკენაც შეუჩერებლად იწყებ სვლას, წარმატება გარდაუვალია. ვფიქრობთ, კარგი მაგალითი ვართ იმის, თუ როგორ შეიძლება, საკმაოდ პატარა ასაკში დაისახო მიზანი და ყოველგვარი რესურსის გარეშე, დიდი მონდომებითა და დაუღალავი შრომით მიაღწიო მას.

S