სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16.77 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 4.78 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (გაიზარდა 4.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11.99 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა (გაიზარდა 3.6 პროცენტით).
შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა დაახლოებით 7.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9 პროცენტია.
იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული: ყირგიზეთი (908.0 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (634.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (544.3 მლნ. აშშ დოლარი).
ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან იმპორტში 69.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.98 მლრდ. აშშ დოლარი), აშშ (1.37 მლრდ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1.31 მლრდ. აშშ დოლარი).
ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.0% შეადგინა. სამეულში არიან: თურქეთი (2.33 მლრდ. აშშ დოლარი), რუსეთი (1.83 მლრდ. აშშ დოლარი) და აშშ (1.47 მლრდ. აშშ დოლარი).