ამერიკულმა Forbes-მა 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში შემავალმა ცამეტმა ვარსკვლავმა, რომელთა შორის მუსიკოსები, მწერლები, სპორტსმენები თუ სხვა ცნობილი სახეები არიან, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში $1.196 მილიარდის გამომუშავება შეძლო – რაც 150%-იანი ზრდაა გასული წლის $470 მილიონთან შედარებით.
გარდაცვლილ ვარსკვლავთა ქონების ზრდის უდიდესი ნაწილი მაიკლ ჯექსონის შემოსავლებზე მოდის. პოპის მეფე რეიტინგის სათავეში გასულ წელს დაბრუნდა და ლიდერობა წელსაც შეინარჩუნა. თუ გასული წლის მონაცემებით, ჯექსონის მიერ მიღებული შემოსავალი $115 მილიონს უტოლდებოდა, 2024 წლის ანგარიშით, ეს მონაცემი, $600 მილიონამდეა გაზრდილი.
2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი გარდავლილი ვარსკვლავების რეიტინგში, გასული წლების მსგავსად, ასევე მოხვდნენ ფრედი მერკური, ბობ მარლი, ელვის პრესლი, უიტნი ჰიუსტონი. გარდაცვლილ შემსრულებელთათვის, შემოსავლის მთავარ წყაროდ მათი მუსიკალური კატალოგის შემოსავლები და საკუთრებაზე გარიგებები რჩება.
მიმდინარე წელს, ჯექსონის მიერ გამომუშავებული თანხის ზრდაზე დადებითად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახა, რომელმაც Sony-ისთვის პოპის მეფის კატალოგის მიყიდვის პროცესის გაგრძელების ნებართვა გასცა. Forbes-ის შეფასებით, 2009 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ჯექსონმა $3.3 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.
2020 წლის შემდეგ, დაახლოებით $250-მილიონიანი გამომუშავებით, Forbes-ის რეიტინგში დაბრუნდა ფრედი მერკური. მიმდინარე წლის ივნისში Queen-ის მუსიკალური კატალოგი, $1 მილიარდად, Sony-მ შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, გარიგებიდან მიღებული თანხა მერკურისა და ჯგუფის დარჩენილ სამ წევრს შორის, თანაბრად გადანაწილდა.
Forbes-ის წლევანდელ სიაში მოხვდა Friends-ის გარდაცვლილი ვარსკვლავი მეთიუ პერი. პოპულარული ამერიკული სიტკომიდან, პერი, მთავარი როლის შემსრულებელ სხვა მსახიობების მსგავსად ყოველწლიურად $18 მილიონის ჰონორარს გამოიმუშავებს.
მეთოდოლოგია: გამოცემის მიერ შედგენილი რეიტინგი მოიცავს გარდაცვლილი ვარსკვლავების მიერ მიღებულ შემოსავლებს გაყიდვებიდან, ლიცენზირების გარიგებებიდან, სტრიმინგიდან და ა.შ. შემოსავლები 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდშია დათვლილი. გარდა ამისა, Forbes-ის რეიტინგის შესადგენად გამოყენებულია Luminate-ის მონაცემები და ინტერვიუები ინდუსტრიის ინსაიდერებთან. აგენტების, მენეჯერებისა და იურისტების გადასახადი დაქვითული არ არის.
Forbes-ის 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- მაიკლ ჯექსონი – $600 მილიონი
- ფრედი მერკური – $250 მილიონი
- დოქტორი სიუზი – $75 მილიონი
- ელვის პრესლი – $50 მილიონი
- რიკ ოკასეკი – $45 მილიონი
- პრინსი – $35 მილიონი
- ბობ მარლი – $34 მილიონი
- ჩარლზ შულცი – $30 მილიონი
- მეთიუ პერი – $18 მილიონი
- ჯონ ლენონი – $17 მილიონი
- ჯეიმს ბრაუნი – $15 მილიონი
- არნოლდ პალმერი – $14 მილიონი
- უიტნი ჰიუსტონი – $13 მილიონი