ოქტომბერში Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა 6.2%-ით შემცირდა

ოქტომბერში Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა 6.2%-ით შემცირდა

PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში, ამავე წლის სექტემბერთან შედარებით, Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 6.2%-ით შემცირდა. ოქტომბერში ვებგვერდზე მთლიანობაში 7,829 ვაკანსია გამოქვეყნდა.

2024 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით Jobs.ge-ზე საერთო ჯამში 47,685 ვაკანსია დაიდო. ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3.8%-ით აღემატება. თუმცა საანგარიშო პერიოდში გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა. მაისი-ოქტომბრის პერიოდში საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 3.9% შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.2 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება.

Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა

წყარო: PMCG

2024 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, 10,622 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია.

ამავე პერიოდში 8,497 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც წლიურ ჭრილში 1.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

8,066 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 13.7%-ით აჭარბებს.

Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა, კატეგორიების მიხედვით

წყარო: PMCG