ვილი სანიოლმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა

ვილი სანიოლმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ვილი სანიოლი ეროვნულ ნაკრებს 2028 წლის ჩათვლით გაწვრთნის. ფრანგ სპეციალისტთან ახალი კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაფორმდა.

სანიოლმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გაწვრთნა 2021 წლის თებერვალში დაიწყო. მისი მწვრთნელობის პერიოდში ჩატარებული 42 შეხვედრიდან ქართველებმა გამარჯვება 20 მატჩში იზეიმეს, 16 დაპირისპირებაში დამარცხდნენ, შესაბამისად, 6 შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და EURO 2024-ის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ახლა კი ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.

„მას შემდეგ, რაც ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, კიდევ ერთი მსგავსი ისტორიის დაწერა შეგვიძლია ახალ პროექტად მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგვიძლია და მსურს ამის ნაწილი ვიყო. საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ მქონია. საქართველოს ნაკრები უკვე ანგარიშგასაწევი გუნდია ევროპაში და ამას უნდა მივეჩვიოთ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის გაუმჯობესება. გვსურს იმ გამოცდილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც გასულ ზაფხულს არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მთელმა ქვეყანამ მიიღო“, – განაცხადა სანიოლმა.

ახალი კონტრაქტის ფინანსური დეტალები არ გასაჯაროებულა, თუმცა როგორც EURO 2024-ის მიმდინარეობისას Finance Football-მა დაწერა, იმ დროისთვის საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ხელფასი 200,000 ევროს შეადგენდა.