სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის III კვარტალის მიხედვით საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 204.4 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 597.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი წლიურად – 45%-It, მეორე შემთხვევაში კი 69.1%-ით გაიზარდა.
ამასთანავე, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 69.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 159.8 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი – 2.5-ჯერ, მეორე შემთხვევაში კი 3-ჯერ გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.46 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.6%-ით აღემატება. ცნობისთვის, აეროპორტებმა 1.21 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღო (21.2 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან 1.24 მილიონზე მეტი მგზავრი (20.1 პროცენტით მეტი) გაემგზავრა. ამავდროულად, სამგზავრო რეისების რაოდენობამ 9.5 ათასი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 15.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 6.3 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 88% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 12% – გაგზავნილი. აეროპორტებში 0.5 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 89.4%-ით აღემატება.